ავტორის წინასიტყვაობა
საიდანაც ირკვევა, რომ ამბის გმირები, რომლებზედაც
პატივი გვაქვს მკითხველს მოვუთხროთ, არ არიან მითოლოგიურნი, თუმცა მათი სახელები „ოს“-ზე და „ის“-ზე ბოლოვდება.
დაახლოებით ერთი წლის წინათ, როცა სამეფო ბიბლიოთეკაში ლუდოვიკო მეთოთხმეტის ისტორიისთვის მასალებს ვეძებდი, შემთხვევით წავაწყდი „ბატონი დ’არტანიანის მოგონებებს“, რომელიც, ისევე, როგორც იმ დროის ნაწარმოებთა უმრავლესობა, როცა ავტორი, თუმცა სიმართლის თქმა კი სწადია, მაგრამ ცდილობს, თავიდან აიცილოს ამის შედეგად მცირე თუ დიდი ხნით ბასტილიაში ჯდომა, - დაბეჭდილი იყო ამსტერდამში, პიერ რუჟთან. სათაურმა მიმიზიდა. მემუარები ბიბლიოთეკის მცველის თანხმობით შინ წავიღე და გატაცებით დავეწაფე.
არ შევეცდები, დაწვრილებით განვიხილო ეს საინტერესო ნაწარმოები, მხოლოდ იმ მკითხველთ, რომელთაც წარსულის ფასი იციან, ვურჩევ, ყურადღებით გაეცნონ მათ.
ისინი ამ მემუარებში იპოვიან ხელოვანის ერთი ხელის მოსმით შექმნილ პორტრეტებს, და, თუმცა ეს ნაუცბათევი ჩანახატები უმეტეს შემთხვევაში შესრულებულია ყაზარმის კარებსა და სამიკიტნოს კედლებზე, მაინც შეიცნობენ მათში ლუდოვიკო მეცამეტეს, ანა ავსტრიელს, რიშელიეს, მაზარინის და იმ დროის სხვა დიდებულთ; სურათები ისევე ნამდვილია, როგორც ბ-ნი ანკეტილის1 თხზულებებში.
როგორც ცნობილია, მწერლის ახირებულ გონებას ხანდახან ის ააღელვებს, რაც მკითხველთა ფართო წრისთვის შეუმჩნეველია. მემუარების უკვე აღნიშნული ღირსებებით ისევე აღფრთოვანებულნი, როგორც უეჭველად აღფრთოვანდებიან სხვებიც, ჩვენ მაინც ყველაზე მეტად გაგვაოცა ერთმა გარემოებამ, რომლისთვისაც, ალბათ, ჩვენამდე არავის არავითარი ყურადღება არ მიუქცევია.
დ’არტანიანი იხსენებს, რომ, როცა პირველად გამოცხადდა მეფის მუშკეტერთა კაპიტანთან, ბატონ დე ტრევილთან, მის მისაღებ ოთახში შეხვდა სამ ახალგაზრდას, რომლებიც მსახურობდნენ იმ სახელოვან პოლკში, სადაც თავადვე სურდა ჩარიცხვის პატივი ჰქონოდა; და რომ მათ ერქვათ ათოსი, პორთოსი და არამისი.
გამოგიტყდებით, უცნობმა სახელებმა გაგვაოცა. მაშინვე გავიფიქრეთ, რომ ეს მხოლოდ ფსევდონიმებია, რომლითაც დ’არტანიანმა დაფარა ნამდვილი სახელები, შეიძლება ცნობილიც, თუკი ამ მეტსახელების მატარებელთ ისინი თავადვე არ აირჩიეს იმ დღეს, როცა თავიანთი თავნებობისა თუ განაწყენების ან კიდევ სიღარიბის გამო მუშკეტერის უბრალო მოსასხამი მოირგეს.
მას შემდეგ მოსვენება დავკარგეთ, ვცდილობდით, იმდროინდელ თხზულებებში წავწყდომოდით თუნდაც კვალს ამ არაჩვეულებრივი სახელებისას, რომელთაც ასეთი ცხოველი ინტერესი აღგვიძრეს.
მარტო იმ წიგნების ჩამონათვალი, რომელიც ამ მიზნით წავიკითხეთ, ალბათ მთელ თავს შეადგენდა, რაც ძალზე სასარგებლო, მაგრამ არცთუ საინტერესო იქნებოდა მკითხველისთვის. ამიტომ მხოლოდ ვეტყვით მათ, რომ იმ წუთს, როცა ასეთი ხანგრძლივი და უნაყოფო ძიებით გულდამძიმებულებმა გადავწყვიტეთ, თავი გაგვენებებინა კვლევისთვის, ჩვენი ცნობილი და სწავლული მეგობრის, პოლენ პარისის რჩევით მოვიძიეთ თაბახის ნახევარი ხელნაწერი, რომელიც მონიშნული იყო #4772 თუ 4773-ით, ზუსტად არ გვახსოვს და დასათაურებულია შემდეგნაირად: „გრაფ დე ლა ფერის მოგონებანი ზოგიერთ ამბავზე, რომელიც საფრანგეთში მოხდა ლუდოვიკო მეცამეტის მეფობის ბოლოს და ლუდოვიკო მეთოთხმეტის მეფობის დასაწყისში“.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაგვიხარდა, როცა ამ ხელნაწერის, ჩვენი უკანასკნელი იმედის, ფურცვლისას მეოცე გვერდზე აღმოვაჩინეთ ათოსის სახელი, ოცდამეშვიდეზე - პორთოსის, ხოლო ოცდამეთერთმეტეზე - არამისისა.
სავსებით უცნობი ხელნაწერის პოვნა იმ ეპოქაში, როცა ისტორიულმა მეცნიერებამ განვითარების ასეთ მაღალ საფეხურს მიაღწია, სასწაულად ჩავთვალეთ. ვიჩქარეთ მოგვეთხოვა მისი დაბეჭდვის ნებართვა, რათა ოდესმე სხვისი ტვირთით გამოვცხადებულიყავით წარწერათა და კაზმული სიტყვიერების აკადემიაში. თუ ვერ მოვახერხებდით - რაც ადვილი შესაძლებელია, - ფრანგულ აკადემიაში საკუთარი ტვირთით შევსულიყავით.
ჩვენს მოვალეობად მივიჩნიეთ გვეთქვა, რომ ამგვარი ნებართვა სიამოვნებით მოგვცეს, რასაც ასევე სიამოვნებით აღვნიშნავთ, რათა საჯაროდ ვამხილოთ ის არაკეთილმოსურნენი, რომელნიც ამტკიცებენ, თითქოს ჩვენი თანადროული ხელისუფლება მაინცდამაინც კეთილგანწყობილი არ არის ლიტერატორებისადმი.
ახლა მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ ამ ძვირფასი ხელნაწერის პირველ ნაწილზე, აღვუდგენთ შესაფერ სათაურს და პირობას ვიძლევით, თუ ის წარმატება ხვდა, რომელსაც იმსახურებს, და რაშიც ეჭვი არ გვეპარება, მაშინვე გამოვაქვეყნებთ მეორე ნაწილსაც.
ჯერჯერობით კი, რაკი მამობილი მეორე მამად ითვლება, მკითხველს ნებას ვაძლევთ, ჩვენში, და არა გრაფ დე ლა ფერში, ეძებოს კმაყოფილებისა თუ მოწყენის სათავე.
რაკი ყველაფერი დავადგინეთ, შევუდგეთ თხრობას.