ეს წიგნი ქალებზეა და
არა ალქაჯებზე... ჯონ აპდაიკს ბევრი თვით ამერიკაშიც კი, სიცოცხლეშივე, „გრაფომანს“ უწოდებდა - ბევრი წერა კარგია, მაგრამ ასეთი „პროდუქტიულობა“ უკვე „უხერხულიც“ კი არისო.
ამაში მხოლოდ აპდაიკის ოცდაათ რომანს და უამრავ მოთხრობას კი არ გულისხმობდნენ, არამედ მის მრავალრიცხოვან ლექსსა და თითქმის ყველა თემაზე დაწერილ ურიცხვ სტატიას პრესაში: ბეისბოლის ჩემპიონატის ანალიზით დაწყებული, ფერწერული გამოფენის ანგარიშით გაგრძელებული და მუსიკალურ სიახლეთა მიმოხილვით დასრულებული.
ბევრი დიდი მწერალი მოვიდა ლიტერატურაში პრესიდან და აქაც არაფერი იქნებოდა საოცარი, მაგრამ აპდაიკი ამ მრავალმხრივ მოღვაწეობას უკვე სახელგანთქმული და 70 წელს გადაცილებულიც ეწეოდა.
ალბათ ესეც იყო იმის მიზეზი, რომ მიუხედავად 19902000იანი წლების „უწიგნობისა“ და ყველაფრის „გაციფრულების“ ეპოქისა, აპდაიკი მაინც „კითხვად“ მწერლად რჩებოდა და არა მხოლოდ ამერიკაში.
საყურადღებოა, რომ სწორედ აპდაიკი იყო ის მწერალი, რომელმაც სასტიკად გაილაშქრა 2006 წელს „ნიუიორკ თაიმსის“ დამატებაში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, „გუგლის“ მიერ დაგეგმილი „უნივერსალური ბიბლიოთეკის“ წინააღმდეგ. სტატიის ავტორი ამბობდა: მართალია, მწერლები ვეღარ გაყიდიან თავიანთ წიგნებს, მაგრამ მათ შეეძლებათ ინტერნეტით უშუალო ურთიერთობა ჰქონდეთ მომხმარებლებთან, ან თვითონ წაიკითხონ ნაწარმოებები, ჩანაწერები განათავსონ და ამაში აიღონ ფულიო...
იმავე გამოცემის უახლოეს ნომერში აპდაიკი წერდა: „შემზარავი პერსპექტივაა... საკუთარი ნაწარმოებების შესრულება, უშუალო კონტაქტი ავტორთან, მკითხველის (ბოდიში, მომხმარებლის) ინდივიდუალური მომსახურება - ეს „პროგრესი“ იმ დროში დაგვაბრუნებს, როდესაც წერაკითხვა არ არსებობდა... როდესაც თუკი არქაულ ადამიანს კოცონთან სიმღერის მოსმენა მოუნდებოდა, მას ამის ნიჭის მქონე თანამოძმე მცირეოდენი გასამრჯელოს ფასად, ან სულაც კომბლის შიშით შეუსრულებდა“. შემდეგ ის ამბობს, რომ ლიტერატურაში მუშაობის პირველ 1520 წელიწადში ინტერვიუც კი არ მიუცია და წიგნის უკანა ყდაზე ავტორის ფოტოს დაბეჭდვაც არასწორად მიაჩნდა, რადგან მწერალმა მკითხველთან მხოლოდ ლიტერატურული ტექსტის საშუალებით უნდა ისაუბროსო.
წიგნისადმი ასეთი „ძველმოდური“ დამოკიდებულების მიუხედავად, აპდაიკი ყოველთვის ფეხს უწყობდა დროს და რადგან ხვდებოდა, რომ მხატვრულ ნაწარმოებთა სცენასა თუ ეკრანზე გადატანა პოპულარობასთან ერთად, ზოგადად, მკითხველს უმრავლებდა კარგ ლიტერატურას, ყოველთვის სიამოვნებით თანხმდებოდა ამაზე.
1970 წლიდან მოყოლებული, როდესაც მისი ალბათ ყველაზე პოპულარული რომანი - „ბაჭია, გაიქეცი!“ ჯეკ სმაიტმა ფილმად აქცია, კიდევ 9ჯერ მოხდა აპდაიკის რომანების ეკრანიზაცია და საყოველთაო აღიარებით, სწორედ წინამდებარე რომანის მიხედვით გადაღებული „ისთვიქელი ალქაჯები“ საუკეთესოა მათ შორის.
თვით ამ რომანის პოპულარობაც ბევრად განაპირობა პირველი ხარისხის კინოვარსკვლავების: შერის, სუზან სარანდონის, მიშელ პფაიფერისა და ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით გადაღებულმა ფილმმა. მრავალ ქვეყანაში (იქნებ ჩვენშიც) ბევრმა სწორედ კინოეკრანიდან გაიგო აპდაიკის შესახებ, მაგრამ თვითონ მწერალს საშინლად არ მოსწონდა ეკრანიზაცია - პრემიერის შემდეგ ნაწყენმა განაცხადა: ფილმის შემქმნელებმა უბრალოდ დაივიწყეს ჩემი წიგნიო...
ალბათ ამ წყენის შედეგი იყო, რომ ამის შემდეგ ერთადერთი რომანი, რომელიც მოასწრო და სიცოცხლეშივე დაწერა და დაბეჭდა, „ისთვიქელი ალქაჯების“ გაგრძელება - „ისთვიქელი ქვრივები“ იყო, სადაც მობერებული და დაქვრივებული მთავარი გმირები, რომელთაც დაკარგეს ჯადოუნარები, ისთვიქში ბრუნდებიან. ამით მწერალს იმის „დაბრუნება“ უნდოდა, რის „წართმევასაც“ საყვედურობდა ფილმის შემქმნელებს: მე რიგით ამერიკელთა ამქვეყნიურ ცხოვრებასა და დარდებს აღვწერდი, ფილმის ავტორებმა კი აქცენტი მისტიკურ სიუჟეტზე გადაიტანესო.
ასეთია თვით ავტორის აზრი და, მკითხველო, თუკი რომელიმე თქვენგანი იფიქრებს, რომ რაკი ფილმი ნანახი აქვს, ამ რომანის წაკითხვა ზედმეტია, ღრმად შეცდებით - არა იმიტომ, რომ ფილმი ცუდია (მსახიობთა იმ თანავარსკვლავედის გამო, ეს შეუძლებელი იქნებოდა), არამედ იმიტომ, რომ ის სხვაა და წიგნი - სხვა.
სხვათა შორის, მიუხედავად „ჯადოქრული რომანის“ ავტორობისა, აპდაიკი თანამედროვე ამერიკის „ყველაზე ქრისტიან“ მწერლად იყო აღიარებული და თვითონ ძალიან ამაყობდა ამით, თუმცა აღნიშნავდა: „მე დავდივარ ეკლესიაში... მაგრამ ვხედავ წინააღმდეგობას ღმერთსა და მის შექმნილ სამყაროს შორის. ამიტომ სხვაზე მეტად თავისუფალი უნდა ვიყო, რათა აღვწერო ის, რასაც ვხედავ“.
ძალიან „ამერიკულად“ ჟღერს ეკლესიასთან დაკავშირებული მისი კიდევ ერთი ფრაზა: „ზოგიერთი ადგილი ძალიან უწყობს ხელს შთაგონებას - მაგალითად, ავტომობილი და ეკლესია. ე. ი. ის ადგილები, სადაც განმარტოებაა შესაძლებელი“.
ასე რომ, იმ ქართველ მკითხველს, ვინც რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე „უფრთხის“ ამ რომანის წაკითხვას (დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთებიც არიან), თამამად შეუძლია გადაშალოს წიგნი და თითქმის ასი წლით ადრე დაწყებული „ამერიკული რომანის“ ეპოქის „უკანასკნელი მოჰიკანის“ პროზას ეზიაროს, რადგან როგორც ერთმა კრიტიკოსმა უწოდა „ისთვიქელ ალქაჯებს“, ეს არის „ფსიქოლოგიური რომანი მისტიკის შუქჩრდილებით“ და იქვე წერდა:
„აპდაიკმა დაწერა არა მისტიკური რომანი, არამედ ბრწყინვალე ფსიქოლოგიური გამოკვლევა. თუმცა „ისთვიქელი ალქაჯები“ ყველა ასპექტში მშვენიერია - როგორც საინტერესო ამბავი; როგორც წიგნი, რომელიც ქმნის განწყობას და ასევე