ნაწილი I - თავი პირველი ამერიგო ბონასერა ნიუ-იორკის ნომერ მე-3 კრიმინალური სასამართლოს დარბაზში იჯდა სამართლიანი განაჩენის მოლოდინში; საკადრისი უნდა მიეზღო მათთვის, ვინც მისი ქალიშვილი სასტიკად დაასახიჩრა გაუპატიურების მცდელობისას.
მოსამართლემ, უხეში გარეგნობის მოსულმა კაცმა, შავი მანტიის სახელოები აიკაპიწა, თითქოსდა საკუთარი ხელით აპირებდა ორი ახალგაზრდა კაცის ფიზიკურ დასჯას, საბრალდებო სკამზე რომ ისხდნენ. მოსამართლის ყინულივით ცივი გამომეტყველება მედიდურ ზიზღს გამოხატავდა, მაგრამ ამაში რაღაც სიყალბე იყო, რომელსაც ამერიგო გრძნობდა, თუმცა ბოლომდე ვერ აცნობიერებდა.
- თქვენ პირწავარდნილი დეგენერატებივით იქცეოდით, - წარმოთქვა მოსამართლემ ხისტად.
„დიახ, დიახ, - გაიფიქრა ამერიგო ბონასერამ, - მხეცები, მხეცები“. ორ ახალგაზრდა კაცს მოკლედ შეკრეჭილი მბზინავი თმა ჰქონდა, პირი სუფთად გაეპარსათ. ორივემ მორჩილად დახარა თვალები და თავი ჩაქინდრა.
მოსამართლემ განაგრძო:
- თქვენ მხეცებივით იქცეოდით და ბედი თქვენი, რომ საბრალო გოგონა არ გააუპატიურეთ, თორემ ოცი წლით ციხეში გიკრავდით თავს.
მოსამართლემ პაუზა გააკეთა, დაბანჯგვლული წარბების ქვეშ თვალები ეშმაკურად დააკვესა, დაღვრემილ ამერიგო ბონასერას მზერა სტყორცნა და მერე ქაღალდებს ჩააშტერდა. ცოტა ხნის შემდეგ თავი ასწია, შეწუხებული სახე მიიღო, მხრები აიჩეჩა, აქაოდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვმოქმედებო.
- მაგრამ ვითვალისწინებ რა თქვენს ახალგაზრდა ასაკს, უმწიკვლო წარსულსა და თქვენი ოჯახების შეუბღალავ რეპუტაციას, და რადგან მისი უდიდებულესობა სამართალი შურისგებას არ ეძიებს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთას გისჯით, სასჯელის პირობითი მოხდით.
მხოლოდ და მხოლოდ მესაფლავის ორმოცწლიანმა პროფესიულმა გამოცდილებამ მისცა საშუალება ამერიგო ბონასერას, რომ გამაოგნებელი იმედგაცრუება დაეფარა და სახე სიძულვილისგან არ მოღრეცოდა. მისი ქალიშვილი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია მოტეხილი ყბით და ამ მხეცებს კი უკვე ათავისუფლებენ? ეს ნამდვილი ფარსია! ბონასერა უყურებდა, როგორ შემოეხვივნენ ბედნიერი მშობლები ძვირფას ნაშიერებს. ოო, ახლა ისინი ნამდვილად ბედნიერები არიან, იღიმებიან...
ბონასერას ყელში შავი ნაღველი შემოაწვა და კბილებშუა გამოჟონა. ჯიბიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო და ტუჩებზე მიიდო. იდგა და უყურებდა ორ ნაძირალას, რომლებიც თავდაჯერებულნი, გაღიმებულნი მიაბიჯებდნენ გასასვლელისკენ, - ისე ჩაუარეს, ზედაც არ შეხედეს. ბონასერას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ცხვირსახოცი უფრო მაგრად მიიჭირა ტუჩებზე.
შემდეგ იმ მხეცების მშობლებმა ჩაუარეს, - ორმა მამაკაცმა და ორმა ქალმა. მისი ასაკისანი იყვნენ, ოღონდ ჩაცმულობით უფრო მეტად ჩამოჰგავდნენ ნამდვილ ამერიკელებს. ამერიგოს დარცხვენით შეხედეს, მაგრამ მათ მზერაში უცნაური ზიზღიც გამოკრთა, - ზიზღი გამარჯვებულისა დამარცხებულის მიმართ.
ბონასერამ წონასწორობა დაკარგა და უხეშად მიაძახა:
- თქვენი დროც დადგება, თქვენც ატირდებით ჩემსავით! აგატირებთ, როგორც თქვენმა შვილებმა ამატირეს!
და ცხვირსახოცი თვალებზე მიიდო. ადვოკატები თავიანთ კლიენტებს გასასვლელისკენ უბიძგებდნენ, თანაც თვალს არ აშორებდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც მშობლების დასაცავად მობრუნდნენ. ზორბა ტანის ბეილიფი სასწრაფოდ ჩადგა გასასვლელში, ბონასერას წინ, გზა გადაუკეტა, თუმცა ეს არც იყო აუცილებელი.
მრავალი წლის განმავლობაში, რაც ამერიკაში გაატარა, ამერიგო ბონასერას სჯეროდა კანონისა და წესრიგის და ამიტომაც მიაღწია წარმატებას, მაგრამ ახლა გონება შურისძიების სურვილმა დაუბინდა. წარმოიდგინა, როგორ ყიდულობს პისტოლეტს და კლავს ორ ნაძირალას, თუმცა მაინც ეყო თავშეკავება, ცოლისკენ შებრუნებულიყო, რომელსაც ჯერ ვერ გაეგო, რა მოხდა, და აუხსნა: „გაგვაბითურეს“. შემდეგ პაუზა გააკეთა და დაასკვნა: „სამართლის საპოვნელად დონ კორლეონეს უნდა დავუჩოქოთ“.
წითელ სავარძელზე გადაწოლილი ჯონი ფონტეინი შოტლანდიურ ვისკის პირდაპირ ბოთლიდან სვამდა, დროდადრო ცივ წყალს აყოლებდა ყინულის ნატეხებით სავსე ბროლის მაღალი ჭიქიდან. დილის ოთხი საათი იყო. მის გონებაში ნამთვრალევი ფანტაზიები ირეოდა, - წარმოიდგინა, როგორ მოკლავს თავის მემრუშე ცოლს, როცა სახლში დაბრუნდება, თუკი ოდესმე დაბრუნდება. ძალზე გვიან იყო პირველ ცოლთან დასარეკად, ბავშვების მოსაკითხად. რომელიმე მეგობართან დარეკვა კი ამ სიტუაციაში, როცა მისი საქმე სულ უფრო და უფრო უკან მიდიოდა, უბრალოდ, უაზრობა გახლდათ. თავის დროზე სიხარულისგან გაგიჟდებოდნენ, დილის ოთხ საათზე რომ დაერეკა მათთვის, არადა ახლა აღარც კი მალავენ, - მასთან ურთიერთობა მოსწყინდათ. გასაღების წკარუნი გაიგონა, მაგრამ ვისკის წრუპვა გააგრძელა, სანამ ცოლი ოთახში არ შემოვიდა და მის წინ არ გაჩერდა. მშვენიერი, ანგელოზისდარი სახე, ცოცხალი, ცისფერი თვალები, სუსტი, მაგრამ სრულყოფილად ჩამოქნილი სხეული ჰქონდა. მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი მამაკაცი ეტრფოდა მარგარეტ აშტონის სილამაზეს და ფულს იხდიდა, ეკრანზე რომ ეხილა.
- სად ჯანდაბაში დაეთრეოდი? - უღრიალა ჯონიმ.
- ვჟიმაობდი, - უპასუხა ქალმა.
მარგარეტი აშკარად შეცდა ქმრის სიმთვრალის დონის შეფასებაში. ჯონი კოქტეილის მაგიდას გადაევლო და ყელში სწვდა, მაგრამ მომნუსხველი სახისა და მშვენიერი ცისფერი თვალების სიახლოვემ ბოღმა გაუნელა და განაიარაღა. თუმცა ამ დროს ქალმა ახალი შეცდომა დაუშვა,