თავი პირველი ინგლისელები და ფრანგები
დანიშნულ დროს მეგობრები, ოთხივე მსახურის თანხლებით, ლუქსემბურგის სასახლის უკან, მინდორზე გამოცხადდნენ, სადაც თხები ბალახს ძოვდნენ. ათოსმა ფული აჩუქა მწყემსს, რომ თავიდან მოეცილებინა, ხოლო მსახურებს უბრძანა, დარაჯებად დამდგარიყვნენ.
ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა მდუმარედ მომავალ ინგლისელთა ჯგუფი. ისინიც მუშკეტერებს შეუერთდნენ, რასაც, ინგლისური ჩვეულების მიხედვით, ურთიერთგაცნობა მოჰყვა.
წარჩინებული წოდების ინგლისელები მოწინააღმდეგეების უცნაურმა სახელებმა არა მარტო განაცვიფრა, არამედ დააფიქრა კიდეც.
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ამხანაგები უკვე წარმოგვიდგინეთ, - მიმართა ლორდმა უინტერმა დ’არტანიანს, - ჩვენ მაინც არ ვიცით, ვინ ბრძანდებით, და არ შეგვიძლია შევებრძოლოთ ასეთი გვარების პატრონთ, ეს უბრალო მწყემსების სახელებია.
- მგონი, თვითონაც ხვდებით, ბატონო ჩემო, რომ ეს სახელები მხოლოდ გამოგონილია, - თქვა ათოსმა.
- მით უფრო მეტად გვსურს, გავიგოთ მოწინააღმდეგეთა ნამდვილი ვინაობა, - უპასუხა ინგლისელმა.
- ამას წინათ ორი ცხენი რომ მოგვიგეთ, კარგად იკადრეთ ჩვენთან თამაში, ისე რომ, არც კი მოგგონებიათ ჩვენი ვინაობის გამოკითხვა, - შენიშნა ათოსმა.
- ეგ მართალია, მაგრამ იქ საქმე შეეხებოდა ფულს, აქ კი განსაცდელში ვაყენებთ ჩვენს სიცოცხლეს. ადამიანი შეიძლება განურჩევლად ეთამაშოს ყველას, მაგრამ საბრძოლველად მხოლოდ თავის თანასწორთან გადის.
- მართალია, - თქვა ათოსმა და ხელი მოჰკიდა იმ ინგლისელს, რომელსაც თვითონ უნდა შეჰბრძოლებოდა, გვერდზე გაიყვანა და ჩუმად თავისი გვარი უთხრა.
ასევე მოიქცნენ პორთოსი და არამისიც.
- დაკმაყოფილდით? - მიმართა მოწინააღმდეგეს ათოსმა, - საკმარისად დიდებულად მცნობთ, რომ პატივი მცეთ და ხმალი გადამიჯვარედინოთ?
- დიახ, ბატონო, - მიუგო ინგლისელმა და თავი მდაბლად დაუკრა.
- ძალიან კარგი! თუ გნებავთ, ერთ რამეს კიდევ მოგახსენებთ, - განაგრძო ცივად ათოსმა.
- რას ბრძანებთ?
- ძალიან კარგს იზამდით, არ დაინტერესებულიყავით ჩემი ნამდვილი გვარის გაგებით.
- ეგ რატომ?
- იმიტომ, რომ ყველას მკვდარი ვგონივარ და არ მინდა იცოდნენ ჩემი არსებობა, ასეთი სურვილისათვის მე საკმაოდ შესაწყნარებელი მიზეზები მაქვს, ხოლო ყოველივე ამის შემდეგ, იძულებული ვიქნები, აღარ დაგინდოთ. არ მინდა, ქვეყანას მოეფინოს ჩემი საიდუმლო.
ინგლისელი ათოსს დააცქერდა, ეგონა, მეხუმრებაო, მაგრამ ხუმრობის გუნებაზე არ გახლდათ მუშკეტერი.
- აბა, ბატონებო, მზად ვართ თუ არა? - მიმართა ათოსმა მტრებსაც და მეგობრებსაც.
- დიახ! - უპასუხეს ერთხმადვე ინგლისელებმა და ფრანგებმა.
- მაშ, დავიწყოთ.
ჩამავალ მზის სხივებში იმ წუთშივე შეითამაშა რვა ხმალმა და საშინელი მძვინვარებით დაიწყო ბრძოლა ადამიანებს შორის, რომელთაც ერთმანეთთან ორმაგი მტრობა ჰქონდათ, - პირად შეურაცხყოფას ეროვნული მტრობაც ემატებოდა.
ათოსი ისე დინჯად და წესების ზუსტი დაცვით იბრძოდა, თითქოს საფარიკაო დარბაზში ყოფილიყო.
პორთოსისათვის, ეტყობოდა, კარგი გაკვეთილი მიეცა შანტილში მიღებულ ჭრილობებს, ამიტომ მეტად ფრთხილად და მოხერხებულად ათამაშებდა ხმალს.
არამისი, რომელსაც დასამთავრებელი ჰქონდა თავისი პოემის მესამე თავი, ცდილობდა, მალე მოეღო ბოლო ამ დუელისათვის.
პირველად ათოსმა მოკლა ინგლისელი, მხოლოდ ერთხელ ჩაჰკრა, მაგრამ, როგორც თვითონ დაემუქრა, სასიკვდილოდ გაუგმირა გული.
მეორედ პორთოსმა დასცა მოწინააღმდეგე, რომელმაც ბარძაყში მიღებული ჭრილობის გამო წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო და თავისი ხმალი პორთოსს გადასცა. გამარჯვებულმა მუშკეტერმა ინგლისელი ხელში აიყვანა და თავის ეტლში ჩასვა.
არამისმა ისე მაგრად შეუტია მოწინააღმდეგეს, რომ ორმოცდაათიოდე ნაბიჯით უკან დახევის შემდეგ აიძულა, მთელი სისწრაფით მოეკურცხლა. მსახურებმა გაქცეული ყვირილითა და სტვენით გააცილეს.
რაც შეეხება დ’არტანიანს, მან სულ უბრალო თამაშად გაიხადა ეს დუელი, და როდესაც შეატყო, რომ მოწინააღმდეგე მოიქანცა, ენერგიული დარტყმით ხმალი ხელიდან გააგდებინა. უხმლოდ დარჩენილმა ბარონმა ორი-სამი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ უცებ ფეხი დაუსხლტა და მიწაზე პირაღმა გაიშხლართა.
დ’არტანიანი იმ წუთშივე მასთან გაჩნდა, ხმალი ყელზე დაადო და უთხრა:
- ჩემს ხელთ ბრძანდებით, ბატონო, შემიძლია აქვე გაგათავოთ, მაგრამ თქვენი დის სიყვარულით მომინიჭებია თქვენთვის სიცოცხლე.
აღტაცებული იყო დ’არტანიანი, საზღვარი აღარ უჩანდა მის სიხარულს, ხორციელდებოდა გასკონელის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმა.
ასეთი ზრდილი და კეთილშობილი მტრით აღტაცებულმა ინგლისელმა დ’არტანიანი გულში ჩაიკრა და მუშკეტერს ათასი საალერსო სიტყვა უთხრა.
რაკი პორთოსის მიერ დაჭრილი ინგლისელი ეტლში იჯდა, ხოლო არამისის სამარცხვინოდ გაქცეულ მოპირდაპირეს გზა აემტვერებინა, ყველას ყურადღება მოკლულმა მიიქცია.
პორთოსი და არამისი ტანისამოსს ხდიდნენ უბედურს, იმედი ჰქონდათ, იქნებ სასიკვდილო არ გამომდგარიყო ჭრილობა. ინგლისელს ქამარში ჩამაგრებული დიდი ქისა გადმოუვარდა. დ’არტანიანმა მაშინვე აიღო და ლორდ უინტერს გაუწოდა.
- რა ეშმაკად მინდა, მე რომ მაძლევთ მაგ ქისას? - გაიკვირვა ინგლისელმა.
- ამ უბედურის ცოლ-შვილს გადასცემთ, - უპასუხა დ’არტანიანმა.
-