თავი პირველი
ჯონათან ჰარკერის დღიური
(სტენოგრაფიული ჩანაწერი)
3 მაისი. ბისტრიცა.
მიუნხენი 1-ელ მაისს, საღამოს 8 საათსა და 35 წუთზე დავტოვე და ვენაში მეორე დღეს, დილით ადრე ჩავედი; 6 საათსა და 46 წუთზე უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ მატარებელმა ერთი საათით დაიგვიანა. ბუდაპეშტი, მე მგონი, საოცრად ლამაზი ქალაქია; ყოველ შემთხვევაში, ვაგონის ფანჯრიდან დანახულმა ხედებმა და ქუჩებში მცირე გასეირნებამ ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა. მეშინოდა, ვაგზალს დიდად არ დავშორებოდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დასავლეთი დავტოვეთ და აღმოსავლეთში აღმოვჩნდით, ხოლო დუნაის შესანიშნავი ხიდებიდან ყველაზე დასავლეთით მდებარემ, სადაც მდინარე ძალზე განიერი და ღრმაა, შემახსენა, რომ თურქეთის მმართველობას მივუახლოვდით. დროულად გამოვედით და კლაუზენბურგში ნაშუაღამევს ჩავაღწიეთ. ღამის გასათევად სასტუმრო „როიალში“ გავჩერდი. სადილზე, ან უფრო სწორად, ვახშამზე წითელი წიწაკით რაღაც ორიგინალურად შეკაზმული წიწილა მომიტანეს - მშვენიერი კერძი, თუმცა ძლიერ მომაწყურა.
(შენიშვნა: რეცეპტი აუცილებლად უნდა ჩავიწერო მინასთვის).
იმ დასკვნამდე მივედი, რომ როგორი მწირიც უნდა ყოფილიყო ჩემი განსწავლულობა გერმანულ ენაში, მან მაინც დიდი სამსახური გამიწია. არ ვიცი, მის გარეშე რა მეშველებოდა. ლონდონში ჩემი უკანასკნელი ყოფნის დროს თავისუფალი დროით ვისარგებლე და ბრიტანეთის მუზეუმს ვეწვიე, სადაც ტრანსილვანიის ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნებსა და ატლასებში ვიქექებოდი; ვფიქრობდი, რომ შემდგომ, ამ ქვეყნის მაგნატებთან ჩემი ურთიერთობისას შესაძლოა, ყველა წვრილმანი გამომდგომოდა. გავარკვიე, რომ ოლქი, რომელიც მე მაინტერესებდა, ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობდა, სამი ოლქის - ტრანსილვანიის, მოლდავეთისა და ბუკოვინის შესაყარზე, კარპატების მთებს შორის; დავრწმუნდი, რომ ეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ველური და ნაკლებად ცნობილი ნაწილია და ვერავითარი გეოგრაფიული რუკა და სხვა წყარო ვერ დამეხმარებოდა „დრაკულას ციხესიმაგრის“ ადგილმდებარეობის დადგენაში, რადგანაც დღემდე არ არსებობს ამ ოლქის დეტალური გეოგრაფიული რუკა, მაგრამ მაინც მოვახერხე დამედგინა, რომ გრაფ დრაკულას მიერ მოხსენიებული საფოსტო ქალაქი ბისტრიცა ნამდვილად არსებობს. აქ რაღაც შენიშვნებზე გავამახვილებ ყურადღებას, რათა შემდგომ, როდესაც მინას ვუამბობ ამ მხარეში ჩემი მოგზაურობის შესახებ, მეხსიერებაში სრულად აღვადგინო ჩემ მიერ ნანახი. ტრანსილვანია დასახლებულია ოთხი სხვადასხვა მოდგმის ხალხით. აქ ცხოვრობენ: საქსონელები - ჩრდილოეთით, ვლახები - სამხრეთით, მადიარები - დასავლეთით და სეკლერები - აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით. მე ამ უკანასკნელთა შორის ვარ. ისინი ამტკიცებენ, რომ ატილასა და ჰუნების შთამომავლები არიან. შესაძლოა, ასეც არის, რადგან ხი საუკუნეში, როდესაც მადიარებმა ეს ქვეყანა დაიპყრეს, იგი მთლიანად ჰუნებით იყო დასახლებული.
სადღაც ამოვიკითხე, რომ კარპატების მთებში შეიქმნა მთელი მსოფლიოს ცრუმორწმუნეობრივი გადმოცემები და ლეგენდები, რომ თითქოს აქ არის ბობოქარი ფანტაზიის ცენტრი; თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ აქ ძალიან საინტერესო თავგადასავლები მელის.
(შენიშვნა: გრაფს უნდა ვკითხო ამის შესახებ).
ცუდად მეძინა, თუმცა საკმაოდ მოხერხებული საწოლი მქონდა; რაღაც საშინელ სიზმრებს ვხედავდი. მთელი ღამე ჩემს ფანჯარასთან ძაღლი ყმუოდა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონია კიდეც ამ სიზმრებზე, ანდა შეიძლება ყველაფერი „პაპრიკას“ ბრალია, რადგან, თუმცა კი მთელი გრაფინი წყალი დავლიე, წყურვილი მაინც ვერ დავიოკე. გამთენიისას, როგორც ჩანს, ღრმად ჩამეძინა, რადგანაც ჩემს გასაღვიძებლად ნახევარი საათი გაშმაგებით აკაკუნებდნენ კარზე. საუზმედ ისევ „პაპრიკა“ მომართვეს, შემდეგ სიმინდის ფქვილის განსაკუთრებული შეჭამანდი, ეგრეთ წოდებული „მამალიგა“ და კვერცხისმაგვარი ნაყოფები - დემიანკა, წვრილად დაკეპილი ხორცით გამოტენილი - მშვენიერი კერძი, რასაც „იმპლეტატა“ ეწოდება.
(შენიშვნა: ეს რეცეპტიც აუცილებლად უნდა მოვიპოვო).
სწრაფად უნდა მესაუზმა, რადგან მატარებელი მალე გავიდოდა - 8 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე; უფრო სწორად, ამ დროს უნდა გასულიყო, მაგრამ როცა სადგურში 7 საათსა და 30 წუთზე მივირბინე და ვაგონში ჩავჯექი, გაირკვა, რომ მატარებელი ცხრის ნახევრამდე არ დაიძვრებოდა. ჩემი აზრით, რაც უფრო აღმოსავლეთით მივიწევთ, მით უფრო არაპუნქტუალურები ხდებიან მატარებლები. წარმომიდგენია, რა ხდება ამ მხრივ ჩინეთში...
მთელი მომდევნო დღის მანძილზე ბუნების ლამაზი სურათების ცქერით ვტკბებოდი, რომლებიც ჩვენს თვალწინ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. გზაზე ხან პატარა ქალაქები და ციცაბო ფერდობებზე შეფენილი ციხესიმაგრეები გვხვდებოდა, რომლებიც ძალზე ჰგავდნენ წმინდა წერილის ძველი წიგნების გრავიურებს, ხან ბობოქარი ნაკადულები და მდინარეები, ქვის თეთრი ნაპირები არშიებივით რომ ჰქონდათ შემოვლებული. ყოველ სადგურზე ნაირფერად ჩაცმულ ხალხის მასას მოეყარა თავი.
საღამოს, ბოლოს და ბოლოს, ბისტრიცამდე ჩავაღწიეთ. იგი ძალზე საინტერესო ძველი ქალაქი აღმოჩნდა.
გრაფმა დრაკულამ თავის წერილებში სასტუმრო „ოქროს გვირგვინი“ მირჩია. იგი, ჩემდა სასიხარულოდ, ძველებურ სტილში ნაგები აღმოჩნდა; ჩემი დიდი სურვილი გახლდათ მენახა ყველაფერი, რასაც შეეძლო სწორი წარმოდგენა შეექმნა ჩემთვის ქვეყნის შესახებ. აქ, როგორც ჩანდა, მელოდნენ, რადგან კარიდან მხიარული შესახედაობის ხნიერი