ცისფერი მთები წიდასფერ კალოზე მოტობურთს თამაშობენ. უზარმაზარ ბურთს დააფხოკიალობენ მოტომხედრები წინ და უკან. წიდასფერი მტვერი, დამწვარი აირი ადის ბოლქვა-ბოლქვად და ცხელ ჰაერში იფანტება. წითელი და თეთრი ალმებით აღჭურვილი რეფერი თავმოძულებული დარბის ატკაცუნებულ მანქანებში. ბადურა ღობის იქით, შარაზე ავტომანქანები ჩერდებიან. დასიცხული მძღოლები და მგზავრები იხედებიან სარკმლებიდან და გულგრილად უყურებენ მოტობურთს. ცოტა ხანს დგანან და მიდიან, ახლადშემოსწრებულთ უთმობენ ადგილს.
მოედნის იქით ხევია. ხევს იქით რკინიგზის მიწაყრილი. მტვრითა და დამწვარი საწვავის ბოლით გაცრეცილ ნისლში იკვეთება ქალაქის ახალი გარეუბნის ერთფეროვანი, მაღალი სახლების კონტურები. ხელმარჯვნივ უბადრუკი ნაგებობანი და ოცდაათიან წლებში ფსევდოკლასიკური სტილით აგებული შენობა ჩანს.
გრენლანდიის პირქუში პეიზაჟი. ლაჟვარდისფერი გლეტჩერი გადამხობია ცივი ოკეანის ნაპირს. გლეტჩერს იქით ცისფერგადაკრული ყინულოვანი ველია. ყინულის ხორგთან თეთრი დათვი უნდა იყოს დაყუნცული. მოოქროვილ, იმჟამად ფერდაკარგულ, ჩარჩოში ჩასმული უზარმაზარი ფერწერული ტილოს „გრენლანდიის პეიზაჟის“ ქვეშ დგას დაფიქრებული ვასო ჩორგოლაშვილი, კირის ნამცეცებით დაფარულ მაუდგადაკრულ მაგიდას დასჩერებია გაკვირვებული, მწვანე მაუდს სულს უბერავს, ასუფთავებს, გაზეთებს ილაგებს წინ; ჭილის შლიაპას კიდებს საკიდზე, ცხვირსახოცით მელოტ თავს და დაღარულ შუბლს იმშრალებს, ზევით იხედება, „გრენლანდიას“ ათვალიერებს, სურათიდან გადააქვს მზერა ფანჯარაზე, საიდანაც ბოლქვა-ბოლქვად ავარდნილ მტვერსა და აირში გახვეული წიდასფერი მოედანი და მოტობურთი ჩანს. ლანდებივით დაქრიან მოტომხედრები, წითელი და თეთრი ალმებით აღჭურვილ, თავმოძულებულ რეფერს უვლიან თითქოს გარს.
ფსევდოკლასიკური შენობის საიმედოდ დაგმანულ ფანჯრებში მანქანების ხმაური და ქალაქის შორეული ჟრიალი არ შემოდის. კონდენშეინერი შიშინებს დაგუდულად და დერეფანში მიმავალ-მომავალი თანამშრომლების ნაბიჯების ხმა ისმის მხოლოდ. წიდასფერ კალოზე კი უხმო მოტობურთია. ბადურა ღობესთან გავარვარებული ავტომანქანები დგანან, დასიცხული მგზავრები იხედებიან სარკმლებიდან, უყურებენ უჩვეულო თამაშს და მალევე ტოვებენ იქაურობას. ღობესა და მანქანებს შუა პორტფელიანი გამხდარი მოქალაქე მოაბიჯებს, უახლოვდება ფსევდოკლასიკური სტილით ნაგებ შენობას, სადარბაზო შესასვლელთან იკარგება.
სვეტებიან დარბაზში მოდის, ლიფტის ღია კაბინას უახლოვდება. კაბინაში ქალ-ვაჟი დგას. ბობრ ბიჭს სუფთად გაპარსული, ფერმკრთალი სახის კანი და ღია წაბლისფერი თვალები აქვს. სახეგადატკეცილ, კაბინის კედელს ზურგით მიყრდნობილ ქალს კიდევ უფრო აზიდვია მკვრივი მკერდი. ბიჭს, მოკლესახელოებიანი პერანგი რომ აცვია, გრძლად და ზომიერად დაკუნთულ, ჭორფლდაყრილ მკლავქვეშ რამდენიმე საქაღალდე აქვს ამოჩრილი. გამხდარი მოქალაქე დამხვდურებს ესალმება და მორჩილად ჩერდება განაკიდეს.
– სოსო, – კითხულობს ქალი. – აქა ხარ სულ, ქალაქიდან არ გასულხარ?
– არა, ვმუშაობდი. – პასუხობს სოსო.
– როგორ მაინტერესებს, შენ ხომ არ გაქვს წარმოდგენილი!.. – საქაღალდეებს დახედავს, სოსოს ტანზე და სახეზე აატარებს მზერას. – გამხდარი ხარ, იცი!
სოსო მხრებს იჩეჩავს, არაფერს პასუხობს და გაოცებულ მოქალაქეს, ლიფტის ღილაკებს რომ არ აშორებს თვალს, ეუბნება, აკეთებენ, მალე დავიძვრებითო. გასაგებიაო, თავს უქნევს პორტფლის სიმძიმისაგან მხარჩამოგდებული მოქალაქე. ზემოდან ჩაქუჩის ბრაგა-ბრუგი ისმის. ეჯახება ლითონი ლითონს და ყრუ და მონოტონურ გუგუნად ჩამოდის შახტიდან კაბინამდე ხმა. ზორბა ტანის, მთასავით კაცი შემოიჭრება ამასობაში კაბინაში და რამდენიმე თანამშრომელს შემოიყოლებს ერთდროულად. ქუდს იხდის, სახეს ინიავებს და ხვნეშის.
– გამარჯობათ, ბატონო იროდიონ! – ესალმება სოსო.
– სოსო გამარჯობა, სად იყავი, რატომ არ ჩანდი?
– ვმუშაობდი, ბატონო იროდიონ და წარმოვადგინე ბოლო ვარიანტი!
– ნუ ლაპარაკობ... შვებულებაში ვარ, ვარ და არც ვარ ფაქტიურად, გავდივარ და ვერ გავედი, მაგას მაინც წავიკითხავ, მოვასწრებ, მე მგონი, შენ გამხდარხარ.
– მაშინ მოგცემთ, ბატონო იროდიონ, ამ ერთ ეგზემპლიარს.
– შენ რაღა დაგრჩება?
– მე რად მინდა, რომ დავიტოვო, ერთს ბატონ ვასოს გადავცემ, ერთს ოთარს. სხვა ვინ არის აქ?
– არიან, – იროდიონის მაგივრად პასუხობს სახეგადატკეცილი, ტანსრული ქალი. – კოტე აქ არის, კაკო, თენგიზი, ბორია, შუქრი, კიდევ ვინ გინდა შენ?..
– ესე იგი, ერთ-ერთს მაძლევ, – ქუდს იხურავს იროდიონი და საქაღალდეს წონის ხელდახელ. – ამას დღესვე, დღეს შეიძლება ვერ მოვახერხო, ამ დღეებში წავიკითხავ და გადავულოცავ შუქრი გომელაურს...
– ძალიან დამავალებთ, ბატონო იროდიონ, შუქრი არ აიღებს და წვერავას გადაეცით.
ლიფტის ყველა ღილაკი ინთება ერთდროულად.
– შენ შემდეგ გადმოგცემ. – ჩუმად ეუბნება სოსო ქალს.
– კი ვიცი, მე რა მეჩქარება.
კარი იკეტება ხრიგინით, ჩაშავებულ ცხაურს იქით რჩებიან ყველანი. სიცხისაგან შეწუხებულნი ინიავებენ სახეს. კაბინა კი არ იძვრის.
– ერთი ზედმეტია! – ამბობს იროდიონი, ქუდს იხდის კვლავ და გამხდარ მოქალაქეს მიჩერებია. ყველანი უყურებენ გამხდარ მოქალაქეს, დანარჩენებზე ადრე რომ შემოვიდა კაბინაში.
ზევით დერეფანში ხალხი მიდი-მოდის. დასაკეც კიბეს მიათრევს საღებავებში ამოთხვრილი მუშა.