ნაწილი პირველი - თავი პირველი - ნადიმი მოხუდი ჯოლიონის სახლში
თქვენ მიპასუხებთ:
ის მონები ჩვენ გვეკუთვნისო.
შექსპირი.
„ვენეციელი ვაჭარი“
ვისაც ფორსაიტთა ოჯახურ ნადიმზე მიწვევა ღირსებია, საკუთარი თვალით ნახავდა ბურჟუაზიის ზედა ფენის წარმომადგენელთა მომაჯადოებელ, დოვლათითა და სიკეთით ავსებულ-აყვავებულ სამაგალითო ოჯახს. ხოლო იმ პატივდებულთაგან თუ რომელიმეს ფსიქოლოგიური ანალიზის (თვისება, რომელსაც ფულადი ღირებულება არ გააჩნია და ფორსაიტებიც სწორედ ამის გამო უგულებელყოფდნენ) უნარიც ჰქონდა მიმადლებული, მაშინ ისეთი სანახაობის შემსწრეც გახდებოდა, რომელიც მხოლოდ მომხიბლავი კი არ არის, არამედ ადამიანთა ურთიერთობის უჩინარ ხლართებსაც გვისურათხატებს. უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, ფორსაიტების შინაურული თავყრილობის მონაწილე ამ ოჯახში, რომლის წარმომადგენლებს ერთმანეთი არაფრად ეპიტნავებოდათ და ისეთ სამ წევრს ვერც იპოვიდით, რომელთაც ერთმანეთი მოსწონდათ, - დაკვირვების შედეგად აღმოაჩენდა უტყუარი ვითარების იდუმალ დუღაბს. სწორედ ისეთს, რომელიც ოჯახს საზოგადოების უძლიერეს ბირთვად ხდის და მინიატიურული ფორმით იმავე საზოგადოებას განასახიერებს. ამ ოჯახური თავყრილობის დამსწრეს შეეძლო განეჭვრიტა საზოგადოების განვითარების ბნელით მოცული გზა, გაეგო ზოგი რამ პატრიარქალურ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები ჯგუფურად, როგორ აღზევდებოდნენ ერები და ისევ ნადგურდებოდნენ. ეს ყოველივე კი მოგვაგონებს განცალკევებით მდგარ შეუპოვარ ახალდარგულ ხეს, რომელიც გადარჩენილა და იზრდება იქ, სადაც სხვა, ნაკლებსიცოცხლისუნარიანი მრავალი ნერგი დაღუპულა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს ამ ნერგის ადგილას უკვე უზარმაზარ ხეს იხილავთ, ისე გაფოთლილს, გაშლილსა და აყვავებულს, რომ შეიძლება შეგზარდეთ კიდეც.
1886 წლის 15 ივნისს, დღის 4 საათზე, მოხუცი ჯოლიონის სახლში, სტენჰოპგეიტის ქუჩაზე მოხვედრილი კაცი ფორსაიტთა აყვავებულ ოჯახს იხილავდა. წვეულება იმის გამო გაემართათ, რომ მოხუცი ჯოლიანოს შვილიშვილის, ჯუნი ფორსაიტისა და მისტერ ფილიპ ბოსინის ნიშნობა ეზეიმათ. თეთრხელთათმნიანი, მუქ-ყვითელ ჟილეტებში გამოწკეპილი, ფრთებით დამშვენებული თუ ძვირფასი კაბებით მორთული მთელი ოჯახი ამ წვეულებაზე შეკრებილიყო. აქ იყო პაპიდა ენიც, რომელიც ამ ბოლო დროს იშვიათად თუ მიატოვებდა თავისი ძმის, ტიმოთის მწვანე სასტუმრო ოთახის ამოჩემებულ კუთხეს, სადაც მას, ფორსაიტების სამი თაობის პორტრეტებით გარშემორტყმულს, კითხვასა და ხელსაქმეში გართულს, ცისფერ ლარნაკიდან ტრამალის წურწუმა გადმოჰყურებდა თავზე ჯიღასავით და შუქს უჩრდილებდა. დიახ, აქ გახლდათ თვითონ პაპიდა ენიც, რომლის გამართული ტანი, მშვიდი, მაგრამ ღირსეული გამომეტყველება მესაკუთრის ძლიერ სულს განასახიერებდა, რაც ამ ოჯახის ყველა წევრის უმთავრესი თვისება გახლდათ.
ფორსაიტები თავიანთი ოჯახის წევრების ნიშნობისას, ქორწინებისას და დაბადების დღეს ყოველთვის ერთად იკრიბებოდნენ. ასევე ერთად იყრიდნენ თავს, როცა რომელიმე ფორსაიტი კვდებოდა, თუმცა აქამდე არც ერთი ფორსაიტი არ მომკვდარა, ისინი საერთოდ არ იხოცებოდნენ! სიკვდილი ეწინააღმდეგებოდა მათ პრინციპებს და ფორსაიტებიც ფრთხილობდნენ, რომ არ დახოცილიყვნენ. ეს იყო ინსტინქტური სიფრთხილე სიცოცხლისუნარიანი ადამიანებისა, რომლებიც ვერ იტანენ და ძალიან ჯავრობენ, როცა მათ საკუთრებას წასართმევად ან წასალეკავად ემუქრება ვინმე ან რაიმე.
ფორსაიტები იმ დღეს სგანგებო გულმოდგინებით გამოწკეპილიყვნენ. სხვა სტუმრებში მათი აღრევა, ამ თვითდაჯერებული ადამიანების ბრწყინვალე მორთულობას ჩვეულებრივზე გამორჩეულს ხდიდა. მათი ფხიზელი ცნობისმოყვარეობა და შესანიშნავი სამოსი თითქოს რაღაცის თუ ვიღაცის წინააღმდეგ მიმართულიყო. ზიზღნარევი, ნაძალადევი ღიმილი მოსდებოდა თითოეულს. მოკლედ, ფორსაიტები ფხიზლობდნენ.
მოხუცი ჯოლიონის სახლში გამართულ თავყრილობაზე ფორსაიტთა ქვეცნობიერმა, შემტევმა განწყობილებამ ამ ოჯახის ისტორიაში შექმნა ის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც დინასტიის დრამის პრელუდიად იქცა.
ფორსაიტების ოჯახის ყველა წევრი ერთსულოვანად აღეშფოთებინა რაღაცას; ამ აღშფოთებას უნაკლო სამოსით, მოჩვენებითი გულითადობით, ოჯახის მნიშვნელობის გაზვიადებითა და ზიზღნარევი ღმეჭით გამოხატავდნენ. საფრთხე - უეცრად და სავსებით რომ გამოავლენს ხოლმე საზოგადოების, ადამიანთა ჯგუფისა თუ ცალკეული პიროვნების ძირითად ღირსებებს, - აი, რა იგრძნეს ფორსაიტებმა; საფრთხის წინათგრძნობამ გააკრიალა მათი საჭურველი. თავიანთი ოჯახის ისტორიაში პირველად, ფორსაიტებმა მხოლოდ ახლა იგრძნეს ინსტინქტით რაღაც უცნაურისა და საშიშის მოახლოება.
როიალთან ტანადი, წარმოსადეგი მამაკაცი იდგა; განიერ გულმკერდს ლალის ქინძისთავით დამშვენებული ორი ჟილეტი უფარავდა, ნაცვლად ალმასის ქინძისთავდაბნეული ერთი ატლასის ჟილეტისა, რომელსაც ჩვეულებრივ შემთხვევებში უფრო იცვამენ ხოლმე. მისი გაპარსული, ოთხკუთხა, დაბერებული, ფერმიხდილი სახე და უფერული თვალები ატლასის განიერ ჰალსტუხს ზემოდან მედიდურად გამოიყურებოდნენ. ეს სუითინ ფორსაიტი გახლდათ. სარკმელთან, სადაც სუფთა ჰაერით შეიძლებოდა დატკბობა, სუითინის ტყუპისცალი ჯეიმსი იდგა. ჩასუქებული და ჩამომხმარი - ასე მონათლა მოხუცმა ჯოლიონმა ძმები. ჯეიმსიც ძმასავით ექვს ფუტამდე აღწევდა სიმაღლეში, მაგრამ მართლაც ისე ჩამომხმარიყო, თითქოს ჩასახვიდანვე ბედად დაჰყოლოდა მსუქანი ძმის სანაცვლო სიგამხდრე. იგი ჩვეულებრივ წელში მოხრილი იდგა. ჯეიმსის მონაცრისფრო თვალებში შეშფოთებას ამოიკითხავდით. ერთი საგნიდან მეორეზე გადაჰქონდა მზერა და ყველაფერს სწრაფად და გამომცდელად ათვალიერებდა. ჩაცვივნული ლოყები ორი პარალელური ნაოჭით დაღარვოდა, სუფთად გაპარსულ გრძელ ზედა ტუჩს კი ასევე მოგრძო ქილვაში ჩარჩოსავით შემოვლებოდა.