ნაწილი მეორე - თავი პირველი - მესამე თაობა
ნოემბრის ერთ შუადღეს ჯოლი ფორსაიტი დაღმა მიუყვებოდა ჰაისტრიტს ოქსფორდში; ვალ დარტი კი აღმა მოდიოდა იმავე ქუჩაზე. ჯოლის, ის იყო, მენიჩბის კოსტიუმი გამოეცვალა და ახლა კლუბისკენ მოყიალებდა, ცოტა ხნის წინათ აერჩიათ სწორედ ამ კლუბის წევრად, ვალსაც ახლახან გამოეცვალა მხედრის კოსტიუმი და ხვატში მიდიოდა - ბუკმეკერისკენ, კორნმარკეტის ქუჩაზე.
- ჰელოუ! - უთხრა ჯოლიმ.
- ჰელოუ! - უპასუხა ვალმა.
ბიძაშვილები სულ ორჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს: ჯოლის, როგორც მეორეკურსელს, საუზმეზე დაეპატიჟებინა ახალბედა სტუდენტი; წუხელ კი ცოტა არ იყოს, ეგზოტიკურ ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეთს.
კორნმარკეტის ქუჩაზე, თერძის სამკერვალოს ქვეშ, ცხოვრობდა ყმაწვილი კაცი, ერთი იმ განებივრებულთაგანი, რომელთაც მცირეწლოვნებს ეძახიან - მემკვიდრეობა დიდი მიუღიათ, მშობლები დახოცვიათ, მეურვეები შორს ჰყავთ, და მანკიერი ინსტინქტები ამოძრავებთ. ცხრამეტი წლისა რომ შეიქნა ის ყმაწვილი, ისეთ კარიერას ეზიარა, რაც უბრალო მოკვდავთათვის (ისეთი ხალხისთვის, ვისთვისაც ერთი წაგებაც კი მთელი უბედურებაა!) მიმზიდველიც არის და მიუწვდომელიც. უკვე იმით სახელგანთქმულმა, რომ მთელ ოქსფორდში ერთადერთს მას ჰქონდა რულეტის მაგიდა, თავისი მომავალი შემოსავალი ელვის სისწრაფით გაანიავა. კრუმსაც კი გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, სანგვინიკური ტიპი გახლდათ, კარგად ნაპატიებიც, და კრუმის მომხიბლავი მიბნედილება სულაც არ გააჩნდა. ვალისთვის რულეტის მაგიდასთან მისვლა თავისებურ ნათლობას წარმოადგენდა, ხოლო კოლეჯში დაწესებულ დროზე გვიან დაბრუნება და ფანჯრის გადახერხილი გისოსიდან გადაძრომა-კონფირმაციას. წუხელ კი, ასეთი ნეტარი დროს ტარებისას, მაცდუნებელი მწვანე მაუდიდან ასწია თავი და თამბაქოს ჯანღში თავისი ბიძაშვილი დაინახა, რომელიც მაგიდის იქითა მხარეს იდგა. Rouge gagne, impair, et manque! ამის მეტად უკვე აღარ დაუნახავს.
- კლუბში წავიდეთ, ჩაი დავლიოთ, - უთხრა ჯოლიმ და ერთად გაემართნენ.
უცხოს რომ დაენახა ერთად ეს ორი გარე ბიძაშვილი, ფორსაიტთა მესამე თაობის წარმომადგენლები, ალბათ ძნელად შესამჩნევ მსგავსებას შენიშნავდა: სახის ისეთივე მოყვანილობა, თუმცა ჯოლის ჭროღა თვალები ცოტათი უფრო მუქი იყო, ხოლო თმა - უფრო ნათელი და ხუჭუჭი.
- ჩაი და ფუნთუშები კარაქით, გეთაყვა, - დაუკვეთა ჯოლიმ.
- ჩემს სიგარეტს არ გასინჯავთ? - შესთავაზა ვალმა, - წუხელ დაგინახეთ. რა ქენით?
- მე არ ვთამაშობ.
- მე, კიდევ, თხუთმეტი გირვანქა მოვიგე.
ჯოლის უნდოდა მამის ხუმრობა გაემეორებინა აზარტულ თამაშზე, - „როცა შენ გფცქვნიან - თვითონ ხარ საცოდავი, როცა სხვასა ფცქვნი - სხვა გეცოდება“, მაგრამ გადაიფიქრა და ესღა თქვა:
- მე რომ მკითხო, საზიზღრობაა თამაში. ეგ ვაჟბატონი ჩემთან ერთად სწავლობდა. დიდი შტერი ვინმეა.
- ო, ვითომ?! - ისე შეიცხადა, თითქოს შეურაცხყოფილ წმინდანს გამოექომაგაო, - კარგი ბიჭი ჩანს.
ერთხანს უხმოდ ისხდნენ და აბოლებდნენ.
- თქვენ, მგონი, იცნობთ ჩვენებს, - უთხრა ბოლოს ჯოლიმ, - ხვალ ჩამოდიან.
ვალს სახე შეუფაკლდა.
- მართლა? თუ გინდათ, ზუსტ რჩევას მოგცემთ მანჩესტერის სანოემბრო ჰანდიკაპისთვის.
- გმადლობთ, მე მხოლოდ კლასიკური დოღი მიყვარს.
- მაგაზე რა ფული უნდა გააკეთოთ! - უთხრა ვალმა.
- ბუკმეკერებს ვერ ვიტან, - უპასუხა ჯოლიმ, - ისეთი რია-რია და სიმყრალე დგას... პადოკი მიყვარს.
- მე, კიდევ, ვარაუდი რომ გამიმართლდება, ის მიყვარს.
ჯოლიმ გაიღიმა. მამას მიუგავდა ღიმილი.
- მე არავითარი ვარაუდი არ მაქვს. სანაძლეოს თუ ჩამოვედი, უსათუოდ უნდა წავაგო.
- რჩევა უნდა იყიდოთ.
- ჰო, მაგრამ, რა გამოდის, ან შენ უნდა მოატყუო, ან იმათ მოგატყუონ - გემოც ამაშია.
ჯოლის ოდნავი ზიზღი გამოეხატა სახეზე.
- თქვენ რა სპორტს მისდევთ? ნიჩბოსნობას?
- არა... მე ცხენი მიყვარს. დავაქროლებ ხოლმე აქეთ-იქით. მეორე სემესტრში პოლოს დავიწყებ, ფული თუ დავაყაჭინე პაპაჩემს.
- ძია ჯეიმსზე ამბობთ? როგორი კაცია?
- მაგის ხნისა ჭალაში ქვა არ გდია. და სულ ის ეჩვენება, ვკოტრდებიო.
- ეგ და პაპაჩემი, მგონი, ძმები იყვნენ.
- არა მგონია, მაგ ბერიკაცებში სპორტსმენი ყოფილიყოს რომელიმე, - უთხრა ვალმა, - მარტო ფული ჰქონდათ სალოცავად.
- პაპაჩემზე ეგ არ ითქმის, - თქვა ჯოლიმ მგზნებარედ.
ვალმა პაპიროსის ფერფლი დააბერტყა.
- ფული იმისია, რომ დახარჯო, - თქვა მან, - ნეტა კი ბევრი მქონდეს...
ჯოლიმ გაკიცხვით შეხედა, თვალი თვალში გაუყარა - მოხუცი ჯოლიონისგან ჰქონდა მემკვიდრეობით ასეთი შეხედულება: ფულზე არ ლაპარაკობენ! და ისევ სიჩუმე ჩამოწვა, ჩაის სვამდნენ და კარაქიან ფუნთუშებს შეექცეოდნენ.
- თქვენები სად უნდა ჩამოხტნენ? - თითქოს სხვათა შორის ჰკითხა ვალმა.
- ცისარტყელაში. ომზე რა აზრისა ხართ?
- ჯერჯერობით კარგი არაფერი ისმის. სპორტსმენობისა არაფერი სცხიათ მაგ ბურებს. ადგნენ და პირდაპირ