ქალმა შიშით შეჰყვირა.
- რა მოხდა? - ჰკითხა კაცმა.
თუმცა დარაბები მიხურული იყო და ოთახში ბნელოდა, მაინც დაინახა, რომ ქალს შიშისაგან სახე შეშლოდა.
- ვიღაცამ კარის გაღება სცადა.
- ალბათ ამა** იყო, ან რომელიმე მსახური.
- ამ დროს არასოდეს მოდიან. იციან, რომ ლანჩის*** შემდეგ ყოველთვის მძინავს.
- აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?
- უოლტერი, - დაიჩურჩულა ტუჩებაცახცახებულმა ქალმა და თითით ანიშნა ფეხსაცმელზე. მაგრამ ქალის შიში კაცსაც გადასდებოდა. მღელვარებისგან ვერა და ვერ ჩაჰყო ფეხი ისედაც ვიწრო ფეხსაცმელში. მოუთმენლობისგან სუნთქვაშეკრულმა ქალმა მაშველი მიაწოდა. შემდეგ კიმონოში გაეხვია და ფეხშიშველი ტუალეტის მაგიდასთან მივიდა. სანამ კაცი მეორე ფეხსაცმელს შეიკრავდა, ქალმა მოკლედ შეჭრილი თმა სავარცხლით შეისწორა. შემდეგ პიჯაკი მიაწოდა.
- როგორ გავიდე გარეთ?
- სჯობს ცოტა ხანს მოიცადო. გავიხედავ და ვნახავ, ყველაფერი რიგზეა თუ არა.
- არა, უოლტერი ნამდვილად არ იქნებოდა. ხუთ საათამდე არ მოდის ხოლმე ლაბორატორიიდან.
- მაშ ვინ იყო?
ახლა ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. ქალი ცახცახებდა. კაცმა გაიფიქრა, კრიტიკულ სიტუაციაში თავგზა აებნევაო და მოულოდნელად მისადმი სიბრაზე იგრძნო - თუ ასეთი საფრთხე ელოდა, რა ეშმაკად უთხრა, საშიში არაფერიაო? ქალმა სუნთქვა შეიკრა და მკლავზე დაადო ხელი. კაცმა მის მზერას თვალი გააყოლა. ისინი პირით ვერანდაზე გამავალი ფანჯრებისკენ იდგნენ. დარაბები მიხურული იყო და შიგ ურდულიც გაეყარათ. უცებ თეთრი ფაიფურის მრგვალი სახელური ნელა შემოტრიალდა. ეს უხმო მოძრაობა თავზარდამცემი იყო. ერთი წუთი გავიდა. ჩამიჩუმი არ ისმოდა. შემდეგ რაღაც საშინელმა ზებუნებრივმა ძალამ ასევე ფრთხილად და უხმოდ მოაბრუნა მეორე ფანჯრის თეთრი ფაიფურის სახელურიც. ეს ისეთი შემაძრწუნებელი იყო, რომ ქითის ნერვებმა უმტყუნა, კივილი დააპირა და პირი გააღო. მაგრამ კაცი მიხვდა, რასაც აპირებდა და სწრაფად დააფარა პირზე ხელი - კივილი მის თითებში ჩაიხშო.
სიჩუმე ჩამოვარდა. ქითი მამაკაცს მიეყრდნო, მუხლები უკანკალებდა. კაცს შეეშინდა, გული არ წაუვიდესო, მოღუშულმა და კრიჭაშეკრულმა საწოლთან მიიყვანა და დასვა. ქალი მიტკალივით გათეთრებულიყო. კაცსაც, ნამზეურის მიუხედავად, სახე გაფითრებოდა. ქალის გვერდით იდგა და მონუსხულივით მისჩერებოდა ფაიფურის სახელურს. ხმას არ იღებდნენ. შემდეგ კაცმა შეამჩნია, რომ ქალი ტიროდა.
- თუ ღმერთი გწამს, ნუ ტირი. - წაიჩურჩულა გაღიზიანებულმა, - თუ ჩავვარდით, ჩავვარდით და ეგაა. ახლა როგორმე თავი უნდა დავიძვრინოთ.
ქალმა ცხვირსახოცი მოიძია. კაცი მიხვდა, რაც უნდოდა და ხელჩანთა მიაწოდა.
- სად არის შენი ტოპი?****
- დაბლა დავტოვე.
- ო, ღმერთო ჩემო!
- მისმინე, უნდა გამაგრდე. უოლტერი არ იქნებოდა. რატომ დაბრუნდებოდა ასეთ დროს? შუადღისას ხომ არასოდეს მოსულა?
- არა.
- სანაძლეოს დავდებ, ამა იყო.
ქალმა ოდნავ გაიღიმა. კაცის თბილმა, ალერსიანმა ხმამ დაამშვიდა. მისი ხელი აიღო და სიყვარულით მოუჭირა. კაცმა ცოტა ადროვა, დაწყნარდესო.
- მისმინე, სულ აქ ხომ არ ვიქნებით, - უთხრა შემდეგ. - შეგიძლია ვერანდაზე გახვიდე და გაიხედო?
- არა მგონია, ფეხზე დგომა შევძლო.
- ბრენდი გაქვს აქ?
ქალმა თავი გააქნია. კაცს წამით სახე მოეღუშა. მოთმინებას ჰკარგავდა. აღარ იცოდა, რა ექნა. უცბად ქალმა ხელი უფრო მაგრად მოუჭირა.
- იქ რომ გველოდებოდეს?
კაცმა თავს ძალა დაატანა, რომ გაეღიმა. მის ხმას კვლავ ის ალერსიანი, დამაჯერებელი ტონი ჰქონდა, რომლის ზემოქმედებაშიც ასე იყო დარწმუნებული.
- შეუძლებელია. მეტი გამბედაობა იქონიე, ქითი. როგორ შეიძლება, შენი ქმარი ყოფილიყო? ის რომ მოსულიყო, ჰოლში ვიღაცის ტოპი დაენახა, ზემოთ ამოსულიყო და შენი ოთახიც დაკეტილი დახვედროდა, ნამდვილად ერთ ამბავს ატეხდა. უსათუოდ რომელიმე მსახური იქნებოდა. მხოლოდ ჩინელი თუ მოაბრუნებს ასე სახელურს.
ქალი ცოტა დამშვიდდა.
- არც ის არის სასიამოვნო, თუნდაც ამა ყოფილიყო.
- ამა შეიძლება მოვისყიდოთ. თუ საჭირო იქნა, შევაშინებ კიდეც. სახელმწიფო მოხელეობაში სახეირო ბევრი არაფერია, მაგრამ რაღაცაში მაინც გამოგადგება.
ის მართალი უნდა იყოს. ქალი ადგა, მისკენ მობრუნდა და ხელები გაიწვდინა. კაცი მოეხვია და ტუჩებში აკოცა. ვნება ისეთი დიდი იყო, ტკივილს უდრიდა. ქითი აღმერთებდა მას. კაცმა ხელი გაუშვა და ქალი ფანჯარასთან მივიდა, ურდული გასწია, დარაბა ოდნავ გამოაღო და გარეთ გაიხედა. ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. მერე ფეხაკრეფით გავიდა ვერანდაზე. ჯერ ქმრის ჩასაცმელ ოთახში შეიხედა, შემდეგ თავის სასტუმრო ოთახში. ორივე ცარიელი იყო. მერე საწოლ ოთახში დაბრუნდა და კაცი თავის დაქნევით მოიხმო.
- არავინაა.
- მე მგონი, ყველაფერი ოპტიკური ილუზია იყო.
- ნუ იცინი, ძალიან შემეშინდა. წადი, ჩემს სასტუმრო ოთახში დაჯექი. წინდებსა და ფეხსაცმელს ჩავიცვამ.