შესავალი - შემოდგომის სიცივეები ტორკიში ქალთა სკოლა იყო გახსნილი, რომელსაც ვინმე მის გაიერი ხელმძღვანელობდა. დედაჩემი მას მოელაპარაკა, რომ იქ კვირაში ორჯერ ვივლიდი და რამდენიმე საგანს შევისწავლიდი. თუ არ ვცდები, ეს იყო არითმეტიკა, გრამატიკა და თხზულება. არითმეტიკა ყოველთვის მომწონდა და, მგონი, ალგებრის შესწავლაც სწორედ იმ სკოლაში დავიწყე. გრამატიკას ვერაფერი გავუგე: არ მესმოდა, რატომ ერქვა ზოგიერთ სიტყვას წინდებული და რა ფუნქციას ასრულებდნენ ზმნები. ასე მეგონა, უცხო ენას მასწავლიდნენ. თხზულებაზე მუშაობა მომწონდა, თუმცა წარმატებას ვერ ვაღწევდი. მაკრიტიკებდნენ, ზოგჯერ მკაცრადაც, რომ მიკიბულ-მოკიბულად ვწერდი და თემიდან გადახვევა მჩვეოდა. განსაკუთრებით „შემოდგომა“ დამამახსოვრდა. თხზულება კარგად დავიწყე - ოქროსფერი და ყავისფერი ფოთლებით, მაგრამ უეცრად საქმეში ღორი ჩაერთო. ის შესაძლოა რკოს ეძებდა ტყეში. მოკლედ, ღორმა ისე დამაინტერესა, რომ შემოდგომა სულ გადამავიწყდა და თხზულება ღორის, სახელად „კუდიპრეხია“, მძაფრი თავგადასავლებითა და შესანიშნავი წვეულებით დავასრულე, სადაც ღორი თავის მეგობრებს რკოთი გაუმასპინძლდა.
დროდადრო ლექსებს ვწერდი. მოულოდნელად მღელვარება მეუფლებოდა და სასწრაფოდ ვიწერდი ყველაფერს, რაც ჩემს თავში ტრიალებდა. ამბიციები არ მქონდა. ერთადერთი, რაც მინდოდა, ჟურნალ „The Poetry Review“-ის შემთხვევითი პრიზი. ვფიქრობ, ჩემი ერთი ლექსი, რომელიც ცოტა ხნის წინათ გადავიკითხე, საკმაოდ კარგია. ყოველ შემთხვევაში, მასში არის იმის ნაწილი, რისი გამოხატვაც მინდოდა. ამიტომ მას სრულად მოვიყვან:
ქვემოთ, ტყეში
დაბლა - ყავისფერი შიშველი ტოტები,
მაღლა - კრიალა ცისფერი ცა
(და ტყის მდუმარება),
დაცვივნულ ფოთლებს ვეხებით ფეხებით,
ზეაღმართულან ტანადი ხეები
(და ტყის მდუმარება).
გაზაფხული ნორჩი მშვენიერებით,
ზაფხული უხვი სიყვარულის ბნედით,
შემოდგომა ტკივილიანი ვნებით.
ფოთლების სიცოცხლე ჩამქრალა ტევრში,
შიშველი სილამაზე დარჩა ტყეში!
დაბლა ყავისფერი შიშველი ტოტები,
მაღლა გიჟური სავსე მთვარე
(და რაღაც ირხევა ტყეში).
ფოთლები ცეკვავენ, სურთ აღდგნენ მკვდრეთით,
გიხმობენ, სინათლეს უმზერენ ეჭვით
(და რაღაც დადის ტყეში).
შრიალ-ტრიალში სიცოცხლე გრძელდება,
„ფოთლებო, განაგრძეთ უწყვეტად ცეკვა!“ -
ასეთი არის სიკვდილის ბრძანება.
ეს დამფრთხალ ხეებს აყვირებს, არხევს,
ქარი ქვითინებს, თრთის და ცახცახებს...
შიში - შიშველი შიში გამოდის ტყიდან!
აგათა კრისტი