შესავალი: შობა ებნიჰოლში შობას, ჩვეულებისამებრ, ჩეშირში, უოთსების ოჯახში ვატარებდით. ჯიმი ყოველწლიურ შვებულებას ამ დროისთვის იღებდა და მეჯთან ერთად სამი კვირით მიემგზავრებოდა სან-მორიცში, ჩინებული მოციგურავე იყო და დასვენების ამ სახეობას ამჯობინებდა. მე და დედა კი ჩიდლში ჩავდიოდით, და ვინაიდან ახალი სახლის მშენებლობა, სახელწოდებით „მენორლოჯი“, ჯერ არ დაესრულებინათ, ებნიჰოლში ვცხოვრობდით მოხუც უოთსებთან, მათ ოთხ შვილსა და ჯეკთან ერთად. ბავშვისთვის შობის აღსანიშნავად ამაზე უკეთეს სახლს ვერც ინატრებდით. ეს იყო უზარმაზარი ვიქტორიანული გოტიკური სტილის ნაგებობა მრავალი ოთახით, დერეფნით, მოულოდნელი საფეხურებით, სადარბაზო და უკანა კიბეებით, ალკოვებით, ნიშებით - ყველაფრით, რაზეც ბავშვმა შეიძლება იოცნებოს, - აგრეთვე, სამი როიალით, რომლებზეც ყველას შეეძლო დაკვრა, და ორგანით. სახლს მხოლოდ დღის სინათლე აკლდა - ყველგან ბნელოდა, გარდა სასტუმრო ოთახისა, მწვანე ატლასაკრული კედლებითა და დიდი ფანჯრებით.
მე და ნენ უოთსი ახლო მეგობრები ვიყავით. არა მხოლოდ მეგობრები, არამედ „თანამეინახეებიც“: ორივეს ერთი და იგივე სასმელი მოგვწონდა - ნაღები, ჩვეულებრივი, გაუზავებელი ნაღები. მართალია, დევონშირში ძალზე ბევრ ნაღებს ვსვამდი, უმ ნაღებს მაინც არაფერი სჯობდა. როდესაც ნენი ტორკიში გვსტუმრობდა, როგორც წესი, ქალაქის ერთ-ერთ რძის პროდუქტების მაღაზიაში შევდიოდით და ჭიქა ნაღებიან რძეს ვსვამდით. როცა ებნიში ჩავდიოდი, ფერმაში შევივლიდით და ნახევარ პინტა ნაღებს გეახლებოდით. ეს ჩვეულება მთელი ცხოვრება გაგვყვა. კარგად მახსოვს, როგორ ვყიდულობდით სანინგდეილში მუყაოს პაკეტებში დაფასოებულ ნაღებს, გოლფის სათამაშო მოედნისკენ მივემართებოდით, კლუბის წინ ვსხდებოდით და ველოდებოდით, როდის დაამთავრებდნენ ჩვენი ქმრები თამაშს, თან თითო-თითო პინტა ნაღებს ვსვამდით.
ებნი ნამდვილი სამოთხე იყო მსუნაგებისთვის. მისის უოთსს შესასვლელის გვერდით ეგრეთ წოდებული საკუჭნაო ჰქონდა. ის არ ჰგავდა ბებიის საკუჭნაოს - საიმედოდ ჩაკეტილ ერთგვარ საგანძურს, საიდანაც დროდადრო გამოჰქონდათ სანუკვარი პროდუქტი. იქ თავისუფლად შეიძლებოდა შესვლა, კედლების გასწვრივ აღმართულ თაროებზე კი ნაირგვარი ნუგბარი დაელაგებინათ. ერთი მხარე სრულად ეკავა შოკოლადს, სხვადასხვა შოკოლადის ყუთებს, შოკოლადის კრემებს საფირმო შეფუთვით, ნამცხვარს, ჯანჯაფილის თაფლაკვერებს, დაკონსერვებულ ხილს, ჯემებსა და ასე შემდეგ.
შობა წლის უდიდესი, დაუვიწყარი დღესასწაული იყო: საწოლზე დადებული საშობაო წინდები; საუზმე, რომლის დროსაც ყველას ელოდებოდა სკამი მასზე დახვავებული საჩუქრებით; სწრაფად წასვლა ეკლესიაში და შინ დაბრუნება პაკეტების გახსნის გასაგრძელებლად; ორ საათზე საშობაო სადილი, ჩამოშვებული შტორები, საშობაო მორთულობის ბზინვარება. თავდაპირველად - ხამანწკების სუპი (ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომწონდა), ტურბო, შემდეგ - მოხარშული ინდაური, შემწვარი ინდაური და საქონლის დიდი შემწვარი ფილე. ამას მოსდევდა ქლიავის პუდინგი, ღვეზელი და ტრაიფლი მასში ჩამალული ექვსპენსიანებით, ზღვის გოჭებით, რგოლებით, ღიღილოებითა და მისთანებით. დაბოლოს, კვლავ უამრავი დესერტი. ჩემს ერთ-ერთ რომანში - „საშობაო პუდინგის თავგადასავალი“ - სწორედ ასეთი სუფრა მაქვს აღწერილი. დარწმუნებული ვარ, ახლანდელი თაობა ვერასოდეს იხილავს მსგავს კერძს. იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა მას გაუმკლავდება, თუმცა ჩვენი კუჭი შესანიშნავად ართმევდა თავს ამ საქმეს.
ჭამაში, ძირითადად, ჰამფრი უოთსს, მისტერ უოთსის ვაჟს ვეჯიბრებოდი, რომელიც ასაკით ჯეიმზს მოსდევდა. ის ოცდაერთი-ოცდაორი წლის იქნებოდა, მე - თორმეტის ან ცამეტის. ძალიან ლამაზი ახალგაზრდა კაცი იყო, თანაც კარგი მსახიობი, შესანიშნავი კონფერანსიე და მთხრობელი. მაშინ ხშირად ვიყავი შეყვარებული, თუმცა, როგორც მახსოვს, ის არ შემყვარებია, რაც ახლა კიდეც მიკვირს. ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ჩემი გატაცებები რომანტიკულ ხასიათს ატარებდა და საქვეყნოდ ცნობილ მიუღწეველ პიროვნებებს შეეხებოდა, მაგალითად, ლონდონის ეპისკოპოსს, ესპანეთის მეფე ალფონსოს და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მსახიობს. სიგიჟემდე შემიყვარდა ჰენრი ეინგლი, როდესაც ის „მონაში“ ვნახე, ჭკუას ვკარგავდი ლუის უოლერზე „მესიე ბოკარში“...
საშობაო სადილის დროს მე და ჰამფრი თავდაუზოგავად ვილუკმებოდით. ხამანწკების სუპში მან გამასწრო, დანარჩენში კი თითქმის ტოლ-სწორად მივდიოდით. თავიდან ორივემ ჯერ შემწვარი ინდაური მივირთვით, შემდეგ - მოხარშული, რასაც საქონლის ფილეს ოთხი-ხუთი მოზრდილი ნაჭერი მივაყოლეთ. შესაძლოა უფროსები მხოლოდ ინდაურის ერთი კერძით დაკმაყოფილდნენ, თუმცა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, უფროსმა მისტერ უოთსმა ინდაურთან ერთად ფილესაც გაუსინჯა გემო. ამას მოჰყვა ქლიავის პუდინგი, ღვეზელი და ტრაიფლი, რომელიც ზომიერად ვჭამე, ვინაიდან ღვინის გემო არ მომწონდა. შემდეგ იყო კრეკერები, ყურძენი, ფორთოხალი, ელვასური და კარლსბადური ქლიავი და დაშაქრული ხილი. დაბოლოს, მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში სტუმრებისთვის საკუჭნაოდან სხვადასხვა სახის შოკოლადი მოჰქონდათ - ვისაც რა მოსწონდა. თქვენი აზრით, მეორე დღეს შეუძლოდ ვგრძნობდი თავს? ან ღვიძლი ამტკივდებოდა? არა, ბატონო, მსგავსი არაფერი ყოფილა. როგორც მახსოვს, ღვიძლმა მხოლოდ მაშინ შემაწუხა, როდესაც სექტემბერში მკვახე ვაშლი ვჭამე. მას ყოველდღე შევექცეოდი, თუმცა ერთხელ,