შესავალი: მსროლელი ხუთი წლის ვხდებოდი, როდესაც პირველად შევეჩეხე შიშს. გაზაფხულზე მე და გადია ფურისულებს ვაგროვებდით. რკინიგზის ლიანდაგებზე გადავედით და შიფეილეინს გავუყევით, თან ყვავილებს ვწყვეტდით ცოცხალი ღობიდან, სადაც ისინი ბევრი იყო. ღია ჭიშკარში შევაბიჯეთ და შეგროვება განვაგრძეთ. ჩვენი კალათა უკვე ივსებოდა, როდესაც ბრაზიანი, უხეში ხმა მოგვესმა:
- აქ რა გინდათ?
მომეჩვენა, რომ ბოროტი, სახეწითელი გოლიათი გვეძახდა.
გადიამ უპასუხა, არაფერს ვაშავებთ, მხოლოდ ფურისულებს ვაგროვებთო.
- სხვის ტერიტორიაზე შემოიჭერით. აი, რას აშავებთ. აქედან დაიკარგეთ. თუ ერთ წუთში არ გახვალთ იმ ჭიშკრიდან, ცოცხლად მოგხარშავთ, გასაგებია?
სასოწარკვეთილი ვექაჩებოდი ხელზე გადიას, რათა ჩქარა წავსულიყავით, მაგრამ მას სწრაფად სიარული არ შეეძლო და არც ცდილობდა, ჩემში კი შიში იზრდებოდა. როდესაც მშვიდობიანად მივაღწიეთ ბილიკს, საოცარი შვება ვიგრძენი. ისეთი გაფითრებული ვიყავი, რომ გადიამ შეამჩნია და მითხრა:
- ძვირფასო, ხომ არ გეგონა, რომ ის კაცი მართლა აპირებდა იმის გაკეთებას, რაც თქვა? რომ მოგვხარშავდა და ასე შემდეგ?
უსიტყვოდ დავაქნიე თავი. სწორედ ეს წარმოვიდგინე: ცეცხლზე შემოდგმული წყლით სავსე, მოთუხთუხე დიდი ქვაბი, რომელშიც მე მაგდებდნენ. ჩემი საშინელი ყვირილი. ამ ყველაფერს მკაფიოდ ვხედავდი.
გადია მამშვიდებდა. ამიხსნა, რომ ადამიანები ხუმრობენ ხოლმე ასე, რომ ის უსიამოვნო შესახედაობის ზედმეტად უხეში კაცი იმას არ გულისხმობდა, რაც თქვა, რომ მან, უბრალოდ, იხუმრა.
მაგრამ ჩემთვის ეს ხუმრობა არ იყო. ახლაც კი, როდესაც მინდორში გავდივარ, ტანში ჟრუანტელი დამივლის. ცხოვრებაში არასოდეს მქონია იმაზე საშინელი განცდა.
ძილში არასოდეს მინახავს ეს კონკრეტული შემთხვევა. ყველა ბავშვი ხედავს კოშმარულ სიზმრებს, თუმცა მეეჭვება, ისინი ცხოვრებისეული მოვლენების ზემოქმედების ან იმის შედეგი იყოს, რომ გადიები ან სხვები "აშინებენ" მათ. ჩემი კოშმარი უკავშირდებოდა ადამიანს, რომელსაც "მსროლელს" ვუწოდებდი, ოღონდ არა იმიტომ, რომ მეშინოდა, ჩემთვის არ ესროლა ან სხვა მსგავსი მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ იარაღს ატარებდა. ეს იარაღი მისი გარეგნობის ნაწილს შეადგენდა. ახლა მას ვიხსენებ როგორც მონაცრისფრო-მოლურჯო სამოსში გამოწყობილ ფრანგს, პუდრშეფრქვეული თმითა და უცნაური სამკუთხა ქუდით, იარაღი კი ძველებური მუშკეტი იყო. თვითონ მისი არსებობა მაშინებდა. ჩვეულებრივ სიზმრებს ვხედავდი - ჩაის სმას, გასეირნებას სხვადასხვა ადამიანთან ერთად, პატარა წვეულებას. შემდეგ მოულოდნელად მოუსვენრობა შემიპყრობდა. ვიღაც იყო ახლოს - ის, ვინც არ უნდა ყოფილიყო. საშინელი შიშის განცდა მეუფლებოდა. მალე ისიც გამოჩნდებოდა: ხან ჩაის მაგიდასთან იჯდა, ხან პლაჟზე დასეირნობდა, ხან თამაშში მონაწილეობდა. როდესაც მისი ბაცი ცისფერი თვალები ჩემსას შეხვდებოდა, ყვირილით ვიღვიძებდი: "მსროლელი! მსროლელი!"
- წუხელ მის აგათამ კვლავ ნახა სიზმარი მსროლელზე, - მშვიდი ხმით ეუბნებოდა გადია ჩემს მშობლებს.
- რატომ არის ის ასეთი საშინელი? - მეკითხებოდა დედა, - გგონია, რამეს დაგიშავებს?
არ ვიცოდი, რატომ იყო ის კაცი საშინელი. მოგვიანებით სიზმარი იცვლებოდა. მსროლელს ყოველთვის არ ეცვა კოსტიუმი. ზოგჯერ, როცა მაგიდასთან ვისხედით და ჩაის ვსვამდით, შევხედავდი მეგობარს ან ოჯახის წევრს და უეცრად ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო დოროთი, ფილისი, მონტი, დედაჩემი თუ ვინმე სხვა.
აი, ნაცნობი ბაცი ცისფერი თვალები ჩემსას შეხვდა და... გარეგნობა მეცნო. ის მართლაც "მსროლელი" იყო.