პატარა ისტორიები რა ლამაზი იყავი, ბიჭო!
(ნანა მღებრიშვილის მოთხრობის მიხედვით)
სურათი I
ვანის ქვაბების დედათა მონასტერი, კლდეში შეფენილ გამოქვაბულების ბაქანს ხის კიბე და მოაჯირი მიუყვება. სენაკები ხის კარებით არის დაგმანული. კარებში სარკმელია დატანებული ჰაერის სამოძრაოდ და დღის შუქის ქვაბულში შესაღწევად. კლდისპირა ტაფობს მაღალი გალავანი არტყავს შიგ დატანებული დიდი ალაყაფის ანგელოზებით მოჩუქურთმებული კარით. ეზო ყვავილების ბუჩქებით და მარადმწვანე ხეებითაა გამწვანებული. კლდის ძირას ვაზი დაურგავთ და კლდეზე მიუშვიათ, კოხტად ერტყმის გარს ქვაბულების შესასვლელებს. ცოტათი ამხიარულებს კლდის ნაცრისფერს ვაზის სიმწვანე.
ადრეული გაზაფხული დგას. უსიამოდ მოღუშული ცა თითქოს ქუდად ჩამომხობია დედამიწას. ცივად ჟინჟლავს, სქლად ჩამოწოლილი ნისლი აძნელებს შორით ხედვას. ატალახებულ შარაზე ჭირს მი-მოსვლა...
მონასტრის კარიბჭეს სახედარზე შემჯდარი მღვდელი მოადგა, დაქვეითდა. ოდნავ უკან გადაიგდო თავზე წამოხურული შავი ყაბალახი. მთლად ჭაღარა თმა-წვერი გამოუჩნდა მოძღვარს. მძიმედ ასწია მარჯვენა და ჭიშჯარზე მიმაგრებული რკინის რგოლით დააკაკუნა. რამდენიმე წამში მონაზომნა გააღო სანახევროდ ჭიშკარი, მღვდელი და სახედარი ეზოში შეუშვა და ისევ მიკეტა, მძიმე ურდულით ჩაკეტა ეზოს მხრიდან. მამაოს სახედრის საბელი ჩამოართვა, იქვე მიაბა ხეზე.
- მობრძანდით, მამაო. – დაბალი ხმით წარმოსთქვა მონაზონმა.
- მოვუსწარი? – იკითხა მღვდელმა.
- ღვთის მადლით, დიახ.
მღვდელი მხარზე გადაგდებული ჯვალოს ჩანთიდან სააღსარებო სამოს ამოიღებს, კაბაზე გადაიცვამს, პირჯვარს გადაიწერს და მონაზონს მიუბრუნდება.
- აბა, გამიძეხი!
მონაზონი წინ მიუძღვის. ხის კიბით ადიან კლდის ბაქანზე. ქალი შეაღებს ერთ-ერთი ქვაბულის კარს, მამაოს წინ გაატარებს და თავადაც აპირებს შესვლას, მაგრამ მღვდელი ხელით შეაჩერებს და კარს მიხურავს.
სურათი 2
მონაზონის სენაკი. ერთ-ერთ კედელთან ხის უბრალო ტახტი დგას, ზედ ჩალის ლეიბი აგია და სუფთა თეთრეულით გაწყობილი ქვეშაგები. საწილზე ღრმად მოხუცებული, ქალი წევს. მისი თეთრი თმა ბალიშზე გადაშლილა. საწოლის მოპორდაპირეთ ღვთისმშობლის ხატი კიდია. ხატის წინ პატარა ფეხმორყეული მაგიდა დგას, მაგიდასთან, - უბრალო უზურგო ხის სკამი. ხატის წინ პატარა სასანთლეში სანთელი ანთია.
მღვდელმა კარი მიხურა, დაკვირვებით მოავლო თვალი ოთახს, ხატის დანახვისას პირჯვარი კიდევ ერთხელ გადაიწერა. მისი მზერა თვალდახუჭულ ავადმყოფს გადააწყდა, ოდნავ დაიხარა მისკენ და დაბალი ხმით დაიჩურჩულა:
- შვილო ჩემო...
ავადმყოფმა თვალი მძიმედ გაახილა, კედლებს მოავლო მზერა და მერე მის სასთუმალთან დახრილ მღვდელზე შეაჩერა.
- მამაო... – ამოიკვნესა მან.
- გისმენ, შვილო ჩემო. – მშვიდი ხმით უპასუხა მოძღვარმა და უზურგო სკამზე დასაჯდომად გაემზადა. ქალმა ხელით ანიშნა რაღაც, კაცი მიუხვდა. მაგიდაზე დადგმულ თიხის დოქს სიმინდის ნაქურჩალი მოხადა და იქვე მდგარ თიხის ფიალაში წყალი გადმოასხა. ფრთხილად წამოუწია თავი ავადმყოფს და ფიალიდან ფრთხილად შეასვა წყალი. ისევ მაგიდაზე დადო ფიალა, სკამზე ჩამოჯდა, ზურგით კლდის ცივ კედელს მიეყუდა და გაირინდა.
ქალმა ძალა მოიკრიბა, ოდნავ მოხერხებულად მიწვა სასთუმალზე და საამბობლად გაემზადა.
- თოთხმეტი წლისა უკვე მონაზვნად მაკურთხეს და დამთავრდა ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა. – დაბალი ხმით დაიწყო ქალმა.
სურათი 3
სოფლის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის კედელთან ახალგაზრდა ბიჭი დგას თავჩახრილი, მის წინ ახლად შეღერებული გოგონა ასევე თავდახრილი ჩაჰყურებს მიწას. გოგოს ცალი ფეხი მუხლში მოუხრია და წინ გადმოგდებული ცალი ნაწნავის ბოლოს წიწკნის; ბიჭს ხელები ზურგსუკან დაუმალავს, თითქოს ეშინია, რომ უნებურ გოგოს არ მოეხვიოსო. ბიჭმა თვალი გოგოსკენ გააპარა, გოგომაც მალულად შეხედა და შეეფეთა ერთმანეთს მათი მზერა. გოგომ დარცხვენით განზე გაიხედა, მერე ისევ წარბსქვემოდან ამოხედა ბიჭს. ბიჭმა თვალით ანიშნა იქვე ქვაზე დადებულ მინდვრის ყვავილების კონაზე. გოგომ აიღო და სახე ყვავილებში ჩამალა.
კედელს ამოფარებული ჭაღრაშერეული ახოვანი კაცი ერთხანს თვალს ადევნებდა ქალ-ვაჟს, მერე ფეხებთან დაგდებული ფიჩხის კონა ბეჭებზე მოიგდო. ფიჩხის ტოტი ჩამოშლილ კედელს გამოედო და აგურის ნაფხვები ხრიალით წამოვიდა მიწაზე. ქალ-ვაჟი შვლებივით შეკრთნენ. ქალი ადგილს მოსწყდა და სირბილით გაიქცა სოფლისაკენ. ბიჭმა დამფრთხალი თვალებით ირგვლივ მი-მოიხედა, თითქოს საეჭვო ვერაფერი შენიშნა. სანამ გოგო თვალს მიეფარებოდა დაახანა, ერთთავად ახლადაკოკრებულ ულვაშზე ისვამდა ხელს და მერე სწრაფი ნაბიჯით საწინააღმდწეგო მიმართულებით წავიდა.