თავი 1 - ფერია ბინაში მისის თომას ბერესფორდი დივნიდან ადგა და ბინის ფანჯრიდან პირქუში მზერით გაიხედა. პანორამა მასშტაბურობით ვერ დაიკვეხნიდა, რადგან მას ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მრავალბინიანი სახლი ფარავდა; მისის ბერესფორდმა ამოიოხრა და დაამთქნარა.
– ნეტავ, – თქვა მან, – რამე მაინც მოხდებოდეს.
მეუღლემ წყენითყ შეხედა.
– ფრთხილად, ტაპენს, მძაფრი განცდის ასეთი წყურვილი მაშფოთებს.
ტაპენსმა ამოიოხრა და ოცნებაში წასულივით დახუჭა თვალები.
– ჰოო, ტომი და ტაპენსი დაქორწინდნენ, – წაიღიღინა მან, – და ბედნიერად დაიწყეს ცხოვრება. ექვსი წლის შემდეგაც ბედნიერად ცხოვრობენ. უცნაურია, – თქვა მან, – როდესაც ერთს ელოდები, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირად ხდება.
– ღრმააზროვანი განცხადებაა, ტაპენს, მაგრამ ორიგინალურობას მოკლებული. ამაზე ცნობილი პოეტები და ღვთისმეტყველნი უწინაც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ბევრად უკეთ... ბოდიში კი მომითხოვია პირდაპირობისთვის.
– ექვსი წლის წინ, – განაგრძო ტაპენსმა, – დაფიცება შემეძლო, რომ საკმარისი ფულითა და შენნაირი ქმრით მთელი ცხოვრება ერთ ტკბილ სიმღერად მომეჩვენებოდა, როგორც ერთი პოეტი ამტკიცებს ხოლმე, აი, ის, კარგად რომ იცნობ.
– მერე, რომელი მოგყირჭდა – ფული თუ მე? – ცივად ჰკითხა ტომიმ.
– მოყირჭება ზუსტი სიტყვა არ არის, – კეთილად მიუგო ტაპენსმა, – უბრალოდ, უამრავი სიკეთე მარგუნა ამ ცხოვრებამ, ესაა და ეს. არავინ ფიქრობს ხოლმე თუნდაც იმაზე, თუ რამხელა ბედნიერებაა ცხვირით სუნთქვა, სანამ სურდო არ დაემართება.
– ცოტა გულცივად ხომ არ მოგექცე? – შესთავაზა ტომიმ, – ღამის კლუბებში სხვა ქალების ტარება დავიწყო ან რაიმე მსგავსი.
– აზრი არა აქვს, – თქვა ტაპენსმა, – მე იმით გიპასუხებ, რომ იქ სხვა მამაკაცებთან ერთად გავერთობი, თანაც კარგად ვიცი, შენ სხვა ქალები არ გაინტერესებს, აი, თავად კი დარწმუნებული ვერ იქნები, მეც იმავე აზრისა ვარ თუ არა სხვა მამაკაცებზე. ქალები ხომ უფრო გამჭრიახები ვართ.
– ჰო, კაცები მხოლოდ თავშეკავებით გჯობნით, – ჩაილაპარაკა ქმარმა, – მაგრამ მაინც რა გჭირს, ტაპენს, ასეთი უკმაყოფილო რატომ ხარ?
– არ ვიცი. მინდა რამე მოხდეს... რაიმე ამაღელვებელი. აი, შენ, ტომი, გერმანელ ჯაშუშებს ისევ ჩაუდგებოდი კვალში? აბა, გაიხსენე, ძნელბედობის ჟამს რა დღეები გვაქვს გამოვლილი. ვიცი, რომ საიდუმლო სამსახურს მეტ-ნაკლებად ისევ ემსახურები, მაგრამ ახლა რაღა ეგ გიკეთებია და რაღა კანტორაში გიმუშავია.
– დავიჯერო ის გინდა ბოლშევიკად გადაცმულს ბნელ რუსეთში მიკრან თავი, სადაც კონტრაბანდულ საქონელს გავყიდი?
– აბა, მაგაში რა ყრია? – კითხვა შეუბრუნა ცოლმა, – შენი თანხლების უფლებას არ მომცემდნენ, მე კი ისე მინდა რამის კეთება, რომ ხელები მექავება. რაიმე საქმე მაინც მქონდეს, ამას ვნატრობ და მთელი დღეა ამის თქმას ვლამობ.
– ქალს საქმეს რა გილევს? – ტომიმ ხელი აიქნია.
– ნასაუზმევს ოცი წუთი მუშაობა და, ბინა ერთიანად კრიალებს. განა რამე საწუწუნო გაქვს?
– დიასახლისობაში ბადალი არა გყავს, ტაპენს. უბრალოდ, ზოგჯერ მოსაწყენი ხდები ხოლმე.
– მადლობის მოსმენა მერჩივნა, – თქვა ტაპენსმა, – შენ, რასაკვირველია, შენი სამუშაო გაქვს, ტომი, მაგრამ დავიჯერო მძაფრი განცდა სულ არ გენატრება?
– არა, – მიუგო ტომიმ, – ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია, რადგან ეს განცდა შეიძლება უსიამოვნოც აღმოჩნდეს.
– ოჰ, ეს მამაკაცების წინდახედულობა! – ამოიოხრა ტაპენსმა, – ნუთუ რომანტიკითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება არ გენატრება?
– ასეთს რას კითხულობ, ტაპენს? – დაინტერესდა ქმარი.
– წარმოიდგინე, როგორი ამაღელვებელი იქნებოდა, – განაგრძო ტაპენსმა, – კარზე ბრახუნის ხმა რომ გაგვეგონა, კარი გაგვეღო და ბინაში ბარბაცით მკვდარი კაცი შემოსულიყო.
– მკვდარი ბარბაცით ვერ შემოვიდოდა, – კრიტიკულად შენიშნა ტომიმ.
– ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ, – უთხრა ცოლმა, – მომაკვდავი კაცი მუდამ ბარბაცებს, ხოლო როდესაც შენ წინ დაემხობა, იდუმალებით მოცულ რამდენიმე სიტყვასაც ამოილუღლუღებს... ხალებიანი ლეოპარდიო ან რამე მსგავსს...
– მე შოპენჰაუერის ან იმანუელ კანტის წაკითხვას გირჩევ, – უთხრა ტომიმ.
– ასეთი ლიტერატურა შენ უფრო წაგადგება, – შეედავა ტაპენსი, – სუქდები და ყველაფრით კმაყოფილი ხარ.
– სულაც არა, – აღშფოთდა ტომი, – დილაობით შენ ვარჯიშობ, მე კი არა.
– ახლა ყველა ვარჯიშობს, – არ ცხრებოდა ტაპენსი, – როდესაც გითხარი, სუქდები-მეთქი, ამ სიტყვას მეტაფორული მნიშვნელობა მივანიჭე, სინამდვილეში ის ვიგულისხმე, რომ უფრო მოხდენილი, წარმატებული და ცხოვრებით კმაყოფილი ხდები.
– ვერ გამიგია, რა გჭირს, – მხრები აიჩეჩა კაცმა.
– თავგადასავლების ჟინი, – დაიჩურჩულა ტაპენსმა, – სიყვარულის წადილს კი სჯობს.