თავი I - მოულოდნელი სტუმარი მე შემხვედრიან ადამიანები, რომელთაც უყვართ ლა-მანშის გადაკვეთა; ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მშვიდად იწვნენ შეზლონგებზე და ნავსადგურში შესვლისას გულმშვიდად ელოდონ, როგორ მიადგება გემი ნაპირს; შემდეგ აუფორიაქებლად შეაგროვონ თავიანთი ბარგი-ბარხანა და ნაპირზე გადავიდნენ. პირადად მე ვერასდროს ვახერხებ ამას. იმ წუთიდან, როცა გემბანზე ავდივარ, მგონია, მეტისმეტად მცირე დრო მაქვს ყველაფრის მოსაგვარებლად. ჩემოდნებს აქეთ-იქით დავათრევ და თუკი სალონში ჩავდივარ წასახემსებლად, საჭმელს გულდამძიმებული ვილოღნები ხოლმე. ასე მგონია, სანამ ქვევით ვარ, გემი შეიძლება მოულოდნელად მიადგეს ნაპირს. შესაძლოა ეს ყველაფერი ომის დროიდან შემორჩენილი მემკვიდრეობაა, როდესაც გასასვლელთან ადგილის დაკავებას ვჩქარობდი, რათა ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი, ვინც ნაპირზე გადავიდოდა, მაშინ, როცა სხვას სამი ან ხუთდღიანი შვებულების ძვირფასი წუთები უნდა გაეხარჯა გემიდან გადასვლაში.
ივლისის იმ დილას კი მოაჯირთან ვიდექი და ვუცქერდი, როგორ ვუახლოვდებოდით დუვრის თეთრ კლდეებს. მაოცებდნენ მგზავრები, რომელთაც შეეძლოთ მშვიდად მსხდარიყვნენ სკამებზე და მშობლიური მიწის დასანახავად თვალიც კი არ გაეხილათ.
თუმცა შესაძლოა მათი შემთხვევა განსხვავებული იყო ჩემისგან. ბევრი მათგანი კვირის ბოლოს, უქმეებზე იყო ჩასული პარიზში, მაშინ, როცა მე წელიწად-ნახევარი გავატარე არგენტინაში, ერთ რანჩოში. იქ ბიზნესმა გამიმართლა, მე და ჩემს ცოლს მოგვწონდა სამხრეთ ამერიკისთვის დამახასიათებელი ლაღი, მარტივი ცხოვრება. მიუხედავად ამისა, თითქოს ბურთი მომებჯინა ყელში, როცა ვუყურებდი, როგორ ახლოვდებოდა თანდათან ნაცნობი ნაპირი.
ორი დღის წინ ვიყავი საფრანგეთში, აუცილებელი საქმეები მოვაგვარე და ახლა ლონდონისკენ მივეშურებოდი. იქ რამდენიმე თვე უნდა დავრჩენილიყავი. დრო საკმარისად მექნებოდა, რათა მენახა ძველი ნაცნობები, სახელდობრ კი ერთი ძველი მეგობარი, ქონდრისკაცი, კვერცხივით თავითა და მწვანე თვალებით – ერკიულ პუარო! ძალიან მინდოდა გამეოცებინა. უკანასკნელ წერილში არაფრით მიმინიშნებია ჩემი მოგზაურობის შესახებ. მართლაც, ეს ვოიაჟი ნაუცბადევად დავგეგმე, ცოტა არ იყოს, არეულ-დარეული საქმეების გამო, და ბევრჯერ ხალისით წარმოვიდგინე ჩემი დანახვისას მისი სიამოვნებით გაბადრული და, იმავდროულად, გაოცებული სახე.
როგორც ვიცოდი, თავისი ბინიდან შორს არ უნდა ყოფილიყო. ის დრო, როდესაც საქმეები ინგლისის ერთი მხარიდან მეორეში დაატარებდა, წარსულს ჩაჰბარდა. პუარომ შორს გაითქვა სახელი და ახლა სახელოვანი დეტექტივი არ დაუშვებდა, მხოლოდ ერთი საქმისთვის შეელია დიდი დრო. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტად სურდა, გამხდარიყო „კონსულტანტ-დეტექტივი“ – ჰარლი-სტრიტის ექიმების დარი სპეციალისტი. ყოველთვის მასხარად იგდებდა მათ, ვინც აღფრთოვანებული იყვნენ ბოროტმოქმედთა მაძებრებით, ყველა ფეხის ნაკვალევთან რომ ჩერდებიან ზომის ასაღებად.
– არა, ჩემო მეგობარო ჰასთინგზ, – მეტყოდა ხოლმე, – ეს ჟიროსა და მის მეგობრებს დავუთმოთ, ერკიულ პუაროს მეთოდები კი მხოლოდ მას ეკუთვნის: წესრიგი, ლოგიკა და პატარა, რუხი უჯრედები. ჩვენ ვსხედვართ მშვიდად სავარძლებში და ვხედავთ იმას, რასაც ვერ ხედავენ სხვები და არ ვჩქარობთ დასკვნის გამოტანას, როგორც სახელგანთქმული ჯეპი.
არა, ნაკლებად სავარაუდო იყო, ერკიულ პუარო სადმე გამგზავრებულიყო. როგორც კი ჩავედი ლონდონში, ბარგი სასტუმროში დავტოვე და პირდაპირ ნაცნობ მისამართზე გავემართე. ამ ყველაფერმა ცხოველი მოგონებები აღმიძრა. ძლივს შევიკავე თავი, რომ შევყოვნებულიყავი, რათა სახლის მოხუც მეპატრონეს, ჩემს ყოფილ დიასახლისს, მისის პირსონს, მივსალმებოდი. სასწრაფოდ ავირბინე კიბე, ერთი ნაბიჯით ორ საფეხურზე ავდიოდი, და ფრთხილად დავაკაკუნე კარზე.
– შემოდით, შემოდით! – მომესმა ნაცნობი ხმა.
შევაბიჯე, პუარო ჩემ წინ იდგა. ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა, რომ დამინახა, ხმაურით დააგდო ძირს.
– Mon ami, ჰასთინგზ,– იყვირა მან, – Mon ami (Mon ami (ფრანგ.) – ჩემო მეგობარო.), ჰასთინგზ!
გაშლილი ხელებით წინ გამოიჭრა და გადამეხვია. ერთმანეთში აირია მგზნებარე შეძახილები, შეკითხვები, დაუსრულებელი პასუხები, ჩემი ცოლის მოკითხვები, ახსნა-განმარტებები ჩემი მოგზაურობის შესახებ – არეულ-დარეულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად ვლაპარაკობდით.
– ჩემს ძველ ბინაში, მგონი, ვიღაც შესახლდა, ხომ ასეა? – ვიკითხე ბოლოს, როდესაც, ასე თუ ისე, დავმშვიდდით, – სიამოვნებით დავბინავდებოდი ისევ თქვენ გვერდით.
პუარო უცებ შეიცვალა.
– Mon Dieu (Mon Dieu (ფრანგ.) – ღმერთო ჩემო.)! ეს არის chance épouvantable (Chance épouvantable (ფრანგ.) – უსიამოვნო დამთხვევაა.). მიმოიხედეთ გარშემო, მეგობარო.
ახლაღა მოვავლე თვალი ოთახს – კედელთან წინაისტორიული სკივრები ჩაემწკრივებინა, იქვე ახლოს კი, ზომის მიხედვით, დიდიდან პატარამდე, უამრავი ჩემოდანი ჩაერიგებინა. საეჭვო აღარაფერი იყო.
– სადმე მიემგზავრებით?
– დიახ.
– სად?
– სამხრეთ ამერიკაში.
– რაო?!
– დიახ, სასაცილო ფარსია, არა? რიოში მივდივარ და ყოველდღე ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ არაფერს მოგწერდით – ოჰ, რა სასიამოვნო იქნებოდა თქვენთან შეხვედრა სამხრეთ ამერიკაში!
– როდის მიემგზავრებით?
პუარომ საათს დახედა.
– ერთ საათში.
– მე კი მეგონა, ვერაფერი გაიძულებდათ, ხანგრძლივ საზღვაო