რედაქტორის წინასიტყვა
წიგნის რედაქტორად მომიწვია ავტორმა და უნებლიეთ მოხიბლულ მკითხველად ვიქეცი - შემიყვარდა ლექსები, რომლებიც ფხიზელი თვალით უნდა განმესაჯა და გამეცხრილა. მეორე დღეა, ეს ლექსები თავად მკითხულობენ და თბილი სევდით მამუნათებენ. „ცა - შენი წილი - დახლებს შორის ჩამოატარეს. გულზე პეპელა რომ დაგაჯდეს, ვერ აფრინდება, ისე მძიმეა ირგვლივ ჰაერი.“ ვკითხულობ, მტკივა და აივანზე გავდივარ, რათა კიდევ ერთხელ შევავლო თვალი მოწმენდილ ცას, სიგარეტის ბოლს გავატანო მისკენ რაღაც ნაწილი ჩემი მღელვარებისა, დავმშვიდდე და ოთახში რედაქტორად შევბრუნდე. იქ კი ისევ ეს ლექსებია... „წყალს მოუყევი, როგორ მოკლეს ყველა ყვავილი.“ ცას ხომ მოვუყევი, ის სიზმარი კი მაინც გრძელდება. ახლა „მატარებლები“ შემხვდა. ჩემო რობერტ, ამ ლექსმა ფელინის „ამარკორდი“ გამახსენა და კიდევ... ყრმობა, რომელიც ერთნაირად გვისხლტება და გვაგონდება, მშობლიური ქალაქი, რომელიც ყრმობიდან გამოსვლის მერე დავკარგეთ. შენთვის ეს სოხუმია, საითკენაც ენგურზე გაბმულ „ბეწვის ხიდსაც“ კი გაჰყვებოდი, კვლავ რომ გეხილა, ჩემთვის კი ბათუმია, სადაც დავიბადე, სადაც ახლაც ვცოცხლობ, სადაც ყველა ქვა ნაცნობი და საყვარელია, მაგრამ ის ხალხი, ვინც მიყვარდა, ვისაც ვუყვარდი და ვისგანაც ვსწავლობდი, ცოტაღა დარჩა...ისევ აივანზე უნდა გავიდე და მოვწიო... დედას იგონებ გარდაცვლილს და ისე იგონებ, მეც დედაჩემი მომენატრა და საფლავზე მომინდა გასვლა.
ჩემი აფხაზი მეგობარი, ბათუმელი, ჩემთან შეზრდილი, სოხუმში ცხოვრობს. უცოდველია ჩვენს წინაშე. პირიქით, მადლიანია... მაინც სოხუმში ცხოვრობს და ენატრება, ვიცი, ბათუმი. ქვა და ცემენტი კი არა,- ბათუმელები და თავისი ბავშვობა. შენც ხომ სოხუმიგენატრება... სოხუმელები... შენც ხომ ის სული გენატრება, იქ რომ სუფევდა. „ნეტა, ახლა როგორი თვალები აქვთ ჩემს ქალაქში ადამიანებს, რას უსმენენ წელში გადრეკილი ხეები... აფხიარცას ხმა თუ ესმით საიდანმე ან ჩონგურის თუნდაც, თუ მხოლოდ ბალალაიკის წრიპინი აფრთხობს ზვირთსაჭრელთან შეთამამებულ ქაფშიებს?“.იმ ჩემი მეგობრისნაირი აფხაზი და შენნაირი ქართველი შეძლებენ სიყვარულის სახლის აშენებას სოხუმში, ბათუმში, თბილისში... თუ დაანებეს...
ლექსები ტკივილისკენ მიგვაქანებენ, მაგრამ ეს ის ტკივილია, სიყვარულს რომ ამრავალწილებს და ამდენ სილამაზეს შობს. ეს არის მაღალი პოეზია და მე, რედაქტორად გამწესებული, მაინც ბედნიერ და სევდიან მკითხველად ვრჩები.
ბადრი თევზაძე
ბათუმი. 2013 წლის 27 აპრილი