„კოჭლი სტრიქონი ერჩიაო მთელს
იმპერიებს!“
მწერალი ბევრი გვყავს, კლასიკოსი ცოტა.
მურმან ლებანიძე კლასიკოსია.
მისი შემოქმედება გამორჩეულია ეროვნული ძარღვის გამძაფრებული ფეთქვითა და მომხიბლავი პოეტური სახეებით, მოდულაციებით.
მ. ლებანიძისთვის თავიდათავია მოყვასის სიყვარული. ხელს გადაგხვევს თუ გსაყვედურობს, ყოველთვის გულით შენთანაა, სურს აგამაღლოს. ამიტომაც ვამბობ, იგი მეკვლეა და არა თანამგზავრი.
„შენ ხარ პოეტი -
ფიქრი გმართებს და მსოფლიობა,
არ დაამადლო,
პოეტო, ფიქრი
შენს მტერ-მოყვარეს,
შენს საბრალო კაცობრიობას“.
არ კმარა იმის თქმა, რომ მ. ლებანიძე საქართველოს, მზის და მიწის, საერთოდ, სიცოცხლის მომღერალია. აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ ყოველივე ამას ძალზე ორიგინალურად, საშური ოსტატობით ამჟღავნებს.
ერთ შემთხვევაში პირდაპირი გაცხადება მძლავრობს. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს გრძნობა ახრჩობს და უსწრაფესად თუ არ განთავისუფლდა მისგან, დაიღუპება. ამიტომაც მრავალფეროვანი პოეტური სამკაულებისათვის დრო არ რჩებაო.
„ლხინში - ავხირდები,
ჩრდილში დაგიდგები,
ჩემთვის ვაჩხაკუნებ
ფანდურს, სანატრელო;
ჭირში - დაგიტკბები,
ბევრს არ დაგპირდები;
ფეხზე დაგიდგები,
ჩემო საქართველო!“
დიდი გრძნობის სადად გამჟღავნების კლასიკური ნიმუშია.
სხვა შემთხვევაში საგანთა პროექცირება იწევს წინ და მათგან მომდინარე შთაბეჭდილება ხმიანდება. იმგვარი დეტალებით შერჩეული, რომლებიც არა მხოლოდ შენთან, არამედ წინაპრებთანაც არის დაკავშირებული. ისინი ვიზუალურადაც მომხიბვლელია.
„უკვე ჩავლილია
შემოდგომა წითელ-ყვითელი,
წვერზე შერჩენილი
მჩუტე ნიგოზს ნიავი არხევს,
კაკლის ხე შუკას
გადმოჰყურებს შიშველ-ტიტველი,
გდია ჭოლოკი -
ჩაუვლიათ სკოლისკენ ბალღებს.
თავს დასტრიალებს
ბეღურების გუნდი ნალიებს,
მშვიდობა ირგვლივ,
გარინდულა ყანაც და ტყეცა;
ჩლიქის ნადგომში
ნაწვიმარი წყალი დალიეს
და, როგორც წესი,
მიაჩერდნენ ქათმები ზეცას“.
მ. ლებანიძის ნაწარმოებები წმინდა ლექსმეტყველების, ვერსიფიკაცია - სტრუქტურის თვალსაზრისითაც გამორჩეულია. თავად ბრძანებს და სამართლიანადაც: „საქართველოში თუ ვინმემ რიტმიკა და პოეზიის ორკესტრირება იცის, ვიცი მეც“.
მან შემოგვთავაზა მოკლე სტრიქონის შემდეგ გრძელი სტრიქონი, რაც ორიგინალურ რიტმს ქმნის.
მ. ლებანიძის ლექსთა დიდი ნაწილი აგებულია კლასიკური მოდელის მიხედვით, როცა ამბავი მძლავრობს და ფაქტთა ფიქსაცია თუ განწყობილების განფენა ლოგიკური თანმიმდევრობით ხდება.
ხშირად იყენებს რეფრენს. გავიხსენოთ, თუნდაც, „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“ ან „შენ გიტოვებ, ეს ქვეყანა შენია!“ ამ გზით ექსპრესიულობა მატულობს და მახვილის ფუნქცია ძლიერდება.
მ. ლებანიძის საყვარელი ხერხია შეპირისპირება, თანაც არა მოკვეთილი, არამედ გაშლილი. ორივე მხარე თითქმის თანაბრად არის წარმოჩენილი და დასკვნაც ძირითადი ნიშნების საფუძველზეა გამოტანილი. ამ მხრივ ტიპურია „ბულბულს მირჩევნია შაშვი“.
ხსენებული ხერხის ვარიაციულობით ფართო პანორამის წარმოსახვისა და ჩანაფიქრის დამაჯერებლად გამოკვეთის საუკეთესო შესაძლებლობა ჩნდება.
ერთხელ კიდევ გადავიკითხოთ „ლექსის მწერალი ხშირდება...“ ქართული პოეზიის გრანდები მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ პირველ რიგში რა მოეთხოვება მგოსანს.
„თავისთვის იჯდა ჩრდილში.
არას იტყოდა ანა...
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა“.
სხვათა შორის, მ. ლებანიძის ნაწარმოებებიდან საგანგებოდ უნდა გამოვყოთ გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლი. პოეტთა მეფის მსგავსი შთამბეჭდავი პორტრეტი ჯერ არავის შეუქმნია.
იმასაც დავსძენ, რომ მ. ლებანიძე თავის უპირველეს მასწავლებლად სწორედ გალაკტიონს მიიჩნევს. ერთგან მიუთითებს: „ეს წიგნი დაწერილია პოეტის მიერ, რომელმაც თუ რამ საიდუმლო იცის, ოთხი მეხუთედი გალაკტიონისაგან და მხოლოდ ერთი მეხუთედი - დანარჩენი მსოფლიოსაგან“.
მ. ლებანიძისათვის უცხოა ფორმის აღზევებისათვის შინაარსის გაწირვა. მეტსაც ვიტყვი: მკაფიობისა და სინათლისათვის ზოგჯერ პუბლიცისტურ ჩარევასაც არ გაურბის.
ნაღდი პოეტი მხოლოდ ლექსით როდი იცნობა. პროზასა, კრიტიკულ წერილებსა თუ დღიურებშიც ვგრძნობთ მის გამოხედვას. იგი, უპირველეს ყოვლისა, პირუთვნელი მოქალაქე უნდა იყოს, სიწმინდისა და ობიექტურობისათვის მებრძოლი ბატონი მურმანი დიახაც ასეთია. საკმარისია გადაფურცლოთ მეოთხე ტომი, რომ ეს მეყსეულად გაცხადდეს.
* * *
1986 წლის 11 იანვარს ვახტანგ ჯავახაძემ მიგვიწვია: მურმან ლებანიძე, ბესიკ ხარანაული და მე. სერობა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როცა ბატონმა მურმანმა გამიხმო:
- ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება გალაკტიონი. ტანჯულის სახე აქვს რაღაცას მთხოვს. გავთავდი კაცი. ცხვარი უნდა დავუკლა სულის საოხად.
შევთანხმდით, გაზაფხულზე ჭყვიშში შევიკრიბებოდით. და აი, 3 მაისს ბატონი მურმანი და ქალბატონი ელენე რამდენიმე მახლობლით სოფელში მესტუმრნენ. ვახტანგ ჯავახაძეც ვაჟითურთ ჩვენთანაა.
რიტუალი ყველა წესის დაცვით ჩატარდა. მღვდელი, ლოცვა, სანთლები და ა. შ. იმ დღეებში ხვაშიადის გამხელაც იყო და მრავლისმთქმელი გაყუჩებაც, პოეზიით ტკბობა და ფილოსოფიური განსჯანიც, თავახდილი ზანდუკიდან უძველესი ფოლიანტების ამოსუნთქვა და გალაკტიონის დედის დღიურებით გაოგნებაც.
პირველ საღამოს ბატონი მურმანი ცოტას სვამდა. არც მე ვგულბაათობდი. შუა პურობისას გადავუჩურჩულე:
- ეკლესიის ეზოში ხომ არ გადავსულიყავით?
ბიჭოია ტაბიძე ხელადითა და ჯამით მოგვყვება. წინაპართა საფლავებთან ქვებზე ჩამოვსხედით. უსიტყვოდ წავუქციეთ. ვდუმვართ და მთვარის რონინს თვალს