წინასიტყვაობის მაგიერ
ანა კალანდაძე:
ვახტანგ ჯავახაძე ჩემი რამდენიმე კრებულის რედაქტორი იყო. იმ დროიდან მასთან მეგობრობის „საიმედო თოკი მაერთებს“. პატიოსანი, მართალი, მისანდო და კეთილგანწყობილი კაცია („სუსტი ვარ, მაგრამ მაინც არ წავალ იქით, საითაც ქარი უბერავს“...). იგი ჩემთვის ერთი იმათგანია, ვისაც ხშირად ვურეკავ, ვეკითხები, ვეთათბირები და რომლის რჩევასაც უყოყმანოდ ვიღებ და ვიზიარებ („ჩვენა ვართ ერთი ცოცხალი რიგი, იმედის რიგში ვდგავართ მარადის და ერთადერთი იმედი იგი მუდამ ხელიდან ხელში გადადის“...).
მურმან ლებანიძე:
მეორე დღეა, ვკითხულობ, ძმაო ვახტანგ, მერამდენედ, შენს დიდ წიგნს ერთ გრძლად გაბმულ ფიქრს სიკეთესა და ბოროტებაზე, ვერტიკალურად გაზრდილსა და ტელეფონებით დანაღმულ ქალაქებზე, იმედის რიგში მდგომ საბრალო ადამიანებზე, პოეზიისა და შენთვის აგრე საყვარელი სახვითი ხელოვნების უჭკნობ მშვენიერებაზე, ზეპირად ენაზე მადგას შენი ელვარე სტრიქონები: „ცა მიწყრება და მიწა მიწყრება და წყალში ვდგავარ, როგორც ლოტოსი, ჩემს სიხარულს და თავდავიწყებას ზარები უნდა ქვაზიმოდოსი“..., „რა კარგი იყო, ადრე მენახე, დღეს ამაოა გარჯა და განსჯა, როგორც ტრამალზე გასულ მენაღმეს, ერთი შეცდომის უფლება დამრჩა“... ვკითხულობ გრძლად გაბმულ ფიქრს მარადიულ, მძვინვარე ომზე, სადაც ბარიკადების ერთ მხარეს დგანან „სერვანტესის დედა და დები, ვან გოგის ძმა და სააკაძის უმცროსი ბიჭი“, მეორე მხარეს კი „ოძელაშვილის ნათლიმამა, ჰამლეტის ბიძა, ჰეროსტრატე და ნერონი“...
ასეთია, ძმაო ვახტანგ, შენი პოეზია, პოეზია აზრისა და განსჯის, პოეზია ინტელექტითა და სიბრძნით, სულგრძელობით აღბეჭდილი.
გურამ ასათიანი:
ვახტანგ ჯავახაძის ბოლოდროინდელი ექსპერიმენტები უთუოდ ორიგინალურია. ის ძირითადად პოეტური ფრაზის ფოლკლორულ სტრუქტურას ეყრდნობა, კერძოდ, სიტყვების თავისებურ თამაშს, რაც განსაკუთრებით ქართული ზღაპრისთვისაა დამახასიათებელი. ენამახვილობა და მახვილგონიერება აქ ერთმანეთს ეჯიბრება. ვახტანგ ჯავახაძე დაჯერებულად გრძნობს თავს ამ სამყაროში. ხალხური სტიქია მას ხშირად ეხმარება: სიტყვები სიტყვებს ბადებენ, ყოველ ახალ სიტყვასთან ერთად იბადება ახალი წარმოდგენა, აზრი აზრში გადადის და ეს ხდება ბუნებრივად, თავისთავად, ვინაიდან სიტყვებს აქვთ თავიანთი შინაგანი ცხოვრება, შინაგანი კავშირები, ურთიერთ მიზიდულობისა და განზიდვის უნარი... აქ მიღწეული სისადავე ერთდროულად ზღაპრისა და პროზის უბრალოებით საზრდოობს. უბრალოდ, უხმაუროდ, ზედმეტი გართულებების გარეშე მიღწეულია ის, რასაც პოეზიაში უკიდურესი ნოვაციების მომხრენი თხოულობენ.
ტარიელ ჭანტურია:
პოეტების დახასიათებისას ჩვენ გვიყვარს ეპითეტების დახვავება ნიჭიერიო, მაღალნიჭიერიო, ბრწყინვალეო, შესანიშნავიო, ცნობილიო, გამოჩენილიო, თვალსაჩინოო... მკითხველებისა თუ ამავე პოეტების საუბრისას კი ეს შკალა მეტისმეტადაა გამარტივებული კაი პოეტიაო, იტყვიან კაცზე და მორჩა, ყველაფერია ამით ნათქვამი! ეს „კაი პოეტი“ ერთნაირად ეხება გალაკტიონსაც, ანრი მიშოსაც, ეზრა პაუნდსაც, გიორგი ლეონიძესაც, ოთარ ჭილაძესაც, სილვია პლატისაც, გივი გეგეჭკორსაც... მეც მარტივად ვიტყვი: ვახტანგ ჯავახაძე კაი პოეტია. ამით ყველაფერია ნათქვამი!
რაც შეეხება საკუთრივ ირონიულპაროდიულ ნაკადს, ამ თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო და ჯეროვნად შეუსწავლელი პოეტი ერთია ჩვენში ამჟამად: ვახტანგ ჯავახაძე.
დავით წერედიანი:
ვახტანგ ჯავახაძე მკითხველის წინაშე თავიდანვე მომწიფებულ პოეტად, სიტყვის ისეთ დასრულებულ ოსტატად წარდგა, თითქოს ეს მაღალი ოსტატობა თავისით, სულ იოლად მისცემოდეს, ყოველგვარი შრომისა და დაძაბვის გარეშე. მის ლექსს ათას სხვაში უცებ გამოიცნობდი. ეს იყო ერთ მოულოდნელ პოეტურ იდეაზე ასხმული ფაქიზი, ცოცხალი ლირიკული ხვეული, რთული და ამავე დროს გამჭვირვალედ სადა, ფიქრიანი და თან მუდამ უაღრესად ფხიზელი. გადიოდა დრო, ვახტანგ ჯავახაძის პოეზიას ახალი თემები, ფერები, ნიუანსები ემატებოდა და თითქოს ასეც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს პოეტმა ეს გზა დასრულებულად ჩათვალა, მხოლოდ შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ უბრუნდებოდა. თავის ძირითად სათქმელად კი აქცია ლექსითამაში, სადაც საგნები და სიტყვები უცნაურ მალაყებს გადადიან და თავდაყირა დგებიან. ასეთი მანერა, რა თქმა უნდა, დიდ მახვილგონიერებას, სიტყვისა და სტრიქონის ზედმიწევნით ფლობას მოითხოვს, მაგრამ ვახტანგ ჯავახაძისაგან ეს სრულებითაც არ გამკვირვებია. ამიტომ, ცოტა არ იყოს, გულიც დამწყდა, რადგან ლირიკისაგან ერთგვარ განდგომად მივიჩნიე. არადა, როცა ეს ლექსები ერთ წიგნად შეკრებილი ვნახე, ჩემდა გასაოცრად, სულ სხვა სურათი წარმომიდგა: მათ ხალისიან, თითქმის უდარდელ ტონს მიღმა, სიტყვებისა და სტრიქონების თითქმის ჯამბაზურ ილეთებს მიღმა, როგორ მკაფიოდ ასახულიყო ჩვენი ყოფის აფსურდულობა, უმწეობა, ტრაგიზმი, თანაც ერთი ლირიკული წამოკვნესების გარეშე! და ყოველივე ეს რა დიდი პოეტური კულტურის დონეზე ხდებოდა!
როსტომ ჩხეიძე:
ვახტანგ ჯავახაძე იმ მწერალთაგანია, ვინც განსაზღვრავს არა მხოლოდ პოეზიის, არამედ თანამედროვე ლიტერატურის დონეს. თავს რომ ვიდებთ გვინდა მონაწილენი გავხდეთ ევროპული ლიტერატურული პროცესებისა და ვამბობთ, რომ საამისო ძალაც მოგვდევს, ამ ფასეულებების შემქმნელთა შორის არის ვახტანგ ჯავახაძეც. იგი მუდმივი მაძიებელია, ამიტომაცაა, რომ მისი შემოქმედება ყოველთვის სიღრმით და სიახლით იპყრობს ჩვენს ყურადღებას.
ვახტანგ ჯავახაძის პოეზიიდან