ელეგია პირველი: ყელსაბამი ვეჩვევი უშენობას!"
მ უ რ მ ა ნ ლ ე ბ ა ნ ი ძ ე
დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა - შენები,
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები.
ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი -
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი,
რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოს სერობა,
სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა.
ადრე დაღამდა, შენი სენაკი მიმწუხრის მთვარემ მოავარაყა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
მაინც ყველაფერს შენი სახელი ჰქვია და ჩემებს აღარც დავეძებ,
ადრე არასდროს არ მიფიქრია ჩემეულების სიცოტავეზე.
ქალი უფრო მეტ სამხილს სტოვებსო, - იუწყებიან ღვთისმოსავები,
ამიტომ კაცმა უნდა გაასწროს, უნდა ჩააცვას დროზე შავები.
შენ კი კედლებიც გამოგეტირა და ცრემლი ისე გადმოგიღვარდა,
ნეგატივივით გამოამჟღავნა, რა გიყვარდა და რა არ გიყვარდა.
ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო,
გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.
ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,
ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.
იმდენი წყვილი თვალით მიყურებ, თვალებში თითქმის ვერ ვიხედები,
ენაცვლებიან სუფთა პროფილებს - პროფილის სამი მეოთხედები.
ლაშას - და არა ლაშარის - ჯვარმა დახატა შენი ფოტო-კოლაჟი
(ჯვარი - თაყვანის-საცემელია, როგორც წერია "სიტყვის კონაში").
სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარ ესაბამები,
ახალ პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები,
რომლებსაც აქებს სალამური და აქებს ჩანგი და აქებს გიტარა,
ვეღარ შეიბი ერთი, რომელიც შენმა ირაკლიმ ჩამოგიტანა.
მოდი, კასეტას გადავახვევ და არ შეგაშინოს ჩემმა შექებამ,
მოვტეხავ მაგ შენს ყელსაბამებს და ხელსაბამებს და ისე შეგაბამ.
და, რაკი ქვეყნად კიდევ ვეთრევი, შევავედრებ და შევევედრები,
რათა ვარდების ლიტურგიაზე დაამწყალობნონ შენი თეთრები.
შენ ხომ იმ პირველ დაბადების დღეს არ მავიწყებდი არასდიდებით,
როცა წითლები - მოპარულივით - შემოგაჩეჩე ხელში ტიტები.
ნანები! - შენი იავნანები: ნანები! – შენ და ვარდონანები:
გინანე! - კვლავაც მაგ ჩანიშნული დედის ლოცვისთვის დამენანები.
დასანანია: ჩვენს ბედისწერას უსმი რადარი არადარებდა,
ჩვენ ვერ დავბერდით, გავითამაშეთ არჩევანი და არადანი და
ჩვენ არ დავბერდით, გზები გავიგნეთ შარავანდით და შარავანდედით,
ჩვენ ერთმანეთს და ერთიმეორეს შევაბერდით და გადავაბერდით
და გავიხსენეთ მოსკვა-რეკა და ჩვენი თაფლობის სამი დეკადა,
კრემლის საათი როცა ჩვენთვისაც რეკავდა, მაგრამ მშვიდად რეკავდა.
ვაქებდით არბატს, სადაც ქართული იყიდებოდა მაშინ ლავაში
და სადაც ახლა უპედესტალო ძეგლი დგას ბულატ ოკუჯავასი,
და გაგეხუმრე (თუმცა ხუმრობას ვერ მიგვიხვდება ზოგი პინგვინი):
დაბერებულიც ისე მომწონხარ, მოდი, მეორედ ვიფსკვნათ გვირგვინი.
მაგრამ სიმაღლე ვერ გადავლახეთ - გათვლილი უხილავი თამასით -
და ვეღარც ნიკო ლორთქიფანიძის ბებრები ვეღარ გავითამაშეთ.
ვერ გაგამდიდრე, ალმას-ლალებით ვერ დაგიმძიმე კაბა-კუბანი,
ჩვენ ვაჟკაცურად მოვიგერიეთ ცხრაასი მილიონი კუპონი
და მერე, როცა ავთანდილივით წამოგვეშველა ლარის ტირაჟი,
მე შენ დოლარი გადაგიხადე "უცნობის" ყოველ კორექტურაში.
ახლა ბირჟაზე ავდარია და ისე უბერავს ევრო-მისტრალი,
არ ვიცი, როგორ მოვიგერიო, ჩემო ფინანსთა ნამინისტრალო.
მაგრამ მე უფრო მაინტერესებს გასაშიფრავი წლების ქაოსი:
აქედანა და შენამდე კიდევ რამდენი დამრჩა სააქაოსი.
ვინ იცის, რამდენს გამოიმეტებს ჩემი გენების ენერგიები,
ანდა - რამდენჯერ გადამარჩენენ ეს ჩემი სისულელეგიები?
ცხრა წლის ვალი მაქვს, ჩემო მევალევ, ჩვენ გაგვიმეტა ჩემმა ასაკმაც:
აქეთ დამტოვა, აქეთ განმსაჯა, აქეთ გამსარჯა და დამასაქმა.
აქეთ - ბრინჯაოს ორი მხედარი - ვახტანგ (ელგუჯა) - დავით (მერაბი),
იქით - ბრინჯაოს ხელსაბამები - შენი ფერადი ეფემერები!
ისე დამძიმდა შენი ხელკავი, ვეღარ გავბედე ხელის გაშვება
და, თუმცა დათომ ხელები კიბის მოაჯირივით შემოგაშველა, -
ჩვენი ზიარი ნაფეხურები კატაბალახამ ააბალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
ამიერიდან სალხინებელის ცალმხრივ ტრასაზე უნდა გეძიო
და, რაკი ვეღარ მომიბრუნდები, მე თვითონ უნდა წამოგეწიო
და,