მცირე მემუარები - „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი“ *
– მოდი, ერთი, ბაზარში შევიაროთ, – შემომთავაზა „ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლულმა პოეტმა“, რომლისთვისაც ბაზარი მხოლოდ ბაზარს არ წარმოადგენდა. ჩვენ ლიტერატურის ინსტიტუტის შენობიდან გამოვედით. იგი ამ ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ. მე მისი ექვსტომეულის რედაქტორად დამნიშნეს და ჩვენი საქმიანი საუბრების შემდეგ – თბილისის ყველაზე პატარა ვერის ბაზრისაკენ ფეხით გავეშურეთ, რადგან ბაზარი იქვე – ინსტიტუტიდან ასიოდე მეტრით იყო დაშორებული.
შესვლისთანავე ყასბებთან აღმოვჩნდით: საღამოს ბაზარში მოწყენილები – პოეტის დანახვისთანავე გამოცოცხლდნენ: „თქვენი საკადრისი აღარაფერი შემოგვრჩაო, ბატონო გოგლა“, – მოუბოდიშა ერთ-ერთმა. ორი მოზრდილი ნაჭერი მაინც ააწონინა ერთად და მერე ცალ-ცალკე შეახვევინა. ნაყიდი კალათაში ჩაალაგა მძღოლმა, რომელიც თან გვახლდა. რაც იყიდა, ყველაფერი ორ-ორ პარკში ჩააწყობინა. დახლზე თურაშაულის პირამიდა და თურაშაულის გამყიდველიც მოეწონა. სადაურობა ჰკითხა და მართლაც მშვენიერმა ქალბატონმა გორის რომელიღაცა სოფელი დაუსახელა. მიცანიო? – ჰკითხა. დიახო, – უპასუხა გამყიდველმა და დაირცხვინა. აბა, ვინა ვარო? – არ დაცხრა პოეტი, ვიდრე სახელი და გვარი არ ათქმევინა.
ვაკისაკენ გავეშურეთ ავტომობილით. მძღოლმა მანქანა ბარნოვის ქუჩაზე გააჩერა, კალათიდან თითო-თითო პარკი ამოალაგა და სადარბაზოში გაუჩინარდა. აქ ჩემი და ცხოვრობსო, – ამიხსნა ბატონმა გოგლამ.
გზა რიგის ქუჩისაკენ გავაგრძელეთ. მერე მე მძღოლმა ვეძისში გამიყვანა.
*
– მოდი, ერთი, რუსთაველზე გავიაროთ, – შემომთავაზა ერთ-ერთი მორიგი შეხვედრის შემდეგ. უკვე ზამთარი იდგა. ადრე დაღამებულიყო და გაბრწყინებულ პროსპექტს გავყევით. ვიდრე ოპერას გავუსწორდებოდით, შემაჩერა და მარჯვნივ მიმახედა: ქუჩის პირას პატარა განათებულ ოთახში ფეხსაცმლის მწმენდავთან იოსებ ნონეშვილი იჯდა. „მგოსანი!“ – წარმოსთქვა და გზა გავაგრძელეთ.
მთავრობის სასახლეს რომ მივუახლოვდით, სასტუმრო „თბილისის“ წინ, მეორე მხარეს, ქალი და მამაკაცი შეიცნო და ქუჩა გადავჭერით. ცნობილი უზბეკი მწერალი და მისი მეუღლე დიდი აღფრთოვანებით გადაკოცნა და გამაცნო. სამწუხაროდ, მწერლის გვარი და სახელი აღარ მახსოვს, მახსოვს, რომ ის იყო ავტორი საბჭოთა კავშირში გახმაურებული რომანისა „სამარყანდის ვარსკვლავები“. კონსტანტინე გამსახურდიამ დაგვპატიჟა და მანქანას ველოდებითო, – განაცხადეს თბილისის სტუმრებმა. კარგახანს ისაუბრეს, მაგრამ მანქანა არ ჩანდა. ეტყობა, დღე ან საათი შეეშალათ. სასტუმროს წინ პირველ სართულზე რესტორანში მოქეიფეთა საუწყებო „ვოლგები“ იდგა. პოეტმა ერთ-ერთ მძღოლს მისი შეფის ვინაობა გამოჰკითხა და დაამატა, შედი და უთხარი, გიორგი ლეონიძეს სჭირდება მანქანაო. რესტორნიდან ნასვამი მამაკაცი გამოვიდა და ბატონ გოგლას მიესალმა – როგორც გენებოთ, ისე მოიმსახურეთ ჩემი მძღოლიო.
გალის ქუჩისაკენ გავემგზავრეთ. გამსახურდიების რკინის ალაყაფთან სტუმრის არავითარი მოლოდინი არ შეიმჩნეოდა. საკმაო დაგვიანებით ალაყაფი გაიღო და სამმა სტუმარმა ეზოში შეაბიჯა. მე მძღოლს უკან გამოვყევი.
*
ერთხელ საღამოს ექვსი საათისათვის სახლში დამპატიჟა. იმ დღეს მოსკოვიდან ახლად ჩამოსული მიშა ქვლივიძე გამომეცხადა გამომცემლობაში და ჩვენ მიშას ჩამოსვლა ზემელზე კაფე „მეტროში“ აღვნიშნეთ. ექვსი საათისათვის საკმაოდ მომეკიდა არაყი და სტუმრობა ვეღარ გავბედე.
მეორე დღეს მისაყვედურა. მე სხვა მიზეზი მოვიმიზეზე. წინადღის სტუმრები ჩამომითვალა: ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ლადო გუდიაშვილი, კირილე ზდანევიჩი და სხვები. მე გამიკვირდა და ვკითხე: კირილე ზდანევიჩი ცოცხალია-მეთქი? რა თქმა უნდა, ცოცხალია. მოსულიყავი და გაგაცნობდიო.
პატარძეულში რომ წყარო გამოიყვანა, მაშინაც მიმიწვია და, სამწუხაროდ, წყაროს გახსნას ვერ დავესწარი.
*
ძალიან ხშირად რეკავდა ტელეფონით. გამომცემლობაში რომ მესტუმრებოდა, ჩემს ტელეფონსაც ხშირად იყენებდა – პირადი და ახლობელთა თუ გარეშე მთხოვნელთა ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად. ქაღალდის ფურცელზე ჰქონდა ჩამოწერილი ტელეფონის ნომრები.
– შენ რატომ არაფერს მთხოვ? – შემეკითხა ერთხელ. მე ჯერ კიდევ თავისუფალი მოქალაქის სტატუსით ვსარგებლოდი და ოჯახს გვიან მოვეკიდე.
*
ერთხელ იოსებ გრიშაშვილი გაიხსენა:
– მოსკოვში მივემგზავრებოდით მატარებლით. სოსო ყოველ ვაგზალზე ჩადიოდა და გაზეთებს ყიდულობდა. კუპეში მივაკითხე და გაზეთები ვთხოვე. გულდასმით გადათვალა თითო-თითო და ისე ჩამაბარა.
*
ერთადერთი პირადი წერილი შემომრჩა – 1961 წლის სექტემბერში ქობულეთის მეოთხე სამმართველოს მესამე სანატორიუმიდან გამოგზავნილი:
– სალამი ვახტანგს! ძალიან გთხოვ შემატყობინე წიგნის ვითარება. რა დაიბეჭდა, ან გიამ რა ჰქნა! სხვათა შორის, დააკვირდი და გადაეცი გორდელაძეს, რა უხეშად, ტლანქად, ხალტურულად არის გაკეთებული ჩემი პორტრეტის რეტუში! გთხოვთ მიიღოთ ზომები! რა უპატრონობაა! გადაეცი აგრეთვე გორდელაძეს, იპოვა თუ არა ჩემი პორტრეტების კოლექცია?
გიამ ანუ გიორგი მარგველაშვილმა წინასიტყვაობა დაწერა პირველი ტომისათვის და საკმაო დაგვიანებით წარმოგვიდგინა ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მთლიანად აწყობილი იყო და კიდევ მიუხედავად იმისა, რომ გია გიორგი ლეონიძის ინსტიტუტის თანამშრომელი გახლდათ. სწორედ ამ წინასიტყვაობას წარუმძღვარა გია მარგველაშვილმა ეპიგრაფად რამდენიმე წლით ადრე რეაბილიტირებული მიხეილ ჯავახიშვილის მიერ