ფიქრები ვახტანგ ჯავახაძის ელეგიაზე
რატომ აგვაღელვა, აგვაფორიაქა და თითქოს გაგვაერთიანა კიდეც ვახტანგ ჯავახაძის ამ ლექსმა? – წესით, ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ გულწრფელები ვიყოთ, ყოველდღიურად თუ არა, დროდადრო მაინც განვიწმინდებოდეთ იმ სიყალბისგან, რითაც ვსუნთქავთ და ვიკვებებით. ასე ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ამ გულახდილობაშიც კი თამაში შემოგვეპარება, ნამდვილები არ ვართ, გამომწვევად, მოსაჩვენებლად, სხვის დასანახად ვიწყებთ ხოლმე ჩვენი მოუთოკავი ფიქრების გახმოვანებას. და ზუსტად მანდ გვავიწყდება ჩვენი სისუსტეები – ადამიანური სისუსტეები, რომელიც ვახტანგ ჯავახაძემ ბოლომდე ამოხაპა ამ ლექსში საკუთარი თავიდან.
ავტორი – აღიარებული პოეტი – ამ შემთხვევაში ტექნიკას კი არ მიენდო მხოლოდ (როგორც ხშირად იქცევიან თავისი საქმის მცოდნე ხელოვანები, როცა სათქმელი დაეშრიტებათ ან გამოელევათ), არამედ ლექსის ვირტუოზული ფლობა გამოიყენა იმისთვის, რომ ჩვენთვის ნივთებისა და ადამიანების ისტორია მოეთხრო.
რეკვიემის დაწერა ალბათ ყველაზე ძნელია. როგორ გინდა, რაც მხოლოდ შენია, შენ გტკივა და გაწუხებს, სხვისიც რომ გახდეს. შენი პირადი ტრაგედია და ოჯახური ისტორიები საქვეყნოდ გამოიტანო და ყველას ნაწილად აქციო ისე, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველმა თავისი წილი ამბავი წაიკითხოს. ვახტანგ ჯავახაძემ „ელეგია: ყელსაბამში“ საკუთარი ტრაგედიის განზოგადება კი არა, სწორედ დეტალიზება სცადა და ამ ლექსით, შეიძლება ითქვას, რომანიც კი დაწერა.
ჯერ ნივთებისა ვთქვათ თუ პერსონაჟების? თუმცა რამ გაყო. მით უმეტეს, როცა ყველაფერი ერთი ადამიანის გარშემო მთლიანდება, რადგან, ავტორის აღიარებით, ყველა ნივთი და საგანი მან მიიზიდა და მიითვისა. და იმ ფრაზის მიუხედავად, რომელიც მთელ ტექსტს რეფრენად მიჰყვება – „გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ“ – პოეტისთვის ყველგან სწორედ ისაა.
თავიდან, პირველივე სტრიქონიდანვე: „დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა – შენები“. შემდეგ ფოტოები: „ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო, გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო“. ყვავილები: „შენ ხომ იმ პირველ დაბადების დღეს არ მავიწყებდი არასდიდებით, როცა წითლები – მოპარულივით – შემოგაჩეჩე ხელში ტიტები“. ისევ ყვავილები: „მესიჯი მაინც გამომიგზავნე, როდის დავუსხა წყალი ყვავილებს. ერთმა ძალიან მაეჭვიანა: გიერთგულა და ვერ ამიტანა: ნეტავ რომელი მუხლით ისჯება ბეგონიაზე ეჭვის მიტანა?“ მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ყელსაბამს უჭირს და თითქოს მას დაკისრებია, ავტორისთვის მონატრების სიმბოლოც იყოს („მოდი, კასეტას გადავახვევ და არ შეგაშინოს ჩემმა შექებამ, მოვტეხავ მაგ შენს ყელსაბამებს და ხელსაბამებს და ისე შეგაბამ“), ძნელ წუთებში გაძლების ხატიც („სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარ ესაბამები, ახალ პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები“ ) და სინანულიც იმ წუთებზე, რომელიც აღარასდროს დადგება („ვეღარ შეიბი ერთი, რომელიც შენმა ირაკლიმ ჩამოგიტანა“).
ლექსში ბევრი ინფორმაციაა როგორც ავტორისა და მისი მეუღლის (მიძღვნის ადრესატის), ასევე ოჯახთან დაკავშირებული ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანების შესახებაც. საოცარია, როგორ ახერხებს ამ ინფორმაციის დაწურვას და ყოფითიდან პოეტურ სინამდვილედ გარდასახვას ვახტანგ ჯავახაძე. რამდენიმე ნიმუში:
„როგორც პლატონი ბაჩანა ბრძანებს, სხეული სულის საპყრობილეა: სულს აღსარება გადაარჩენსო, – დასძენს მამაი ჩვენი ილია“.
„ვიხსენებ, რათა წამოვაშველო ჩემს გაწბილებულ იმედს ამაოს – დოჩანაშვილის ნაჩუქარ ჯვარს და გურამის მიერ მოგვრილ მამაოს“.
„მაგრამ გწყალობდა ზარი ანასი და საღარაძის შანდორ პეტეფი“.
„შენ თიანეთში ბესიკის დედამ ჩაგაწერინა ხინკლის რეცეპტი“.
სასიამოვნო თუ სევდიან ამბებთან ერთად, ერთი ასეთი ფაქტიც გვხდება ტექსტში: „შენ მოესწარი მეგობრის ღალატს, რომელმაც მირონს გადააბიჯა“. ცხადია, ადამიანის ურთიერთობების ბიოგრაფია მხოლოდ თბილ და ნოსტალგიურ მომენტებს არ ინახავს, ამიტომ ვახტანგ ჯავახაძე, როგორც თავისი ოჯახის ჟამთაღმწერელი, ასეთი, ერთი შეხედვით, საჩოთირო ამბის გამოქვეყნებასაც არ ერიდება. დამეთანხმებით, ბევრი თავს შეიკავებდა.
ავტორი არც ლექსის ადრესატის სახელს გვიტოვებს საკვლევ-საძიებლად და ამ მხრივ განსხვავდება თავისი სახელოვანი წინამორბედებისგან, რომლებმაც ლირიკული გმირის ნამდვილი ვინაობის დასახელება საჭიროდ არ მიიჩნიეს:
„ნანები! – შენი იავნანები: ნანები! – შენ და ვარდონანები: გინანე! – კვლავაც მაგ ჩანიშნული დედის ლოცვისთვის დამენანები“.
„მოგიხსენიეს და შენს სახელზე ხატი აკურთხეს ნანა დედოფლის“.
და რადგან ლექსის უშუალო წინამორბედზე ჩამოვარდა სიტყვა, სხვებისა არ ვიცი და მე პირადად ისევ ვახტანგ ჯავახაძის ლექსი მახსენდება, ორმოცდაათი წლის წინ დაწერილი, სიმონ ჩიქოვანისა და მისი მეუღლის – მარიკასადმი მიძღვნილი „ოღონდ ხელი არ გამიშვა“:
„თუმცა დიდი იმედი მაქვს გულის – ნაამაგარისა,
ხელი მაინც შემაშველე, ხელი მაინც არ გამიშვა.
რომ არასდროს გამიჭირდეს, როგორც ერთხელ გამიჭირდა,
არ დამტოვო, არ მომშორდე, არ მომშორდე ნაბიჯითაც.
როცა მტოვებ, ზუზუნებენ ბუკები და წინწილები
და ხელს ისე მაგრად გიჭერ,