თავი პირველი
არ გეცნობებით, თუ არ წაგიკითხავთ ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ეს წიგნი დაწერა მისტერ მარკ ტვენმა და მეტწილად სიმართლე ილაპარაკა. მართალია, ცოტა რამ გააზვიადა, მაგრამ ტყუილი ბევრი არ უთქვამს. რა ვუყოთ მერე. დეიდა პოლის, ქვრივის და, შესაძლოა, მერის გარდა მე ჯერ არავინ შემხვედრია ისეთი, რომ ერთი-ორჯერ მაინც არ ეთქვას ტყუილი. დეიდა პოლის (ტომის დეიდაა), მერისა და ქვრივი დუგლასის შესახებ ყველაფერი მოთხრობილია სწორედ ამ წიგნში, რომელშიაც მეტი წილი სიმართლეა, თუმცა ზოგჯერ, როგორც წინათ მოგახსენეთ, ტყუილიც არის გამორეული.
აი, როგორ თავდება ის წიგნი: ტომმა და მე ვიპოვეთ ფული, რომელიც ყაჩაღებს გამოქვაბულში დაემალათ, და გავმდიდრდით. თითოს ოქროთი ექვსი ათასი დოლარი გვერგო. ამდენი ერთად დახვავებული ფული რომ გენახათ, თავზარი დაგეცემოდათ. მოსამართლე ტეთჩერმა ეს ფული აიღო და ბანკში შეიტანა ისე, რომ მთელი წლის განმავლობაში თითოეულს დღეში თითო დოლარი სარგებელი გვეძლეოდა; სად წაგვეღო ფული, არ ვიცოდით. მე ქვრივმა დუგლასმა მიშვილა და განაცხადა, ამას მე აღვზრდიო, მაგრამ მუდმივად შინ ჯდომამ და ქვრივის ოჯახის ზედმიწევნით წესიერებამ თავი ძალიან მომაბეზრა; როცა მოთმინების ფიალა ამევსო, გავიპარე, ისევ ჩემი ძველი ძონძები და შაქრის კასრი მოვძებნე და შვებითა და კმაყოფილებით ამოვისუნთქე; მაგრამ ტომ სოიერმა მომაგნო და მითხრა: ყაჩაღების რაზმს ვადგენ, შენც შეგიძლია შემოგვიერთდე, თუკი ქვრივს დაუბრუნდები და წესიერად მოიქცევიო. მეც დავბრუნდი.
ქვრივმა ცრემლები დამაფრქვია, პატარა გზააბნეული კრავი და მრავალი სხვა სახელი მიწოდა, თუმცა კი გულში ცუდი არაფერი ედო. კვლავ ახალი ტანისამოსი ჩამაცვა; რაღას გავაწყობდი, მთლად ოფლად ვიღვრებოდი და მეგონა, შემბოჭეს-მეთქი. დაიწყო ისევ ძველი ამბავი: ვახშმის დროს ქვრივი ზარს დარეკავდა და უმალ უნდა მისულიყავით. როდესაც მაგიდას მიუჯდებოდით, მაშინვე ჭამა არ შეიძლებოდა, უნდა გეცადათ, სანამ თავჩაღუნული ქვრივი საჭმელს დაჰბუტბუტებდა, თუმცა ამ უკანასკნელს არაფერი უჭირდა, გარდა იმისა, რომ ყველაფერი ცალ-ცალკე იყო დამზადებული. სულ სხვაა ნარჩენებით სავსე კასრი! წვენში ჩაბუჟბუჟებული საჭმელები ერთმანეთში ირევა და ყელშიც ადვილად მისრიალებს. პირველ დღეს, ნავახშმევს, ქვრივმა ამოიღო წიგნი და წამიკითხა მოსესა და ლერწმის ამბავი; მოთმინება არ მყოფნიდა, ისე მეჩქარებოდა გამეგო, ამბავი რითი დასრულდებოდა, მაგრამ ქვრივს ლაპარაკში წამოსცდა, მოსე კარგა ხნის მკვდარიაო და მეც თავი აღარ შემიწუხებია მოსმენით. მკვდარი ხალხი სრულიად არ მაინტერესებს.
ცოტა ხნის შემდეგ თამბაქოს მოწევა დავაპირე. ქვრივს ნებართვა ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა: მეტად საძაგელი და ულაზათო ჩვეულებაა და უნდა ეცადო, დაივიწყოო. ზოგმა ხომ სწორედ ასე იცის, ისეთ რამეზე შემოგედავება, რაზედაც თვითონ წარმოდგენაც კი არა აქვს. ჰოდა, ქვრივიც საქმეს აჭირებდა მოსეთი, რომელიც არც მისი ნათესავი იყო და რაკი მოკვდა, არც სხვისთვის წარმოადგენდა რამეს. მე კი მოსვენებას არ მაძლევდა, როდესაც ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც მესიამოვნებოდა. თვითონ ბურნუთს ყნოსავდა და, აქაოდა, მე ვაკეთებო, ამაში ცუდს არაფერს ხედავდა.
სწორედ ამ დროს მასთან საცხოვრებლად ჩამოვიდა მისი და - მის უოტსონი - გამხდარი, სათვალიანი, ხანში შესული გაუთხოვარი ქალი და თავისი ანბანით პირდაპირ სული ამომართვა. ერთი საათი მაწვალა და კიდევ კარგი, ქვრივმა მიშველა, თორემ მეტის გაძლება აღარ შემეძლო. მერე ერთმა საათმა საშინელ მოწყენილობაში გაიარა. მე ადგილზე ვეღარ ვისვენებდი. მის უოტსონი მეუბნებოდა: ,,სკამზე ნუ დგამ ფეხს, ჰაკლბერი, წყნარად იჯექი, სკამს ნუ აჭრაჭუნებ, ჰაკლბერი“; ცოტა ხნის შემდეგ ისევ განაგრძობდა: ,,ასე ნუ ამთქნარებ, ნუ იზმორები, რატომ არ ცდილობ, წესიერად მოიქცე, ჰაკლბერი?“ მერე ენად გაიკრიფა და დაწვრილებით მიამბო ჯოჯოხეთის შესახებ. მე კი ვუთხარი, ნეტავი იქ ვიყო-მეთქი. ამის გაგონებაზე კინაღამ გაგიჟდა, თუმცა მე ცუდი არაფერი მიფიქრია. ჩემი სურვილი იყო, სადმე წავსულიყავი, ადგილის შეცვლის მეტი არაფერი მსურდა, არჩევანში როდი შევდიოდი. მის უოტსონმა მითხრა, ამის თქმა მკრეხელობააო; მე თვითონ ამას არაფრის გულისათვის არ ვიტყოდი და ისე ვაპირებ ცხოვრებას, რომ ბოლოს სამოთხეში მოვხვდეო. მე კი სასიკეთოს ვერაფერს ვხედავდი იმაში, რომ იქ წავსულიყავი, სადაც მის უოტსონი იქნებოდა. გადავწყვიტე, სამოთხისგან შორს დამეჭირა თავი, მაგრამ ამაზე ხმას რა ამომაღებინებდა, უსიამოვნების მეტს არაფერს გამოიწვევდა.
მის უოტსონი მაინც თავისას არ იშლიდა და ერთთავად სამოთხეზე მელაპარაკებოდა; იქ ადამიანს სხვა საქმე არაფერი აქვს, მთელი დღე ქნარი უჭირავს ხელში და მღერისო. კი ვიფიქრე, მერე ეს რა ბედენაა-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს. მხოლოდ ისღა ვკითხე, როგორ გგონიათ, ტომ სოიერი იქ მოხვდება თუ არა-მეთქი. არაო, მიპასუხა. გამიხარდა, რადგან მინდოდა, მე და