შესავალი საკმაოდ უხეში კანონები და ჩვევები, რომლებზეც მოთხრობილია ამ წიგნში, ისტორიული სინამდვილეა, ისევე როგორც მათ საილუსტრაციოდ გამოყენებული ეპიზოდები. ავტორი არ ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ეს კანონები და ადათები ინგლისში სწორედ მეექვსე საუკუნეში არსებობდა. არა, ის მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ რადგან ისინი ინგლისსა და სხვა ქვეყნებში უფრო გვიან პერიოდშიც არსებობდა, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეექვსე საუკუნეშიც იარსებებდა. და ეს ცილისწამება სულაც არ იქნება. ჩვენ ყოველგვარი საფუძველი გვაქვს დავასკვნათ, რომ თუ აქ აღწერილი კანონები ან ადათ-წესები იმ შორეულ დროში არ არსებობდა, მათ სხვა, ბევრად უფრო უარესი კანონები თუ ადათ-წესები ცვლიდა.
ამ წიგნში არ არის განხილული საკითხი, არსებობს თუ არა ისეთი რამ, რასაც მეფეთა ღვთაებრივ უფლებას ეძახიან. ის მეტისმეტად რთული აღმოჩნდა. სრულიად ნათელია და უდავო, რომ სახელმწიფოში აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსი, ამაღლებული სულისა და დიდი შესაძლებლობების მქონე ადამიანი უნდა იყოს. ასევე სრულიად ნათელია და უდავო, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია, შეუცდომლად შეარჩიოს ასეთი ადამიანი. შესაბამისად, ნათელია და უდავო ისიც, რომ მისი არჩევა ყოვლისშემძლეს უნდა მივანდოთ და რომ განსჯას მივყავართ ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე: აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსს ყოველთვის ღმერთი ირჩევს. ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენებოდა ამ წიგნის ავტორს მანამ, სანამ აღმასრულებელი ხელისუფლების ისეთ წარმომადგენლებს არ გადააწყდა, როგორიც მადამ პომპადური, ლედი კასტლმენი (მადამ პომპადური (1721-1764) – საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XV-ის ფავორიტი. ლედი კასტლმენი – ინგლისის მეფის კარლ II-ის (1630-1685) ფავორიტი. ორივე დიდი პოლიტიკური გავლენით სარგებლობდა და სახელმწიფო საქმეებში ერეოდა.) და მათი მსგავსები გახლავან. უფლის რჩეულთა რიგებში მათი ჩარიცხვა ისე ძნელი აღმოჩნდა, რომ ავტორმა გადაწყვიტა, ეს წიგნი (რომელიც შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს) სხვა საკითხებს მიუძღვნას, მეფეთა მემკვიდრეობის უფლებებზე კი მომდევნო წიგნში იმსჯელოს, როცა გამოცდილება დაუგროვდება. რა თქმა უნდა, ეს ის საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს და მომდევნო ზამთარს მე, კაცმა რომ თქვას, დიდი არაფერი საქმე მაქვს.
მარკ ტვენი