შესავალი შემოქმედი ტახტზე დაბრძანებულიყო და ფიქრობდა. მის უკან ზეცის უსაზღვრო კაბადონი იშლებოდა, რომელიც შუქისა და ფერთა სიდიადეში ჩაძირულიყო; წინ სივრცის წყვდიადი მოჩანდა კედლად, რომელიც მთის მსგავსად აზიდულიყო ზენიტისკენ, მისი ღვთიური თავი კი შორეულ მზესავით ბრწყინავდა. შემოქმედის ფეხებთან სამი გიგანტური ფიგურა იდგა, რომელიც მის ფონზე მინიატურულად გამოიყურებოდა. ეს არქანგელოზები იყვნენ. ისინი თავებით მხოლოდ კოჭამდე წვდებოდნენ მას.
როდესაც შემოქმედმა განსჯა დაასრულა, თქვა:
– მოვიფიქრე. უმზირეთ!
მან ხელი აღმართა და ცეცხლოვანი შადრევანი გამოიფრქვა, მილიონობით განსაცვიფრებელი მზე, რომელმაც წყვდიადი გააპო და სივრცეში გაიფანტა. თანდათან შემცირდა ზომაც და მათგან მომავალი შუქიც, საბოლოოდ კი ისინი ლურსმნის ალმასის მსგავს ქუდებს დაემსგავსნენ, რომლებსაც სამყაროს თვალუწვდენელი თაღის ქვეშ გაჰქონდათ ციალი.
ერთი საათის შემდეგ დიდი საბჭო დათხოვნილ იქნა.
შთაბეჭდილების ქვეშ და დაფიქრებულებმა დატოვეს არქანგელოზებმა ღმერთის სასუფეველი და განცალკევებული ადგილისკენ გაემართნენ, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საუბარს. სამიდან არც ერთს არ სურდა დაწყება, მაგრამ ყველა ელოდა, რომ სხვა გააკეთებდა ამას. თითოეული გამსჭვალულიყო მწველი სურვილით განეხილა დიადი მოვლენა, მაგრამ ამჯობინებდა არ გამოეთქვა აზრი, სანამ წინასწარ სხვათა შეხედულებას არ გაეცნობოდა. ამგვარად, კარგა ხანს უმიზნო და უშინაარსო საუბარი მიმდინარეობდა წვრილმანების შესახებ, რომელიც ხან წყდებოდა და ხან ისევ აღდგებოდა, ერთი სიტყვით, უმისამართოდ მიედინებოდა, სანამ არქანგელოზმა ეშმაკმა არ უხმო მთელ მის გამბედაობას - ეს კი მას საკმარისად გააჩნდა - და საქმეს მიჰყო ხელი:
– ბატონებო, ჩვენ ვიცით, რისთვის შევიკრიბეთ. მაშ, მოდით თავს ნუ მოვიკატუნებთ და დავიწყოთ... თუკი საბჭოს აზრიც ასეთია...
– ასეთია, ასეთი! - წამოიძახეს გაბრიელმა და მიქაელმა მადლიერებით.
– ძალიან კარგი. მაშ განვაგრძოთ. ჩვენ საოცარი სანახაობის მომსწრენი გავხდით. ეს ასეა. რაც შეეხება მის ღირებულებას, თუკი ასეთი საერთოდ არსებობს, ეს ჩვენ არანაირად არ გვეხება. ჩვენ შესაძლოა იმდენი აზრი გვქონდეს ამასთან დაკავშირებით, რამდენიც მოგვესურვება, თუმცა მეტიც არაფერი. ჩვენ არ გვაქვს ხმის უფლება. ვფიქრობ სივრცე კარგი იყო ისეთი, როგორიც იყო, და სასარგებლოც. ცივი და ბნელი ადგილი, სადაც საამოდ შეიძლებოდა დასვენება ზეცის ზედმეტად ნაზი კლიმატისა და მომაბეზრებელი განცხრომისგან, მაგრამ ამ წვრილმანებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. სიახლე, დიადი სიახლე მდგომარეობს... რაში მდგომარეობს იგი, ბატონებო?
– გამოგონებასა და დანერგვაში ავტომატური, არაკონტროლირებადი და თვითრეგულირებადი კანონისა ამ უთვალავი მბრუნავი და მორბენალი მზისა და სამყაროს მართვისათვის.
– სწორედაც. - თქვა ეშმაკმა. - ხვდებით ალბათ, რომ ეს გასაოცარი აზრია. მიმსგავსებულიც კი არაფერი შექმნილა აქამდე უზენაესი გონის მიერ. კანონი, ავტომატური კანონი, ზუსტი და უცვლელი, რომელიც არ საჭიროებს არც მეთვალყურეობას, არც შესწორებასა და არც დახვეწას მარადისობის განმავლობაში. მან თქვა, რომ ეს ურიცხვი და ვეებერთელა სხეულები გამსჭვალავენ უსასრულობას საუკუნეთა განმავლობაში, იმოძრავებენ რა საოცარ ორბიტებზე წარმოუდგენელი სიჩქარით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არასოდეს შეეჯახებიან ერთმანეთს, ხოლო მათი ბრუნვის დრო წამის მეასედითაც არ შემცირდება ორიათას წელიწადში. ეს ახალი და არსებულთა შორის ყველაზე დიდი საოცრებაა: ავტომატური კანონი! მან მას ასეთი სახელწოდება მიანიჭა: „ ბუნების კანონი “ და თქვა, რომ „ ბუნების კანონი “ „ ღმერთის კანონია “ ანუ ხელთ გვაქვს ერთი და იმავე მოვლენის ორი ურთიერთცვლადი სახელწოდება.
– დიახ. - თქვა მიქაელმა. - მან აგრეთვე გვაუწყა, რომ ღმერთის ანუ ბუნების კანონს იგი შემოიღებს მის ყველა სამფლობელოში და მას უზენაესსა და ურღვევს გახდის.
– ასევე, - თქვა გაბრიელმა. - მან გვაუწყა, რომ თანდათანობით ცხოველებს შექმნის, რომლებსაც კანონს დაუმორჩილებს.
– დიახ, - თქვა ეშმაკმა. - მე გავიგონე, მაგრამ ვერ მივხვდი. რა არის ცხოველი, გაბრიელ?
– მე რა გზით უნდა ვიცოდე ეს? როგორ შეიძლება ვიცოდეთ ეს ჩვენ? ეს ახალი სიტყვაა.
(სამი ზეციური საუკუნე გადის, რაც ას მილიონ მიწიერ წელიწადს უდრის. შემოდის ანგელოზი-შიკრიკი).
– ბატონებო, იგი ცხოველებს ქმნის. ხომ არ წამოხვიდოდით სანახავად?
ისინი წავიდნენ, იხილეს და გაურკვევლობაში დარჩნენ, დიდ გაურკვევლობაში. შემოქმედმა შეამჩნია ეს და თქვა:
– მკითხეთ. გიპასუხებთ.
– ღვთიურო! - თქვა ეშმაკმა მოწიწებით. - რისთვის არიან ისინი?
– ზნეობისა და ქცევის წესების ექსპერიმენტია. უყურეთ და ისწავლეთ!
ათასობით ირეოდნენ და ყველა მათგანი ირჯებოდა. ძირითადად ერთმანეთის განადგურებით იყვნენ დაკავებული. ეშმაკი ერთ-ერთ მათგანს მძლავრი მიკროსკოპის ქვეშ დააკვირდა და შენიშნა:
– ღვთიურო, დიდი მხეცი უფრო პატარებს კლავს.
– ეს ვეფხვია. მისი ბუნების კანონი ულმობელობაა. მისი ბუნების კანონი ღმერთის კანონია. მას არ ძალუძს