უფლისწულისა და მათხოვრის დაბადება ეს მოხდა მეთექვსმეტე საუკუნის შუა წლებში, ძველისძველ ქალაქ ლონდონში. შემოდგომის ერთ დღეს კენტების ღარიბ ოჯახს შეეძინა ვაჟი, მაგრამ ოჯახს სრულებითაც არ გახარებია.
იმავე დღეს დაიბადა მეორე ინგლისელი ბავშვი. იგი ტიუდორების მდიდარ ოჯახს შეეძინა და მათთვის სანატრელი იყო. ამ ბავშვს ნატრობდა მთელი ინგლისიც, იმდენ ხანს ნატრობდა, იმდენს ელოდა და ევედრებოდა ღმერთს მის გაჩენას, რომ ახლა, როდესაც იგი ნამდვილად გაჩნდა, ხალხი სიხარულით კინაღამ გაგიჟდა. უბრალო ნაცნობებიც კი ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და ყვიროდნენ. ყველა ზეიმობდა _ წარჩინებულიც და მდაბიოც, მდიდარიც და ღარიბიც; ქეიფობდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. ყველა ილხენდა.
ასე გაგრძელდა ზედიზედ რამდენიმე დღესა და ღამეს. დღისით ლონდონი სანახავად ღირდა! აივნებსა და სახურავებზე დროშები ფრიალებდა, ქუჩები ბრწყინვალე პროცესიებით იყო სავსე. ღამითაც მშვენიერი სანახავი იყო ლონდონი: ყველა გზაჯვარედინზე დიდი კოცონები გაეჩაღებინათ და მოქეიფეების მხიარული ჟრიამული არემარეს სიამეს ჰფენდა.
მთელს ინგლისში სხვა არაფერი ჰქონდათ სალაპარაკო, გარდა უელსის უფლისწულის დაბადებისა. ჩვენი ედუარდ ტიუდორი აბრეშუმსა და ატლასში გახვეული იწვა წყნარად და არაფერი გაეგებოდა, რაც მის იგრვლივ ხდებოდა. არ იცოდა, რომ მას უამრავი ლორდი და ლედი თავს ევლებოდა. ეს მისთვის სულ ერთი იყო.
მეორე ჩვილს, ძონძებში გახვეულ ტომ კენტის, არავინ ახსენებდა, გარდა იმ ღატაკი ოჯახისა, რომელსაც შეწუხებისა და ტანჯვის მეტი არაფერი მოუტანა მისმა გაჩენამ.