1
– ტომ!
პასუხი არ არის.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა იმ ბიჭს? ტომ!
მოხუცმა სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და სათვალის ზემოდან მოათვალიერა მთელი ოთახი, მერე შუბლზე აიწია და ახლა სათვალის ქვემოდან მიიხედ-მოიხედა. სათვალეში თითქმის არასოდეს არ იყურებოდა, როცა ეძებდა ისეთ პაწაწკინტელა ნივთს, როგორიც, მაგალითად, პატარა ბიჭია. ეს სათვალე მისი სიამაყე იყო და უფრო სილამაზისთვის იკეთებდა; იქიდან დანახვა ისევე შეიძლებოდა, როგორც ქოთნის სარქველიდან. მოხუცი ერთ წამს დაიბნა, შემდეგ კი არცთუ ძალიან გაჯავრებით, მაგრამ იმდენად ხმამაღლა, რომ ოთახის ავეჯს გაეგონა, თქვა:
– ჩამივარდები ერთი ხელში და...
სიტყვა ვერ დაასრულა, დაიხარა და საწოლქვეშ ცოცხით რაღაცას გულმოდგინედ დაუწყო ძებნა, თანაც ცოცხის ყოველ მოსმაზე ჩერდებოდა სულის მოსათქმელად, მაგრამ იქიდან კატის მეტი ვერაფერი გამოათრია.
– საძაგელი ბიჭი! ჩემს დღეში მისი მსგავსი არა მინახავს რა!
მივიდა გაღებულ კართან, შეჩერდა და ბაღში პამიდვრის კვლებსა და ბალახებში დაუწყო თვალიერება. ტომი არსად ჩანდა. მაშინ კი ხმა აიმაღლა და შესძახა:
– ტომ!
ზურგს უკან რაღაცამ გაიფაჩუნა. მიიხედა და პატარა ბიჭს მკლავში სწორედ მაშინ სწვდა, როცა ის გაპარვას აპირებდა.
– ერთი ამას დამიხედეთ, სულ დამავიწყდა, საკუჭნაოში შემეხედა! რას აკეთებდი იქ?
– არაფერს.
– არაფერს? დაიხედე ხელებზე, შეხედე შენს ტუჩებს! ასე რით მოითხუპნე?
– არ ვიცი, დეიდა!
– მაშ, მე ვიცი! მურაბით! აი, რით! ორმოცჯერ მითქვამს, თუ ხელი გიხლია, გაგწკეპლავ-მეთქი. მომაწოდე წკეპლა!
წკეპლამ ჰაერში გაიშხუილა. განსაცდელი გარდაუვალი იყო.
– ოჰ, დეიდა, მიიხედეთ, თქვენ უკან რა არის!
მოხუცი მიტრიალდა, შიშით კაბის კალთა აიწია, ბიჭმა კი მოკურცხლა, თვალის დახამხამებაში ხის მაღალ მესერს გადაევლო და თავს უშველა. დეიდა პოლი ჯერ გონს ვერ მოვიდა გაკვირვებისგან, მერე კი ჩუმად ჩაეცინა.
– აი, შე საძაგელო! ნუთუ აქამდე ვეღარ შევეჩვიე? განა ცოტა ოინი უქნია! ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ბებერი სულელი ყველა სულელზე ტუტუცია“ და „ბებერ ძაღლს ახალს ვეღარაფერს შეასწავლიო“. მაგრამ, ღმერთო ჩემო, მაგას ოინებს რა გამოულევს; ორჯერ ერთსა და იმავეს არასდროს გაიმეორებს. განა მიუხვდები, რას აპირებს?! გეგონებათ, იცის, რამდენ ხანს უნდა მაწვალოს, რომ მოთმინებიდან არ გამოვიდე. საკმარისია, ერთი წამით სხვა რამეზე გადაიტანოს ჩემი ყურადღება ან გამაცინოს, რომ მთელმა რისხვამ გამიაროს და თითიც ვეღარ დავაკარო.
...ღმერთმანი, პირნათლად ვერ ვიხდი ჩემს მოვალეობას. საღვთო სჯულში ხომ წერია, ვინც წკეპლას არ ხმარობს, ყმაწვილს რყვნისო; მე კი, ცოდვილი, როგორ ვანებივრებ. ამისათვის ორივეს პასუხი მოგვეთხოვება. ვიცი, რომ თავი სისულელითა აქვს გამოტენილი, მაგრამ რა ვქნა? ის ხომ ჩემი ცხონებული დის შვილია, საცოდავი, და მეც ძალა არ მყოფნის, ერთი კარგად გავშოლტო. ყოველთვის, როცა კი სასჯელისგან გასხლტომის საშუალებას მივცემ, სინდისი მქენჯნის; დავსჯი და მოხუცებული გული მიკვდება იმისი ცოდვით. მართალი უთქვამთ, ღმერთს ადამიანისათვის ერთი სიცოცხლე მიუცია და სადარდებელი კი ათასიო! ნამდვილად ასეა! დღეს ის სკოლაში არ წასულა; საღამოზე ყალთაბანდობას მოუნდება, მე კი მოვალე ვარ, დავსაჯო. შევასრულებ კიდეც ჩემს მოვალეობას, ხვალ მთელ დღეს ვამუშავებ. სისასტიკეა, შაბათ დღეს ვამუშაო, როცა ყველა ბიჭისათვის უქმეა, მაგრამ რას ვიზამ... მუშაობა ჭირივით ეჯავრება, მაგრამ ამჯერად ვერ ვაპატიებ, თორემ სულ მთლად დავღუპავ ბიჭს.
ტომს იმ დღეს სკოლაში არც კი შეუხედავს და დრო ჩინებულად გაატარა. ძლივს მოასწრო შინ დაბრუნება ვახშმობამდე, რათა ხვალისთვის შეშის დახერხვასა და დაპობაში მიხმარებოდა ჯიმს, ზანგ ბიჭუნას. ყოველ შემთხვევაში, მოასწრო, ეამბნა თავისი თავგადასავალი, სანამ ჯიმი სამუშაოს სამ მეოთხედს შეასრულებდა.
ტომის უმცროს ძმას, სიდს (მამით ძმები იყვნენ), უკვე გაეთავებინა თავისი საქმე. მის მოვალეობას შეადგენდა ნაფოტების შეგროვება. წყნარი და მორჩილი სიდი არასოდეს ცელქობდა. სანამ ტომი ვახშამს შეექცეოდა და ყველა შემთხვევას იყენებდა შაქრის ნატეხების მოსაპარავად, დეიდა პოლი მას მეტად ცბიერ კითხვებს აძლევდა, იქნებ რამე წამოსცდესო. როგორც გულწრფელ ადამიანებს სჩვევიათ, დეიდასაც სწამდა, რომ დაჯილდოებული იყო უნარით, ჩასწვდომოდა ყოველგვარ საიდუმლოს – თავისი ყველაზე გულუბრყვილო ფანდები სასწაულებრივ ეშმაკობად მიაჩნდა. მან იკითხა:
– დღეს სკოლაში ძალიან არ ცხელოდა, ტომ?
– არა, დეიდა.
– იქნებ ძალიან ცხელოდა?
– დიახ, დეიდა.
– ბანაობა არ მოგინდა, ტომ?
ტომი შეიშმუშნა; გულში არასასიამოვნო ეჭვმა გაკრა. გამომცდელი თვალით შეხედა დეიდა პოლის, მაგრამ მისმა სახემ არაფერი უთხრა, და უპასუხა:
– არა, დეიდა, არც იმდენად.
მოხუცმა ხელი შეახო ტომის პერანგს და თქვა:
– ყოველ შემთხვევაში,