მარკ ტვენი (1847-1910) მარკ ტვენი (სემუელ ლენგჰორნ კლემენსი) მოვაჭრის - ჯონ მარშალ კლემენსის ოჯახში, მისურის შტატის პატარა ქალაქ ფლორიდაში დაიბადა. 4 წლის იყო, როცა ოჯახი მისისიპიზე მდებარე საპორტო ქალაქ ჰანიბალში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ეს ქალაქი გახდა შემდგომ, რომანებში აღწერილი სანქტ-პეტერბურგის „ პროტოტიპი “ .
მარკი 11 წლის ასაკში დაობლდა, 12-დან სტამბაში მბეჭდავის თანაშემწედ მუშაობა დაიწყო, ხოლო სამი წლის შემდეგ უკვე სტატიებისა და იუმორისტული ნარკვევების აკრეფარედაქტირებას შეუდგა გაზეთში - Hannibal Journal, რომლის მფლობელიც მისი ძმა, ორიონი იყო. გაზეთი მალე დაიხურა და ძმების გზებიც კარგა ხნით გაიყარა. 18 წლის სემუელი ჯერ ნიუ-იორკის ერთერთ სტამბაში მუშაობდა, შემდეგ - ფილადელფიაში, სენტლუისსა და სხვა ქალაქებში, ამავე სფეროში საქმიანობდა. ბევრ დროს უთმობდა თვითგანათლებას, საათობით იჯდა ბიბლიოთეკაში და სულ ცოტა, ცოდნის იგივე მარაგი დააგროვა, რასაც ნებისმიერ სკოლაში დაეუფლებოდა.
ახალ ორლეანში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, კლემენსმა საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი სანაოსნო საქმის შესწავლას, კაპიტნის დიპლომიც მოიპოვა და სამოქალაქო ომის დაწყებამდე მდინარეზე მუშაობდა. მომავალი მწერალი კონფედერაციის ჯარისკაცი გახდა. მაგრამ პატარაობიდანვე თავისუფლებისმოყვარე ყმაწვილი ორიოდე კვირაში დეზერტირი გახდა და დასავლეთისკენ, ნევადის შტატისკენ აიღო გეზი. ერთი წელი ვერცხლის საბადოზე მუშაობდა, პარალელურად, ქალაქ ვირჯინიაში გაზეთისთვის - Territorial Enterprise - იუმორისტულ მოთხრობებს წერდა. 1862 წელს რედაქციაში სამუშაოდ მიიწვიეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ფსევდონიმი აეღო და, როგორც შემდგომ ირწმუნებოდა, „ მარკ ტვენს “ სამდინარო ნავიგაციის ტერმინოლოგიას დაესესხა - ასე მდინარეში გემისთვის აუცილებელ, წყლის მინიმალურ სიღრმეს ერქვა.
მარკ ტვენმა, როგორც რეპორტიორმა და მეფელეტონემ, ბევრი გაზეთი მოიარა. გარდა ამისა, თავისი იუმორისტული მოთხრობების საჯარო კითხვასაც მისდევდა, რაც დამატებით შემოსავალს აძლევდა.
„ ტომ სოიერის თავგადასავალი “ , რომელმაც მარკ ტვენს მსოფლიო აღიარება მოუტანა, 1876 წელს გამოიცა და იმთავითვე პოპულარული გახდა. ამ ნაწარმოებით მოხვეჭილი მკითხველთა სიმპათია მომდევნო რომანმა - „ უფლისწული და მათხოვარი “ განამტკიცა. ისტორიული თემა, რომელმაც იმ დროს განსაკუთრებულად გაიტაცა მწერალი, გაგრძელება პოვა რომანში „ კონექტიკუტელი იანკი ართურ მეფის კარზე “ .
1884 წელს, უკვე სახელგანთქმულმა მწერალმა საკუთარი ძალები ბიზნესში მოსინჯა - დააარსა საგამომცემლო ფირმა, რომლის ერთ-ერთ გამოცემად მარკ ტვენის მომდევნო და, კრიტიკოსთა უმეტესი ნაწილის აზრით, საუკეთესო ნაწარმოები - რომანი „ ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი “ იქცა.
მარკ ტვენის გამომცემლობა 1893-1894 წლების ეკონომიკურ კრიზისს შეეწირა. ვალებთან გამკლავებას ცდილობდა და ახალ ნაწარმოებებსაც ქმნიდა, თუმცა ამ თხზულებებს წინამორბედთა წარმატება არ მოჰყოლია.
ახალი საუკუნის დადგომას მარკ ტვენი ძლიერთა ამა ქვეყნისათა შესახებ სატირული თხზულებებით შეეგება. ცოტა ხნით ადრე კი, აშშ-ში მისი ნაწარმოებების კრებულის გამოცემა დაიწყეს, რითიც კლასიკოსის რანგში აიყვანეს. 1901 წელს მარკ ტვენს იელის უნივერსიტეტის ლიტერატურის დოქტორის წოდება მიანიჭეს, შემდგომ - მისურის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს. 12 წლის ასაკში სკოლიდან გამოსული კაცისთვის ეს განსაკუთრებული პატივი იყო, რითიც მწერალი ძალზე ამაყობდა.
სიცოცხლის დამლევს ტვენმა რამდენიმე ტრაგედია გადაიტანა: ოთხიდან სამი შვილი გამოეცალა ხელიდან, საყვარელი მეუღლე - ოლივიაც გარდაიცვალა. სტენოკარდიის ძლიერი შეტევები ტანჯავდა და 1910 წლის 24 აპრილს, 74 წლისა გარდაიცვალა.
მისი უკანასკნელი ნაწარმოები - „ იდუმალი უცნობი “ - დაუსრულებელი ხელნაწერის მიხედვით, 1916 წელს გამოიცა.