წინასიტყვაობა ის უხეში კანონები და ზნე-ჩვეულებანი, რომელთაც ამ ნაწარმოებში ვეხები, ისტორიული სინამდვილიდანაა აღებული და ის ეპიზოდებიც, მათი აღწერისათვის რომ გამოვიყენე, ასევე სინამდვილეს შეესაბამება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა ეს კანონი თუ ზნე-ჩვეულება ნამდვილად არსებობდა მეექვსე საუკუნის ინგლისში; და, რაკი ეს კანონები ოდესღაც მოქმედებდა ინგლისსა თუ სხვა, ბევრად უფრო ადრეულ ცივილიზაციებში, მაშინ ინგლისის მიმართ ცილისწამებად არ ჩამეთვლება, თუ ვივარაუდებ, რომ ეს კანონები მეექვსე საუკუნის ინგლისშიც არსებობდა. დაბოლოს, ერთი რამ უდავოა, იმ შორეულ წარსულში, თუკი სადმე რომელიმე ამ კანონთაგანი იცვლებოდა, მის ადგილს უმალ შესაბამისად სხვა რომელიმე უარესი კანონი იკავებდა.
საკითხი იმის შესახებ, აქვთ თუ არა მეფეებს ძალაუფლება ღვთივმინიჭებული, ამ წიგნში არ არის გადაწყვეტილი; ეს ძალზე რთული ასახსნელი აღმოჩნდა. ის, რომ ქვეყნის მეთაური მაღალზნეობრივი, უაღრესად ნიჭიერი პიროვნება უნდა ყოფილიყო, ცხადზე უცხადესია; რომ მხოლოდ უფალს შეეძლო უშეცდომოდ შეერჩია ეს პიროვნება, ასევე აშკარა და უდავო გახლდათ; და, რომ უფალს უნდა მოეხდინა ეს არჩევანი, მით უფრო ცხადი იყო; არადა, როგორც დავრწმუნდი, სწორედ უფლის ნებით ხდება ეს არჩევანი, რასაც სრულ ჭეშმარიტებად მივიჩნევდი. ასე ვფიქრობდი მანამ, სანამ ამ წიგნის ავტორი მადამ პომპადურისა, ლედი კასტლმეინისა და კიდევ სხვა ამათ მსგავს ქვეყნის მეთაურებს გადაეყრებოდა. იმდენად რთული აღმოჩნდა მათი მიკუთვნება უფლის რჩეულთათვის, რომ გადაწყდა, უმჯობესი იქნებოდა, ამ ნაწარმოების ავტორს სხვა გზა აერჩია (თანაც წიგნი შემოდგომისათვის უნდა გამოეცათ); შემდეგ კი, დიდი გამოცდილებით აღჭურვილი, მაგნატთა მემკვიდრეობით უფლებებს სულ სხვა წიგნში შეეხებოდა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი უდავოდ განსახილველია, და ამას გარდა, მომავალ ზამთარს სხვა რაიმე განსაკუთრებული სამუშაო მაინც არ მაქვს.