სახელგანთქმული მხტუნავი კალავერასელი ბაყაყი ერთმა მეგობარმა აღმოსავლეთის შტატებიდან წერილი მომწერა, ჰოდა, მეც დავყევი მის სურვილს, წავედი და კეთილი, ენაგალექსილი ბებერი საიმონ უილერი ვინახულე, თან ჩემი მეგობრის მეგობრის, ლეონიდას უ. სმაილის ამბავი ვიკითხე. რაც მთხოვეს, ის გავაკეთე და, როგორც შევთანხმდით, აგერ აქვე ვურთავ შედეგებს. დიდი ეჭვი მაქვს, ლეონიდას უ. სმაილი მითოლოგიური პერსონაჟია, ჩემს მეგობარს არც არასდროს სცნობია იგი და, ეტყობა, იფიქრა, ბებერ უილერს ეს თუ იმის ამბავს ჰკითხავს, იმას ის უნამუსო ჯიმ სმაილი მოაგონდება, უსაშველოდ გრძელ და მოსაწყენ - მისი ამბავი, აბა, რაში მეკითხებოდა - მოგონებას წამოიწყებს და მოთმინებიდან ისე გამოიყვანს, პირდაპირ სულს ამოართმევსო. ეს თუ უნდოდა, ძალიან წარმატებით მიაღწია მიზანს.
საიმონ უილერს დაბა ანგელოზის ერთ ჩამოფხავებულ ტავერნაში გადავაწყდი, გაღუღუნებულ ქურასთან იჯდა და კაი გემოზე თვლემდა. მსუქანი, თავმოტვლეპილი კაცი იყო და სახეზე ისეთი მშვიდი, გულუბრყვილო გამომეტყველება ეხატა, ვისიც გინდათ, იმის გულს დანახვისთანავე მოიგებდა.
უცებ გამოფხიზლდა და მომესალმა, მშვიდობიან დღეს გისურვებთო. მე ვუთხარი, მეგობარმა დამავალა, ჩემი ბიჭობის საუკეთესო მეგობრის, ლეონიდას უ. სმაილის, იგივე ღირსი მამა ლეონიდას უ. სმაილის, უფლის ამ ახალგაზრდა მოციქულის ამბავი გამიგე, როგორც ჩემს ყურამდე მოაღწია, ერთხანს ანგელოზის დაბაში ცხოვრობდაო. ისიც დავუმატე, თუ თქვენ, ბატონო უილერ, ამ ღირსი მამა ლეონიდას უ. სმაილიზე რამეს მიამბობთ, ძალიან დამავალებთ-მეთქი.
საიმონ უილერმა კუთხეში მიმიმწყვდია, სკამით ჩამიკეტა გასაქცევი, დაჯდა ზედ, მოხსნა გუდას პირი და სასწაულად მოსაწყენი ამბავი წამოიწყო, რომელსაც აგერ მოგიყვებით. არც გაუღიმია, არც წარბი აუწევია და როგორი თავაზიანი ხმითაც პირველი წინადადება თქვა, ზუსტად ისე ჩავიდა ბოლოში, ერთხელ არ შეყოყმანებულა.
მთელ ამ უთავბოლო ამბავს თან სდევდა უაღრესად სერიოზული და გულწრფელი განწყობა, რითაც ის კაცი აშკარად მიმანიშნებდა, აქ სასაცილოს და სამხიარულოს მე ვერაფერს ვხედავო. ეგონა, მართლა მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებო, პირდაპირ ეთაყვანებოდა თავის გმირებს და მთელ ქვეყანაზე უმოხერხებულეს ხალხად თვლიდა. მეც თავის ნებაზე მივუშვი და სიტყვა ერთხელაც არ გამიწყვეტინებია.
ღირსი მამა ლეონიდას უ. ჰმ... ღირსი მამა ლე... მოკლედ, ერთი ტიპი ცხოვრობდა აქ, ჯიმ სმაილი ერქვა - ან 49-ის ზამთარი იყო, ან შეიძლება 50-ის გაზაფხული - კარგად არ მაგონდება, ან ერთი იყო, ან მეორე, იმიტომ რომ, როცა ჩვენს დაბაში მოვიდა, დიდი არხი ჯერ კიდევ არ გვქონდა დამთავრებული, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მაგაზე საოცარი კაცი მე არ მინახავს. ოღონდ კი ვინმე დათანხმებოდა და რაზე გინდოდა, სულო და გულო, სანაძლეოს არ ჩამოსულიყო. ვერ იპოვიდა და საკუთარ თავს თვითონ ენაძლევებოდა. ოღონდ ის მეორე კაცი დათანხმებოდა და ერთი ფასი ჰქონდა, რაზე დადებდნენ სანაძლეოს, რომელი მხარეც უნდა დაეჭირა, მაინც კმაყოფილი იყო.
თან უმართლებდა და მერე როგორ, თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, თვალი ჰქონდა გამეცადინებული და შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. რაზეც უნდა ჩამოვარდნილიყო ლაპარაკი, ეს ბიჭი მაშინვე სანაძლეოს შემოგთავაზებდათ და რომელი მხარეც თქვენ გაგიხარდებოდათ, იმ მხარეს დაიჭერდა. ასე იყო ეს. დოღი იყო და, ან გაკეთდებოდა, ან გროშ-კაპიკს აღარ შეირჩენდა, ძაღლების ჩხუბი იყო - სანაძლეოს ჩამოვიდოდა, კატების ჩხუბი თუ იყო - იმაზეც. მამლები ჩხუბობდნენ - იმაზეც დადებდა. ღობეზე ორი ჩიტი თუ იჯდა, დაგენაძლევებოდათ, აგერ, ეს უფრო მალე აფრინდება, ვიდრე მეორეო. რამე ლოცვაზე შევიკრიბებოდით და პასტორ უოლკერზე ჩამოვიდოდა სანაძლეოს, ჩვენს მხარეში, თვითონ ასე თვლიდა, მაგაზე უკეთესი მოქადაგე მე არ მეგულებაო, არც გაემტყუნებოდა, პასტორი კაცად კაციც კაი ვინმე იყო. დაინახავდა, ხოჭო თუ მოხოხავდა სადმე და დაგენაძლევებოდათ, სადაც მიხოხავს, იქამდე მალე მიხოხდება თუ არაო, დაენაძლევებოდით და არ დასჭირვებოდა, თორემ მექსიკამდე ჩაჰყვებოდა იმ ხოჭოს და იმას მაინც გაიგებდა, სად მიხოხავდა და რამდენ ხანს იხოხებდა გზაში. ჩვენში ბევრი იცნობდა სმაილის, ქვეყნის ამბავს მოგიყვებიან მასზე. აი, ასე, ერთი ფასი ჰქონდა, რაზე ჩამოვიდოდა სანაძლეოს, დიდი უცნაური ტიპი იყო.
ერთხელ პასტორ უოკერს ცოლი გაუხდა ავად, კაი ხანს იავადმყოფა. ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული, ვეღარ გამობრუნდებაო, მაგრამ ერთ დილას შემოდის პასტორი, სმაილი დგება და ეკითხება, ცოლი როგორ გყავთო, იმან კიდევ, უკეთესობა ეტყობა, დიდება უფალს, უსაზღვროა მისი წყალობა, საქმე კარგად მიდის და, ღვთით, მალე ფეხზე წამოდგებაო. ამ დროს სმაილიმ, კი არ დაუკვირდა და, "ორ-ნახევარს ჩამოვალ ერთის წინააღმდეგ, მაინც წერილს წაიღებსო".
ამ ჩვენს სმაილის ერთი ჭაკი ჰყავდა - ბიჭები თხუთმეტწუთა ჯაგლაგს ეძახდნენ, ხუმრობით, რა თქმა უნდა. სინამდვილეში ძალიანაც ფეხმარდი იყო. ჯიმიც