თავფარავნელი ჭაბუკი
თავფარავნელი ჭაბუკი
ასპანას ქალსა ჰყვარობდა,
ზღვა ჰქონდა წინად სავალი,
გასვლას შიგ არა ზარობდა.
ქალი ანთებდა სანთელსა,
სანთელი კელაპტარობდა,
ერთი ავსული ბებერი
ვაჟისთვის ავსა ლამობდა,
სარკმელზე ანთებულ სანთელს
აქრობდა,აბეზარობდა,
თან ამას ეუბნებოდა;
–წინადაც ეგა გყვარობდა!
ვაჟი მიანგრევს ტალღებსა,
გულ–მკერდი არა ჩქამობდა.
ცალ ხელით დოლაბი მიაქვს,
ცალ ხელით ნიავქარობდა,
ზღვის გაღმა ერთი სანთელი
გამოღმა კელაპტარობდა.
ღამე ჩამოდგა წყვდიადი,
უკუნს რამესა ჰგვანობდა,
ტალღა ტალღაზე ნაცემი
ვაჟის ჩანთქმასა ლამობდა.
დაჰკარგა ფონი,შეშჭირდა,
მორევი ბობოქარობდა,
გათენდა დილა ლამაზი,
კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა,
წყალსა დაეხრჩო ჭაბუკი,
ჭოროხზე ეგდო, ქანობდა,
წითელი მოვის პერანგი
ზევიდან დაჰფარფარობდა,
ლეშს დასჯდომოდა ზედ ორბი,
გულს უგლეჯავდა,ხარობდა.