ჯეინ ეარი - თავი I
სასეირნოდ გასვლა იმ დღეს შეუძლებელი იყო. მართალია, დილით მთელი საათი დავეხეტებოდით ფოთლებშემოძარცვულ ბუჩქნარში, მაგრამ ნასადილევს (მისის რიდი ადრე სადილობდა, თუ სტუმრად არავინ ჰყავდა) ზამთრის ცივმა ქარმა ცაზე შავი ღრუბლები მოჯარა და ისეთი თავსხმა წამოვიდა, რომ გასეირნებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო.
მით უკეთესი. ზამთარში არ მიყვარდა დიდხანს სეირნობა, ისიც ნაშუადღევს, ცივ ამინდში. ჭირივით მძულდა, როცა შებინდებისას ხელფეხგაყინული შინ ვბრუნდებოდით; გულს მიწყალებდა ჩვენი აღმზრდელი ქალის ბესის დაუსრულებელი ბუზღუნი; იმის გახსენება კი, რომ ელიზა, ჯონი და ჯორჯიანა რიდები გარეგნულად ჩემზე ბევრად უკეთესები იყვნენ, უფრო მიმატებდა ნაღველს და ჩემს საკუთარ თვალში მამცირებდა.
ელიზა, ჯონი და ჯორჯიანა ახლაც სასტუმრო ოთახში დედის გარშემო შეკრებილიყვნენ. ქალი ბუხრის წინ დივანზე იწვა, ირგვლივ საყვარელი შვილები ეხვია (ისინი ამჟამად არ ჩხუბობდნენ, არც ყვიროდნენ) და სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა. მისის რიდი მიკრძალავდა მათთან ახლოს ყოფნას. ეს გარემოება კი, როგორც თვითონ ამბობდა, თითქოს აწუხებდა. მისის რიდს ჩემი საქციელი არ მოსწონდა, მან განმიცხადა, რომ ვიდრე ბესი არ შემაქებდა ან საკუთარი თვალით არ ნახავდა, რა გულმოდგინედ ვცდილობდი მესწავლა საზოგადოებაში ქცევის წესები, მიმებაძა საუკეთესო ბავშვებისათვის, ვყოფილიყავი უფრო მხიარული, ალერსიანი, გულღია, უფრო ბუნებრივი და გამგონი, მანამდე ბავშვებს არ გაგაკარებო, არა და, ყოველთვის მოკლებული უნდა ვყოფილიყავი იმ დიდ
სიამოვნებას, რასაც დაუყვედრებლად ღებულობენ ხოლმე უზრუნველი და ბედნიერი პატარები.
- რა თქვა ბესიმ, განა რა ჩავიდინე ასეთი? - ვიკითხე მე.
- ჯეინ, არ მიყვარს, როცა მედავებიან, ან წარამარა მეკითხებიან. ბავშვებს ეკრძალებათ უფროსებისადმი უკმეხი მიმართვა. დაჯექი სადმე და, ვიდრე ზრდილობიან ლაპარაკს არ ისწავლი, ჩუმად იყავი.
სასტუმრო ოთახის გვერდით პატარა სასადილო ოთახში შევიპარე, წიგნების კარადიდან ამოვირჩიე ერთ-ერთი ტომი, რომელშიაც ყველაზე მეტი ნახატი იყო, ფანჯრის რაფაზე ავძვერი და იქ თურქულად ფეხმორთხმული მოვკალათდი. მერე ფანჯარაზე წითელი შტოფის ორმაგი ფარდები ჩამოვუშვი და გარე სამყაროსგან ორმხრივ განმარტოებული აღმოვჩნდი. მარჯვნივ ალის-ფერი ფარდის ნაკეცები მფარავდნენ, მარცხნივ კი კრიალა ფანჯრის მინები მიცავდნენ ნოემბრის მოსაწყენი და ცივი ამინდისაგან, თუმცა უამინდობას აქ, ჩემ თავშესაფარშიც, ცხადად ვგრძნობდი. წიგნის ფურცვლისას დროდადრო ვაკვირდებოდი, თუ როგორ ნელ-ნელა ილეოდა ზამთრის ხანმოკლე დღე. შორს გაცრეცილი ღრუბლები და ნისლი გაწოლილიყო, უფრო ახლოს სველი მოლი და ქარიშხლისაგან ტოტებდალეწილი ბუჩქნარი მოჩანდა; ქარის ქროლვით გაგულისებული წვიმა კი კოკისპირულად ასხამდა, თითქოს ყველაფრის წალეკვას ლამობდა.
მე კვლავ დავუბრუნდი წიგნს, ბევიკის ბრიტანეთის ფრინველთა ისტორიას. გულახდილად რომ ვთქვა, ნაკლებად მიზიდავდა ილუსტრაციების ქვემოთ მინაწერი ტექსტის შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარა ვიყავი, ზოგიერთ ადგილს მაინც ვერ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ადგილებში აღწერილი იყო ზღვის ფრინველთა თავშესაფრები მიყრუებულ კლდეებსა და კონცხებზე, სადაც მხოლოდ ეს ფრინველები ბუდობენ. ნორვეგიის ნაპირები, უკიდურესი სამხრეთ ლიდენზენიდან ნორკაპამდე, სადაც უამრავი კუნძული გაფანტულა.
მხარე, სადაც ჩრდილოეთის
ოკეანე ღელავს ვრცელი,
შფოთვით უვლის თულის კუნძულს,
უშორესს და უკაცრიელს.
და იქ, სადაც ატლანტიკის
ოკეანე თვალუწვდენი
ქარიშხლიან ჰებრიდებზე
მოაგორებს ტალღას ძლიერს.
ასევე უყურადღებოდ არ შემეძლო დამეტოვებინა ლაპლანდიის, ციმბირის, შპიცბერგენის, ახალი მიწის, ისლანდიისა და გრენლანდიის ყინულოვანი ნაპირების აღწერა. არქტიკული ზონის ეს ვრცელი ჰორიზონტი, უკაცრიელი ადგილები და მოსაწყენი სივრცეები, მუდმივი თოვლისა და ყინვის სამყარო; გაქვავებული, ყინულოვანი, თვალუწვდენელი ადგილები, უკიდეგანო ველებს
რომ მოგაგონებთ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ზამთარს თავის სავანედ უქცევია და ყოველწლიურად ყინულის ახალ-ახალი ფენები ფარავს, ალპებივით ცამდე აზიდულა, მაღლა მიიწევს, პოლუსს გარს ევლება და იქ გამეფებულ საშინელ სიცივეს კიდევ უფრო ამკაცრებს. ამ თეთრ უსიცოცხლო სამყაროზე მე საკუთარი შეხედულება შემექმნა - მართალია, ბუნდოვანი, ბავშვის გონებისათვის მიუწვდომელი, მაგრამ მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წიგნის ყოველი ახალი თავის შინაარსი და ნახატი იმგვარად ერწყმოდა ურთიერთს, რომ თავისებურ ელფერს აძლევდა აქაფებულ ტალღებში განმარტოებულ კლდეებს, უკაცრიელ ნაპირზე გამორიყულ დამსხვრეულ გემს, ცივსა და ფერმიხდილ მთვარეს, წამით ღრუბელთა საფარს რომ დაუსხლტება, რათა კიდევ გადმოხედოს დაღუპულ გემს, რომელიც ზღვის ფსკერისკენ მიექანება.
ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობას, რომელსაც იწვევდა ჩემში განმარტოებული სასაფლაო, წარწერიანი საფლავის ქვა, ჭიშკარი, ორად ორი ხე, ჰორიზონტი და ჩამონგრეული კედლები, რომელიც ერთ დროს სასაფლაოს ყორედ ჰქონია შემოვლებული. ცაზე ნამგალა მთვარე ანათებს, ის საღამოს მოახლოებას გვატყობინებს. მდუმარებით მოცულ ზღვაში ქარიშხალს გადარჩენილი ორი გემი ურჩხულებს მივამგვანე. ხოლო ის გვერდი, სადაც ეშმაკი ქურდს