* * *(შენზე ფიქრებში, ლამაზო,)
შენზე ფიქრებში, ლამაზო,
ცეცხლივით ავინთებიო,
წამაუბერავს ქარი და
ფერფლივით ვიფანტებიო.
დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა,
ო, რა ძალიან ვთვრებიო!
ხან სალ კლდედ გადავიქცევი,
ხან მიწად გავმტვერდებიო.
თვალო, ქცეულო ღრუბლადა,
რა მალ-მალ მიწვიმდებიო!
გულო, ქცეულო ღამედა,
ელვებით მინათდებიო,
ჩანჩქერით ამომკვნესარევ
ქუხილით აჰგმინდებიო.
ცხოვრებამ გამიუფსკრულა
შენსკენ სავალი გზებიო.
როგორ მიყვარხარ მაშინა,
ცოტას რომ გამიწყრებიო,
ცასავით მაიღრუბლები,
სატირლად ემზადებიო,
ცრემლების მძივით სახეზე
ლამაზად მაირთვებიო.