არსენას ლექსი
(ხალხური) „არსენას ლექსი“ ქართული ხალხური ეპიური შემოქმედების გვიანი ნაყოფია. იგი XIX საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი. მისი მთავარი გმირი სავსებით რეალური პიროვნებაა. თითქოს ცნობილია მისი ცხოვრების თარიღები (მიახლ. 1797-1842). მიუხედავად ამისა, „არსენას ლექსის“ გმირი ტრადიციული ეპიური გმირის ყველა ნიშანს ატარებს. „ლექსი“ ანონიმურია.
ცნობილნი არიან მხოლოდ ის ხალხური მთქმელები - მოხეტიალე მესტვირეები, რომლებიც მთელს საქართველოში ავრცელებდნენ „შაირსიტყვას“ უკვე ლეგენდად ქცეულ კეთილშობილ ყაჩაღზე, ასე ტრაგიკულად რომ დაასრულა თავისი ცხოვრება. უკანასკნელ ხანამდე მესტვირეთა რეპერტუარის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა „არსენას ლექსი“, ასრულებდნენ მას რელიგიურ თუ სახალხო დღესასწაულებზე, თავყრილობებზე, სოფლად თუ ქალაქად.
ვისი შექმნილიც არ უნდა იყოს „არსენას ლექსი“ - ქარჩოხელი მეცხვარისა თუ რაჭველი მესტვირისა, იგი ხალასი ხალხური გენიის შემოქმედების ნაყოფია, მასში სჭვივის ქრისტიანული სული, გამგები და მიმტევებელი ყოველი ადამიანური ცოდვისა. ხსენება ღვთის სახელისა, მირონის მადლისა, პირჯვრისა, დალოცვის სიტყვებისა „არსენას ლექსში“ არც შემთხვევითია, არც უბრალოდ სიტყვის მასალაა, არც მხოლოდ ჩვეულება ან ტრადიციაა, არც ე.წ. ხარკია ეპოქისადმი. ეს რეალიები ლექსის ორგანული ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს მთავარი გმირის ხასიათს, როგორადაც სურს იგი დაინახოს მესტვირემ, რომელიც თავის სიმღერას ძველი რაფსოდების მსგავსად უზენაესის ხსენებით იწყებს: „შაირსიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა...“ ღვთის სახელის ხსენებით იწყება და სასუფევლის ნათლის ხსენებით მთავრდება „არსენას ლექსი“. ეს, პირველ რიგში, მესტვირეთა რელიგიურობის, მათი ქრისტიანული მრწამსის, გამოხატულებაა. ძნელია მოიძებნოს ხალხური ნაწარმოები, რომელიც ისე მდიდარი იყოს ქრისტიანული ლექსიკით, როგორიც „არსენას ლექსია“. ესოდენ მცირე სივრცეზე ღმერთისა და სხვა წმიდა სახელთა (სიწმიდეთა, როგორიც არის: მირონი, ნათლობა, სეფისკვერი, წირვა, პირჯვარი, მადლი, აღდგომა, ღვთისმშობელი...), და გამოთქმათა ხშირი ხსენება (ყოველ მეთხუთმეტე სტრიქონში!) განსაკუთრებულ სულიერებას ანიჭებს ტექსტს, რომლის მთავარი თემა თვით მის შემქმნელთათვის სრულებითაც არ არის რელიგიური - ის არსენას საგმირო საქმეებს გადმოგვცემს. „არსენას ლექსში“ ერთმანეთს ერწყმის და ემსჭვალება სამი შრე: 1. მითოლოგიური, რომელიც შეიძლება სათავეს იღებდეს უშუალოდ არქეტიპიდან ან უახლოესი წყაროდან - „ამირანიანიდან“. აქ ძირითადია გმირის აღზევება და დაცემა, ჯანძი, ჰუბრისი. 2. სოციალური შრე: სამართალი-უსამართლობა. წინააღმდეგობა, შეურიგებლობა, კრიზისი სოციალურ ნიადაგზე. 3. ეგსისტენციალური პლანი. პიროვნების ბედი. კრიზისი პიროვნულ ნიადაგზე.
ზურაბ კიკნაძე
ლიტერატურული ძიებანი 1999 №20