აბესალომ და ეთერი ( ხალხური)
იყო ერთი უშვილო ცოლ-ქმარი. დიდხანს ელოდნენ შვილის ყოლას, მაგრამ ისე ჩამობერდნენ, რომ შვილი არ ეღირსათ. ბოლოს, იმედი რომ გადაიწყვიტეს, ცოლმა დაუჟინა ქმარს, წადი მკითხავთან, აკითხვინე, გაიგე, რა მიზეზით არა გვყავს შვილი, იქნებ რამე წამალიც გასწავლოს და ბედმა ჩვენსკენაც გადმოიხედოსო.
წავიდა კაცი მკითხავთან და აკითხვინა. მკითხავმა სამი ვაშლი მისცა და დაარიგა:
- წაიღე ეს ვაშლები და ცოლს მიუტანე, როცა მოშივდება, ორი ვაშლი შეაჭამე, მერე, რომ მოსწყურდება, ერთიც მაშინ შეაჭამე და შვილი გაგიჩნდებათო.
გზაზე კაცს მოშივდა, ვეღარ გასძლო და შეჭამა ორი ვაშლი, მერე მოსწყურდა და ის მესამეც ზედ მიაყოლა.
შეჭამა თუ არა კაცმა ვაშლები, იმავე წამს კანჭში ქალი ჩაესახა. კაცს შერცხვა, მოიჭრა კანჭი და გადააგდო. სუნზე ერთი ფრთათეთრი ორბი მოფრინდა, ჩასჭიდა კლანჭები კაცის კანჭს და წაიღო თავის ბუდეში, ერთი მაღალი ხის წვერზე.
მალე კანჭიდან გაჩნდა ქალი. ორბმა ეთერი დაარქვა და შეუდგა გაზრდას, ყოველდღე გაფრინდებოდა ბუდიდან, დაივლიდა მთელ ქვეყანას და სადაც კი კარგ და გემრიელ საჭმელს იპოვიდა, მოუტანდა. ქალი დღითიდღე იზრდებოდა და ლამაზდებოდა, რომ გაიზარდა, ისეთი ლამაზი და ტურფა შესახედი დადგა, რომ იმაზე უკეთესი ქვეყნად აღარ მოიძებნებოდა.
იმ ქვეყნის ხელმწიფეს, სადაც ეთერი იზრდებოდა, ერთი საქორწინო ბიჭი ჰყავდა, სახელად აბესალომი. აბესალომს ნადირობა უყვარდა და ტყეში ხშირად დადიოდა. ერთხელ სწორედ იმ ხესთან გაიარა, დაინახა ეთერი და ჩაუვარდა გულში იმისი სიყვარული. ამის შემდეგ ნადირობა აღარც მოჰგონებია. ყოველ ცისმარე დღეს იმ ხის ძირას ატარებდა და ეთერს შორით ესიყვარულებოდა. ერთხელაც ვეღარ მოითმინა და დაუძახა:
ჩამოდი, ეთერო, ძირსა,
მანდ რას უზიხარ ხესაო,
ჩამოდი, ცოლად გამომყევ,
მანდ ნუ იღერებ ყელსაო.
ამაზე ეთერმა უპასუხა:
შენ მდიდარი, მდიდრის შვილი,
დედა-მამით ხარ ქებული,
მე ობოლი, ობლის შვილი,
ობლობით ვარ დაჩაგრული,
კაცის კანჭში ჩასახული,
შარის პირას დაგდებული,
ორბის კლანჭით აღებული,
ხის კენწერზე დადებული,
შენ შენი ჰქმნა და წახვიდე,
გამიშვა წყალწაღებული.
აბესალომმა ღვთის ფიცი მისცა, არ გიღალატებო:
ზევიდან ღმერთი ცეცხლსა ჰყრის,
ქვეშ აბესალომ უდგება,
ეთერო შენსა ღალატსა,
ღვთის მეტი ვინ შეუდგება.
ომში ხმალამოღებულსა,
აბჯარიმც ჩამომიწყდება,
წყალი, უწყლოსა ალაგსა,
ზღვა იყოს, ამომიშრება,
შვიდი წლის გზასა მავალსა
საგზალიმც დამიმიწდება,
თოფი მტრისაკენ დახრილი,
გულშიამც დამიბრუნდება.
დაიჯერა ეთერმა აბესალომის ფიცი და დათანხმდა. აბესალომმა, რაკი ხელთ იმჟამად არაფერი ჰქონდა, სანიშნოდ ერთი შავტარიანი დანა აჩუქა, შემოისვა ცხენზე და წაიყვანა შინ.
აბესალომს ერთი ყმა ჰყავდა, სახელად მურმანი. აბესალომმა მურმანი წინ გაგზავნა და თავის დასთან, მარეხთან დააბარა:
- ცოლი მომყავს, ოქროსთმიანი ეთერი და საქორწილო ტანისამოსი მოგვიმზადეთო.
დაუმზადა მარეხმა საჩქაროდ საქორწილო ტანისამოსი, მოიყვანა აბესალომმა ეთერი და ჩააცვეს. მდიდრულმა ჩაცმამ ისე დაამშვენა, რომ რაც იყო, ორი იმდენი სილამაზე შემატა. დაწერა აბესალომმა წიგნები და ქორწილში თავის სახელმწიფოდან კომლზე კაცი დაიბარა, მისაც წიგნები მურმანს და გაგზავნა მოპატიჟედ.
მურმანს დანახვისთანავე შეუყვარდა ეთერი, მიდიოდა ახლა გზაზე გულმოკლული და სულ იმის ფიქრში იყო, ნეტა ისეთი ვინმე გამოჩნდებოდეს, რომ ეთერი აბესალომს შეაძულოს და მე ჩამიგდოს ხელშიო. შემოხვდა ამ დროს წინ ეშმაკი და ჰკითხა:
- საით მიდიხარ, მურმანო, ან აგრე ძლიერ რას დაღოდებულხარო? - მურმანმა თავისი გასაჭირი გაანდო. მაშინ ეშმაკმა უთხრა:
- მაგას რა ნარტვრა უნდა, თუ შენს სულს მე მომცემ, ისეთ წამალს გასწავლი, რომ აბესალომმა ეთერი თავისი ხელით გადმოგილოცოსო.
- ოღონდ ეთერი ჩემი გახდეს და სულს კი არა, რჯულსაც მოგყიდიო, - უთხრა მურმანმა.
ეშმაკმა ხელწერილი მოსთხოვა:
- ჯერ ხელწერილი დამიწერე, რომ პირს ვეღარ გადახვიდე და წამალს მერე გასწავლიო.
დაუწერა მურმანმა ხელწერილი და მისცა. ეშმაკმა უთხრა:
- ჯვარს რომ დაიწერენ და ეკლესიიდან გამოვლენ, ეთერს ერთი მუჭა ფეტვი ხელუკუღმა შეაყარე, მკბენარი დაეხვევა იმდენი, რომ სულ რომ აცალონ, მაინც ვერ გააცლიან, სანამ შენს ხელში არ ჩავარდება. აბესალომს შესძულდება ეთერი და შენ გადმოგილოცავსო.
დაბრუნდა შინ სულგაყიდული მურმანი და გაჰყვა ეთერსა და აბესალომს ეკლესიაში. ჯვარი რომ დაიწერეს და ეკლესიიდან გამოდიოდნენ, მურმანმა პატარძალს ერთი მუჭა ფეტვი გადააყარა ხელუკუღმა. დაეხვია მკბენარი ეთერს, აცლიან, მაგრამ უფრო მეტი ეხვევა. შეწუხდა აბესალომი ძალიან, მაგრამ