ავი დედაკაცი და დევი
ძველად, ერთ დიდ სოფელში, კეთილი და გამრჯე კაცი ცხოვრობდა. ამ კაცს ისეთი ავი და ჭირვეული ცოლი ჰყავდა, რომ იმისთანა დედაკაცი მეორე არ მოიძებნებოდა: ყველას ედავებოდა, ყველას ლანძღავდა, ყველას უშარდებოდა, ყველაფერს უკუღმა აკეთებდა; ერთი სატყვით, მთელი სოფელი აკლებული ჰქონდა. საწყალი კაცი ძალიან შეწუხებული იყო, მოსვენება არ იცოდა. ცოლი სულ ეჩხუბებოდა და ეკამათებოდა. ტყიდან ხმელ შეშას რომ მოიტანდა, ცოლი ქოქოლას აყრიდა და საყვედურობდა:
- შე ვირო, შენა, რა თავში ვიხლი ხმელ შეშას, მე ნედლი მინდოდაო!
ნედლ შეშას მოიტანდა და ისევ საყვედურობდა:
- შე ვირო, შენა, რა თავში ვიხლი ნედლ შეშას, მე ხმელი მინდოდაო!
ერთხელ კაცი ტყეში იყო ფიჩხის შესაგროვებლად. შეაგროვა ბევრი ფიჩხი, ძლიერ დაიღალა და ხის ძირას დაჯდა დასასვენებლად. იჯდა და ფიქრობდა: რა ვქნა, სად წავიდე ავ ცოლს ვერსად გავექცევი, მაინც მიპოვის. ვერ გავაგდებ, არ წავა. არადა, მის ხელში ჭკუაზე შევიშლებიო.
ამ დროს მიმოიხედა და უცებ, შორიახლოს, ორმოს მოჰკრა თვალი. ჩაიხედა ორმოში - ძირი არ უჩანდა, ისეთი ღრმა იყო.
იფიქრა კაცმა: იქნებ ამ ორმოში ჩავაგდო ავი დედაკაცი, მეც გავიხარებდი და მთელი სოფელიცო!
დაბრუნდა შინ და ცოლს უთხრა:
- ერთი ღრმა ორმო ვნახეო.
ცოლმა კი მიუგო:
- იტყუები, არანაირი ორმო არ გინახავსო!
ქმარმა კი, თითქოს ცოლის ნათქვამი არ გაუგონიაო, თქვა:
- ამ ორმოში ბევრი ოქროა. ტომრები და თოკები გამიმზადე, ხვალ წავალ და ოქროს მე ამოვიღებო!
- არა, - უყვირა ცოლმა, - არ გაგიშვებ! ყველამ იცის, რა ვირიც ბრძანდები! კი წახვალ, მაგრამ ცოტა ოქროს მოიტან. მე თვითონ წავალ, ორმოდან მთელ ოქროს მე ამოვიღებო!
მეორე დღეს დედაკაცმა დილაადრიან გააღვიძა თავისი ქმარი და უბრძანა, ორმოსთან მიმიყვანეო. ქმარი წინ მიდიოდა, ტომრები და თოკები მიჰქონდა, ცოლი კი უკან მიჰყვებოდა, ხელისკვრით აჩქარებდა და ლანძღავდა:
- ჩქარა იარე! ფეხი სწრაფად გადაადგი, შე ფეხგასახმობო, შენა! არაფრის მაქნისი და უვარგისი ხარ! იმ ორმოდან ოქრო უნდა ამოიღოს კაცმა და შენ ჩაგაგდოსო!
ასე ილანძღებოდა, სანამ ტყე გამოჩნდებოდა. მიადგნენ ტყეს, ნახეს ორმო. ქმარმა თოკების გადაბმა დაიწყო, თითქოს ორმოში ჩასვლას აპირებსო.
- ახლა ორმოში ჩავალ, - უთხრა ცოლს, - შენ კი ორმოს პირას იჯექი და თოკი მაგრად გეჭიროს. თოკს როცა მოვქაჩავ, ზევით ამომწიეო. ცოლმა კი, როგორც ყოველთვის, კამათი დაუწყო:
- ეგღა მაკლია, ორმოს პირას ვიჯდე და შენ გელოდო! თოკი შემომახვიე და ორმოში ჩამიშვი. ოქროს მე თვითონ ჩავყრი ტომრებში! შენ კი აქ დამელოდე. ფეხი არსად გაადგაო!
კაცსაც ეს უნდოდა. თოკი შემოახვია ავ დედაკაცს და, ორმოში რომ ჩაუშვა, ხელი გაუშვა:
- იცხოვროს ახლა ორმოში ეშმაკებთან ერთად, თუ ადამიანებთან ერთად ცხოვრება არ შეუძლიაო!
გასწია სახლისკენ გახარებულმა: როგორც იქნა, თავიდან მოიშორა ანჩხლი ცოლი.
იცხოვრა უცოლოდ ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა, გული კი ვერა და ვერ დაიმშვიდა. გადაწყვიტა, წასულიყო და გაეგო, რა მოუვიდა დედაკაცს.
ორმოს რომ მიუახლოვდა, წყევლა-კრულვა და წივილ-კივილი შემოესმა. დააცქერდა კაცი ორმოს და მიაყურადა: ყვირის და იწყევლება მისი ცოლი, ვიღაც სხვა კი გმინავს და ოხრავს.
- მანდ რომელი ხარო - ჩასძახა კაცმა.
- თავიდან მომწყდი, შე ვირო, შენა; სხვის საქმეში ნუ ეჩრებიო! - ამოსძახა ცოლმა.
- მიშველე, კეთილო კაცო! ამომათრიე ამ ორმოდან! დევი ვარ. ამიკლო ამ ავმა დედაკაცმა, სიცოცხლე გამიმწარა. მიშველეო! - სთხოვა ვიღაცამ ორმოდან.
- დაგეხმარები, - უთხრა კაცმა, - ოღონდ პირობა მომეცი, რომ არაფერს დამიშავებო.
- რას ამბობ! არაფერს დაგიშავებ და სამ სურვილსაც შეგისრულებ, ოღონდ სწრაფად ამომათრიეო!
შეებრალა კაცს დევი და გრძელი მსხვილი თოკი ჩაუშვა ორმოში. დევი მოეჭიდა თოკს და ამოსძახა:
- ამომათრიეო!
მოზიდა კაცმა თოკი, ავმა დედაკაცმა ფეხში ხელი წაავლო დევს, მასთან ერთად რომ ამოსულიყო ორმოდან, დევმა კი ფეხი გაიქნია და დედაკაცი მოიშორა.
ამოათრია კაცმა დევი ორმოდან. დაწვა დევი ბალახზე, სულის მოთქმა უჭირდა.
- უფრო დიდი ვიყავი, - თქვა დევმა, - მაგრამ ავმა დედაკაცმა ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ გავილიე, ჩამოვხმი, ძალიან დავპატარავდი. მიკვირს, ცოცხალი როგორ დავრჩიო
- არც ისე ძლიერი ყოფილხარ, - უთხრა კაცმა, - ერთ კვირაში ასე რომ გათანგულხარ. ეტყობა, შენზე გამძლე ვარ, რაკი მრავალი წელი ვითმინეო!
როგორც იქნა, დაისვენა და სული მოითქვა დევმა და კაცს უთხრა:
-