„სიზმარია, სიზმარია ყველაფერი...“
„ჩვენი თაობის ინტელექტუალური ლიდერი...“
თამაზ ჩხენკელი
„დაბადებიდან ასე იყო და უცნაურად
შენ სიკვდილამდე აგრე ივლი გზად თავდახრილი,
შენ ფეხაკრეფით დადიოდი და უხმაუროდ,
რომ უდაბნოში მოგესმინა ჩუმი ძახილი“.
ზურაბ კაკაბაძე
ეს ავტოპორტრეტია. და ჩვენ ვხედავთ წუთისოფელზე დაფიქრებულ ადამიანს, ვხედავთ უდაბნოსაც, როგორც „უნაყოფო მიწის“ ალეგორიას, ვგრძნობთ „ჩუმი ძახილის“ ტკივილსაც...
ზურაბ კაკაბაძე, როგორც კრიზისის ეპოქის მოაზროვნეთა უმრავლესობა, კრიტიკულად იყო განწყობილი თანამედროვეობის მიმართ. ოღონდ მისი კრიტიკა თავისებურია – სევდიანი. სევდა საშუალებას არ მისცემდა ტენდენციური ყოფილიყო. ერთ-ერთ ბოლო ლექსში მან ასეთი აზრი გაატარა: „წარსული იყო მაინც ლამაზი“. დიახ, მაინც! მიუხედავად თავისუფალი აზრის გამოხატვის შეუძლებლობისა.
განათლებული მკითხველი კაკაბაძის პოეზიასაც იცნობს. თუ მისი ფილოსოფიური განსჯანი ოდესმე აქტუალობას დაკარგავენ, მისი პოეზია არასოდეს დაიშრიტება. პოეტს გულმა უგრძნო:
„ლექსები,
ლექსები მხოლოდ
ერთადერთ იმედად დამირჩა...“
ლექსის უკვდავება მანამდე გალაკტიონმა იქადაგა:
„იყო მრავალი განადგურება,
ლექსის სიკვდილი კი – არასოდეს!“
გალაკტიონის ცნობილ ერთტომეულს ნახევრად მშიერმა სტუდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ასი მანეთი მისცა...
ღამის დადგომას ველოდებოდი, რომ ზურაბ კაკაბაძეზე ფიქრი გამეგრძელებინა. ზურაბი ის ადამიანი იყო, ვისთანაც მიგესვლებოდა. თანაგრძნობის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა. თვალებში გატყობდა, რა გაწუხებდა. გშველოდა ტვირთის შემსუბუქებაში.
იდგა ხოლმე ფანჯარასთან სევდიანად ჩაფიქრებული და გაჰყურებდა მეცნიერებათა აკადემიის შენობას, საიდანაც, საღამოჟამს, გამოდიოდნენ თავჩაქინდრული სწავლულები – მძიმე ჩანთებით ხელში. უყურებდა მათ და ეღიმებოდა. ირონიული იყო. ეს ლექსებშიც ჩანს. თავის თავსაც არ ზოგავდა. აი, ნიმუში:
„...შენი თვალებიდან იხედება სოფლის იდილია,
მშვიდი და ნელი ღელვა ვნებათა.
ოღონდ: რა შუაშია აკადემია მეცნიერებათა?
შენ კი, მეგობარო, იქ ხშირად დადიხარ
პორტფელით ხელში.
ფეხაკრეფით და უხმაუროდ დავდიოდიო...“
შინაც ასეთი იყო: ჩუმი და მინორული. ბინდი წვებოდა მის სამუშაო ოთახში და ისმოდა ნელი მუსიკა. ცოცხლდებოდა წიგნი, მაგიდა, კედლები...
სტუმარს, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, თავს მიანებებდა და თავის ოთახს მიაშურებდა, რათა იქ, ცოტა ხნით, სული მოეთქვა.
მისი ლექციები დღემდე ახსოვთ. ეს იყო ფილოსოფიური საუბრები. მსჯელობდა მშვიდად, აუღელვებლად. ასევე წერდა. მისი ლიტერატურული სტილი სადა და ნათელია. სტილი მასწავლებელისა – თავისუფალი ყოველგვარი ეგოცენტრული რეფლექსისგან.
ის წერს იმაზე, რაც აღელვებს და რაც იცის...
ჩემი აზრით, ზოგიერთი ავტორის ტექსტი ძნელადგასაგები იმიტომ არის, რომ გრძნობა აკლია. სუსტი გრძნობა სიტყვებში იხლართება და ხლართს თავს ვერ აღწევს...
აი, რა თქვა გალაკტიონმა: – „მოვიდა გრძნობა და სისადავე“.
ე. ი. გრძნობას მოსდევს სისადავე. გრძნობა ანათებს, როგორც ანათებენ მატარებლის თვალები ღამის წყვდიადში.
ზურაბის თვალებში კონცენტრირებული იყო ფიქრის მთელი მომხიბვლელობა. მშრალმა ფოტოებმაც შესძლეს ამის დაფიქსირება.
მის სურათებს დავყურებ ახლა. შუაღამეა. ისევ ის მთვარე (ზურაბის მუზის ხშირი სტუმარი) დაცურავს მსუბუქ ღრუბლებში: „მთვარე ეშვება მძინარე ბაღში, ჩრდილები დგანან და გარბიან“.
ეგზისტენციალურმა ფილოსოფიამ მოგვცა თანამედროვეობის ყველაზე უშუალო დახასიათება: მისი დაბნეულობა, უსასოობა და უიმედობა. გერმანელი ფილოსოფოსის ჰიუბშერის ნაშრომის – „ჩვენი დროის მოაზროვნეები“ შესავალ ნაწილში ეგზისტენციალიზმი დახასიათებულია, როგორც რადიკალური დასასრულის ფილოსოფია. დასახელებულია მხატვრული სიტყვის ის ოსტატები – რილკე, ვალერი, კაფკა – რომლებმაც ეგზისტენციალური შიში განიცადეს. ამ შიშის განცდამ ფრანც კაფკას შიშის შემზარავი სიმბოლიკა შეაქმნევინაო – აცხადებს ჰიუბშერი.
ზურაბ კაკაბაძემ განიცადა კაფკას ტრაგიკული ბედი, თარგმნა მისი შედევრი „მეტამორფოზა“. კაკაბაძე დაინტერესდა რილკეს პოეზიითაც, თარგმნა მისი რამდენიმე ლექსი. ეს შემთხვევითი არ ყოფილა. იტყვიან, გული გულს იცნობსო, მართალია. მოვუსმინოთ ავტორს: „თუკი გავიხსენებთ ფრანც კაფკას ნაწარმოებებს, ვიპოვით ილუსტრაციებს ყველაფრისთვის, რაც ითქვა: სტანდარტული გარემო, მკაცრად რეგლამენტირებული ცხოვრების მექანიკური რიტმი, მეტისმეტად შორეული, შეუღწევი და ანონიმური მმართველი ინსტანცია. მისკენ მიმავალი უსასრულოდ გრძელი, უპერსპექტივო ბიუროკრატიული იერარქიული კიბე და ამ ფონზე დამდაბლებული, გარიყული ფატალური უმწეობის გრძნობით შეპყრობილი ადამიანის შეშინებული სახე – ასეთია კაფკას მიერ დახატული ცხოვრების „პეიზაჟი“.
გახმაურებულ ტერორისტულ აქტებს და მანიაკალურ მკვლელობებს ზურაბ კაკაბაძე ვერ მოესწრო, მაგრამ რაც მოხდა, რაც კიდევ უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, მას ვერ გააკვირვებდა, ბოროტების პერსპექტივას იგი ნათლად ხედავდა.
ზურაბ კაკაბაძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კიბეებზე გავიცანი, დიღომში. სტუდიის რედაქტორმა, კაკაბაძის ყოფილმა სტუდენტმა წამოიძახა: – ა, ბატონო ზურაბ! დილა მშვიდობისა! მივიხედე და მივესალმეთ ერთმანეთს.
– რამ მოგიყვანათ, დილაადრიან? – გვკითხა. ყოფილმა სტუდენტმა ხუმრობით უპასუხა:
– ფულმა!
– სხვათა შორის, მეც მაგისთვის მოვედი, რაღაც ჰონორარი გამოუწერიათ. ვჩქარობ, ტაქსი შემოსასვლელთან მელოდება – უცებ დაიხარა, ფეხსაცმლიდან ამოვარდნილი თასმა გაისწორა. ყოფილმა სტუდენტმა დრო იხელთა და ბერდიაევის