მიქელა უბედურ მოხუცებულობას შეესწრო მიქელა გიორგაძე. სულ მოკლე ხნის განმავლობაში მიწას მიაბარა თავისი სამი ვაჟი, ერთი ცოლშვილიანად. მრავალრიცხოვან ოჯახიდან მას შერჩა მხოლოდ ორი შვილიშვილი და დაქვრივებული რძალი მაია.
- მადლობა უფალს!.. ყველაფერი მისი ნებით ხდება! ყველა მისი ნების ქვეშ ვიმყოფებით! – ამბობდა მიქელა, როცა მწუხარება გულს მოაწვებოდა ხოლმე.
მოხუცებული ერიდებოდა რაიმე საყვედური წამოსცდენოდა ღვთაების მიმართ. არც შავები ჩაუცვამს, არც თმა და წვერი მოუშვია; არავის ამჩნევინებდა თავის მგლოვიარობას. მორჩილებით და მოთმინებით უზენაესის ნების წინაშე იმედოვნებდა მიქელა ღვთაების გულისმოგებას, მისგან შებრალებასა და შეწყალებას. და სწამდა კიდეც, რომ აგრე იყო; შერჩენილი, ცოცხლად მყოფი ორი შვილიშვილი ღვთისაგან საჩუქრად ჰქონდა მიჩნეული მისი მორჩილად მყოფობისა და მოთმინებისათვის. ღრმად სწამდა ეს მიქელას, მადლობას სწირავდა უფალს და მზად იყო დაევიწყნა უბედურება, რაკი ამათში ხედავდა ოჯახის მომავალ მშვიდობიანობას და თავისი გამწარებული სულის მომვლელთ მისი სიკვდილის შემდეგ.
და სწორედ მაშინ, როცა მიქელა იმედს მიეცა, ამ რწმენით დამშვიდებული იყო. რომ მისი სიკვდილის შემდეგ ესენი ეყოლებოდნენ მისი სულისთვის მზრუნველებად, სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, ავად გახდა უფროსი შვილიშვილი, ოცი წლის ბიჭი, სპიდონა. მოხუცებულს თავზარი დაეცა. მაიამ ხელი დაავლო თავის პატარა ნესტორას და იმავე დღესვე, რა დღესაც ავად გახდა მისი მაზლისწული, მახლობელ სოფელში თავის სახლს გადახიზნა.
ავადმყოფი სპიდონა დღითი დღე უარესად ხდებოდა. ერთ დღეს იგი ისე მოიქცა, რომ მიქელას ეგონა მოკვდაო. გონება არეული მოხუცი მზადებას შეუდგა, ესეც ისე გაეტანა ურმით, როგორც წინანდელი მიცვალებულები. მალე სპიდონამ, მოხუცის სასიხარულოდ, ისევ ამოისუნთქა და თვალიც გაახილა, მაგრამ სიხარული მეტად ხანმოკლე იყო; შვილიშვილმა მიქელას გამოუცხადა, რომ საიქიოს ვიყავიო, მაგრამ რადგან ჩემი იქ წასვლის ბორჯი არ მოსულა, ერთი წლით გამომაბრუნეს უკანაო.
ახლა კი ვეღარ გაუძლო მოხუცებულმა მიქელამ ჯავრს. ყოველივე იმედი, ყოველივე რწმენა, მორჩილებით და მოთმინებით ნაპოვნი ვითომ მშვიდობიანობა, კეთილი მომავალი გაჰქრა, გაქარწყლდა, მოისპო. მოხუცებული აირია, მოუსვენრობას მიეცა.
ჩუმი, ყუჩი, შეხედულებით ბუს მსგავსი მიქელა, რომლისაგანაც ძლივს ორ სიტყვას გაიგონებდა კაცი, რომელიც გულგრილად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა, გარდა სამუშაოსი, ეს მოხუცებული ახლა სრულიად გამოიცვალა, სრულიად გადასხვაფერდა. მასში თითქოს გაიღვიძა შიგნით დამალულმა ადამიანმა თავისი გრძნობებითა და წადილებით.
მისი ოჯახის ამომავალი ახლა ისეთ სუსტ ძაფზე ეკიდა, როგორიც იყო მისი უმცროსი შვილიშვილი, პატარა ათი წლის ნესტორა; ამდენი სულის მომვლელ-პატრონად, როგორიც ესაჭიროებოდა ოჯახის მიცვალებულთ და თვითონ მიქელასაც მისი სიკვდილის შემდეგ, რჩებოდა პატარა, უსუსური ბავშვი, ნორჩი, ჯერ კიდევ გასაზრდელი ნესტორა – სუსტი იმედი.
ამოკვეთის, ამოწყვეტის შიშმა, ოჯახის ამოვარდნის შიშმა, შიშმა, რომ ამდენ მიცვალებულთა სულის მოსამსახურედ აღარავინ დარჩება ოჯახში, გაურბინა თავში მიქელას და მოხუცებულს უცნაურად დაცეცხლა. იგი მოისხლიტა, გული ვეღარაფერს საქმეს ვეღარ დაუდვა; მუშაობაზედაც ხელი აიღო. სარჩოს მოყვანა ქვრივ მაიას დააწვა კისერზე და ჯანიანი დედაკაცი მამაკაცივით ეკიდა თოხსა და ურემს. მიქელა კი ეზოს აღარ სცილდებოდა; მორთხმული იჯდა რომელიმე ხის ძირში და დაღონებით იმზირებოდა გაყუჩებული, დადუმებული, ხშირად ოცნებით მოალერსე თავის საიმედო შვილიშვილის, პატარა ნესტორასი, რომლის გამოხატულება თითქმის მუდამ თვალწინ ედგა მოხუცებულს; და მიქელას ხანდახან უცნაურად შეიპყრობდა სურვილი ამ პაწაწინას ცხადად დანახვის, მისი ხმის გაგონების და მასთან ახლოს ყოფნისა.
საიქიოდან დაბრუნებულ სპიდონას კი მთლად იმ კუთხის დედაკაცები შემოედვნენ. ესენი თვალცრემლიანები ეკითხებოდნენ თავიანთ მიცვალებულთა ამბავს, ეკითხებოდნენ იმათ იქაურ ყოფაზე, კითხულობდნენ, ეგებ რამეს ითვლევინებოდნენ – ან თუ სამსახური მეტი ეჭირვებოდეთ, ან წირვა-ლოცვა, ან აკლდეთ შესაწირი, აკლდეთ აქედან ხელისწყობა და მათი სული წუხდეს და გასაჭირში იმყოფებოდეს უგუნურ და მიუხდომელ ამქვეყნად დარჩენილ მათ პატრონთა გამოისობით.
ბევრი ვერავინ გაახარა სპიდონამ საიქიოდან ჩამოტანილი ამბით. უმეტესობა გულდაწყვეტილი გაბრუნდა, რადგან, სპიდონას თქმით, მოკლე ხანს იქ მყოფობაში ბევრი ვერავინ ენახა და ვინც ნახა, მასთან ლაპარაკი არ დასცალდა.
- წლის ვადით გამომაბრუნეს … ისევ უნდა გავბრუნდე … რასაც დამაბარებთ, რომ მივალ, გადავცემ … – ერთნაირად პირდებოდა იგი ამ მოტირალ, შავებით შემოსილ დედაკაცებს.
ესენი მადლობას სწირავდნენ და დაიმედებულნი მიდიოდნენ, მაგრამ მიქელას კი თითო გამეორება სპიდონასი მის საიქიოს უკან გაბრუნებაზე ლახვარივით გულში ხვდებოდა და მწუხარებას უორკეცებდა. სწორედ ამ დროს სურვილი შორს მყოფ ნესტორას ნახვისა უფრო უცხოველდებოდა, უფრო მეტი სიმძლავრით შემოენთებოდა ხოლმე მიქელას.
ერთ დღეს ამგვარი სურვილი უცნაური სიმძლავრით შემოეჭიდა მოხუცებულს, რომ იგი ერთნაირად შეინძრა. იგი თითქოს გამოცოცხლდაო, გამოფხიზლდაო.