წიგნიდან „ძილის წინ წასაკიტხი ამბები “ ერთ დრეს საათნავა მოვიდა
მომცრო ქრონიკა
„გამიფრინდა სიხარულის ფრინველი,
შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა “.
დავით ბატონიშვილის ერთადერთი ლექსიდან
1.
გუშინ საღამოს ყველას გეეგო, რომ მოხუცებული მგოსანი საათნავა ქალაქს მოსულიყო ახპატიდანა. ის დეენახათ სომხის ბერის ჯვალოჩაცმული, თეთრი წვერით და შავი წარბებით, მომავალი შუა სეიდაბადზე და ხმაც დავარდნილიყო, ბერობა დაუგდია, ეფისკოპოზობაზე უარი მიუგია და ქალაქს დაბრუნებულა, რათა და, ძველ ხელობას რო მისდიოსო.
ეს ჭეშმარიტი სიტყვა იყო: საათნავას, ბერად დავითის სახელით შესულს, ასე ეცხოვრა, რომ ჭკუის რიგება არავისთვის დაენებებინა, ღმერთმა დალოცოს ამისი ფიქრები და ქრისტეები. ახპატიდან კი განაჯავრი მოსულიყო – როგორც მდაბიო კაცს, ასრე მიყურებენ თავიანთ ამპარტავან კოშკებიდან, გამოვიქეცი, მე ბებერი, რო ქალაქის ცხოვრებას თავი მივსცე და გარეთ აღარ გავიხედოო.
თავის ბიჭთან, ოჰანესასთან დამდგარიყო.
2.
აბა და, მალსკვლავი აღარა თამაშობს გულში? თაფლი უთხარი, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვა. ქართულია.
ჯეილი ერგებაო, გემრიელი ოჯახობაო; შენ გადაბრუნდები, მძორი იქნები და ჩემმა ქალმა რათ შავი უნდა ატაროსო?
ხუთმეტი წლისაა, შენა კი, ცალი ფეხი იქეთა გაქვსო.
ადრიან დილით, ჯერ არ გამონათებულზე ამაებს ფიქრობდა მოხუცებული მგოსანი საათნავა, ოსტატი ქიარიმისა და მეფე ნარინჯის ხმისა.
ბარე ოცი წელი სრულდებოდა, საათნავა ქვრივად იყო. ახლა თავის ბებრულ ჰაზრით გადეეწყვიტა, ცოლი უნდა შევირთო და ბერობიდან კაცობაში ასე უნდა მივიდეო. ამისი შვილები და სიძეები სულ სიცილით დაიხოცნენ, საცოლო ისეთი ენახა. უთხრეს: საიქიოს მიმავალს, ცოცხალი, ასეთი სულიერი რამ აგრე შესაჭმელად რად გაგიმეტებია, ასეთი ფიქრი საიდან გაგიჩენია თავშიო.
ნორჩი ქალი, თვალს ამორჩევით ხარჯავს, ყველას განა უყურებს? და ბებერ არუთინას უნდა გაჰყვესო? ანაც – ქართულია? ასეთებს ამბობდნენ: არუთინას საზი ვეღარ დაუჭერია ხელში და ქალს დაიჭერსო? ესეც: რათ უნდა ასეთი დაჭერა, როცა მუცლის ქარებით უნდა წაუხდინოს გუნებაო.
მეტსაც იტყვიან, ორფერობა მათია.
და მე რაღაო? პირწყალი და სხვის საღად დგომა. იმათ ქორწილში სანა და მღერა.
გუშინვე, დაღამებული რო არ იყო, კაცები გაგზავნა.
სპარსულ სარკეში სჩანდა საათნავას დაღალული თვალები და თეთრი წვერი. ესეც იფიქრა, შემეღებაო.
მერე სარკეს მოეშვა და ბანზე ავიდა. წყლიდან სისხამის სიცივე უწევდა. აჰა, ქალაქიც. განა ჩემი ცრემლი ზღვისგან არი? რომელს დავაბრალო, რისგან არი?
ბებერიო. აჰარუნა კუზიანმა, პუჭიკა აჰარუნამ და ღმერთო, რათ გამოუყვანე ეგეთი ქალი? კუზიან აჰარუნას ქალსა სთხოვდეს საათნავა!!! და – ბებერიო.
ოთხი მიგზავნილი კაცი მოუბრუნდა. თუ ვინმე ბაღლინჯი? სულ ასეთი კაცები: კალატოზების უსტა დავითა, ტერტერა არაქელი და ისინიც, უზბაშად ნამყოფი ასლამაზა და გოგია მკერვალი.
რაღა?
მელიქი უნდოდა მისვლოდა, ქალაქის მამასახლისი? იყო ამის დროც ძველ დღეებში – მიუშვებდა ამათაც.
იცი, რომ მეჯლიშშიაც მჯდარა? განა ერთხელ, ათასჯერ. ეტყოდა მეფე ერეკლე: საათნავავ, დარდისა გვითხარ! ანაც: საზანდარო, გულში ია გაგვიხარე, შაქარყინული დასდე აქაო.
აჰ! ეს ნათქვამი ყველას თავში შეიშვება?
3.
ოთხი კაცი! აჰარუნა კუზიანმა, რომლის ქარგლობა-საწყლობა, ხმელა პური და გატეხილი დოქი ახსოვს. მაშინ ეტყოდა, ბიჭო, აჰარუნ, რაც რო ოქროს ყაფაზა იყოს, გაანგრიე, ჯაზა იქ დასტოვე, ცხოვრება ესააო.
და ახლა – ოხუნჯობაა და სხვა რა? პატარა ქალი, ჰურად მოსული, რკალიან წარბებს შუა ხალი რომ დაუსვამს იმის დამხატავს, საათნავასთვის!!! არ ემეტებათ.
ასე ეჯერა – ახლა ავდგები და კუზიან აჰარუნასთან წავალ, ორს რამესა ვეტყვი, ცხოვრებას გავაგებინებ. იქ ფერფლად დავყრი იმის ფიქრებს, ზარბაზანს გავატან იმის თამასუქებს და მერე მიყურონო.
ამისთვის უნდა ჩაეცვა.
ზანდუკში ეწყო ის, რაც აღარ გახსენებოდა აგერ ოც წელიწადს. წითლის მოსხმა უყვარდა, შიგნიდან კი ახალოხი, ყირმიზი ძაფით ნახატი. აგე, ქუდიცა და ფეხზე? ესეც წითელი, ნალმიცემული...
სუნი აეღო ამ ჩასაცმელებს, ზანდუკში იყო დადებული. ბერობამდისაც შავით დადიოდა. ამაებს გარდა ყველაფერი გაეღება, ქვრივ-ბებრის წესიაო.
ბებრის წესი და ცოლი?
იმათაც, გაგზავნილ კაცებსაც არ ეჯერათ, ეს ანბავი ოხრად დარჩომილიაო, გულზე ეწერათ.
დიდი საქმე რამე: აჰარუნა ახლა არის ყაზაზების უსტადო, იმათი სალარო უჭირავს და ვახშს მისდევსო. ამხელა სახლი დაუჭერია, ფიანდაზ-ზირანდაზები დაუგიაო.
საათნავამ სარკეში მოათვალიერა თავი. ბატონიშვილთან ენახა ადრე კაცის სიგრძე სარკე. ის რომ ჰქონოდა აქა, წინ დაუდგებოდა უცხოდ ჩაცმული. დაინახავდა, ტანისამოსი ზედ ეკიდა – ბრმაც ეტყოდა, არუთინ, რა ყეენივით მორთულხარო, მაგრამ ვერა ჰხედავდა, პატარა სარკე იყო.
კუზიანო აჰარუნ!
არუთინას გაახსენდა, როგორ დალოცეს საათნავად ძველმა აშუღებმა. ყავახანაში იყო – ღინღლი თუ ედო საულვაშეზე. ხმა აქსო, ასე იტყოდნენ,