პოეზიის ძალა
ეს წიგნი, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია მსოფლიო პოეზიასთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ცდა ამ ერთ წვეთში მსოფლიო პოეზიის მნიშვნელობის ჩატევისა.
პოეზია ბუნებრივად და ძალდაუტანებლად იშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვიერი ხელოვნების ეს დარგი ადამიანის გამონაგონი კი არ არის, მისი არსების ღრმა და თავისთავადი გამოხატულებაა. და თუ ეს ასეა, ოცდამეერთე საუკუნეში წარმოქმნილი, პოეზიის და, ზოგადად, ლირიკული საწყისის კრიზისი, მისი ქრობა იმაზე მეტყველებს, რომ სულიერად თვითონ ადამიანი დაკნინდა და გაღარიბდა. შეიძლება ეს აზრი ვინმემ მაღალფარდოვნად და უადგილოდ მიიჩნიოს, მაგრამ არა მგონია მართალი გამოდგეს, ვინაიდან პოეზიაზე საუბრისას ხელახლა წარმოდგება ხოლმე მისი არსის და წარმომავლობის საკითხი, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ ამ სიტყვიერი ხელოვნების შეცნობა დღესაც გრძელდება. პოეზია სიძველის გარეშე წარმოუდგენელია, ის არქაული ხელოვნებაა, ის არის უძველესი ხე იგდრაზილი, რომელიც უხსოვარ დროშია განფესვილი და რომლის ადგილიც დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვნად შევიწროვდა.
მეც სწორედ აქ ვარ, მეც ეს მაწუხებს – პოეზიის ყოფნა-არყოფნის საკითხი. უფრო კონკრეტულად: მაწუხებს ის, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პოეზიამ თავის „მომჯადოები“ ძალა რამდენადმე დაკარგა და ხშირ შემთხვევაში დეკლარაციების ენით ამეტყველდა.
პოეზია უნდა იყოს თანამედროვე, მაგრამ მან არ უნდა დაკარგოს თავისი მუდმივი ენა, მუდმივი მომნუსხველობა. ეს წარმოდგენა დაედო საფუძვლად ამ წიგნის შექმნას. ჭეშმარიტ პოეზიას მართლაც თავისი გრავიტაციული ველი აქვს და მეც მის ძიებაში ვიყავი, როცა თავს ვუყრიდი ამ წიგნისთვის განკუთვნილ ლექსებს.
ბედნიერ შემთხვევითობად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ „დიდი თანავარსკვლავედი“ ნოვალისის მშვენიერი რომანის „ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენის“ ტექსტში ჩართული ლექსით იხსნება. რომანტიზმი ლირიკული პოეზიის უჩვეულო აყვავების ხანად მიიჩნევა, ამ ხანას კი სწორედ „ოფტერდინგენმა“ დაუდო სათავე. ნოვალისის ლექსი ჩემს თარგმანებს შორის აღმოჩნდა და მაშინვე შევიტანე წიგნში.
კრებულში თავმოყრილი ლექსების თარგმნა მსოფლიო პოეზიის შეცნობის თანამდევი პროცესი გახლდათ. ვთარგმნიდი იმას, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. იყო შეკვეთებიც, ცალკეული კრებულების შედგენის პროცესიც, მაგრამ არჩევანის გაკეთების საშუალება ყოველთვის მქონდა. არჩევანს არც დრო განსაზღვრავდა, არც ეპოქა და არც სხვა რომელიმე გარეგანი ფაქტორი. თავიდათავი ლექსის ემოციური ზემოქმედება იყო. ის ლექსი მხიბლავდა, რომელიც ძალდაუტანებლად შემოაღწევდა ჩემში.
ცხადია, როცა ასე წინასწარგაუმიზნავად თარგმნი პოეზიას, ძნელია რაიმე კანონზომიერებაზე ისაუბრო. ჩემთვის არჩეული მასალის ქრონოლოგიური ნიშნით თარგმნა ყოველთვის სრული ფიქცია გახლდათ. იმ ლირიკული პოეზიის ადეპტს, ვისაც სახელმძღვანელოდ ქრონოლოგიური პრინციპი ჰქონდა, ჯერ ჰომეროსისეული „ილიადას“ მეექვსე სიმღერა უნდა ეთარგმნა, სადაც ანდრომაქე ჰექტორს ეთხოვება, მერე ვერგილიუსის „ენეიდას“ ლირიკული პასაჟები, მერე კატულუსისა და ოვიდიუსის სატრფიალო ლექსები და ალბათ ხანგრძლივი გზის გამოვლის შემდეგ დღევანდელობამდეც მოაღწევდა.
არსებობდა კი ასეთი მთარგმნელი?
არსებობდა, რა თქმა უნდა, – ვთქვათ, რუსეთში, ასეთი ვალერი ბრიუსოვი იყო. ანტიკური ხანიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით თითქმის არ დარჩენილა ეპოქა, რომ მას, როგორც მთარგმნელს, თავისი სასურველი ნადავლი არ მოეხელთებინა.
ჩემთვის ეს პრინციპი უცხოა.
პოეზიის თარგმნისას მე უფრო იმ პოეტების მომხრე ვარ, ვინც მხოლოდ შთაგონების კარნახით იღებს კალამს ხელში. ისიც კარგად მესმის, რომ მხოლოდ შთაგონების კარნახით ვერ გახვალ ფონს. არსებობს ძნელად დასაძლევი ვერსიფიკაციული ბარიერი, რომელსაც არა მხოლოდ შიშველი შთაგონებით, არამედ პროფესიული მომზადებითაც უნდა დაძლევა. ისიც ვიცი, რომ როცა წლების მანძილზე შთაგონებით თარგმნი მოწონებულ ლექსებს, მერე უნდა დაჯდე და თავი მოუყარო მათ. სწორედ ამ საქმეს მივყავი ხელი წიგნის შედგენისას. სათაურიც მოვიფიქრე – „დიდი თანავარსკვლავედი“. ამ ლექსების არა მარტო თარგმნა, არამედ შედგენა და შეჯერება დროსა და სივრცეში მოგზაურობას ჰგავდა. მე მომიხდა უცხოელი, სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე პოეტების ქართულ ენაზე ამეტყველება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ კი თავი მოვუყარე ამ მასალას და ვცადე მისი მოწესრიგება.
ბორის პასტერნაკი მთარგმნელობით ხელოვნებას ასეთ კომენტარს უკეთებს: „დედნის მსგავსად თარგმანი სიტყვიერების შთაბეჭდილებას კი არ უნდა ტოვებდეს, არამედ ცხოვრების ცხოველმყოფელობისას“.
აქ, ჩემი აზრით, დედნის ემოციური ზემოქმედების უნარი იგულისხმება. ცხადია, თარგმანი უპირველეს ყოვლისა ამ ნიშნით უნდა ჰგავდეს დედანს. თვით პასტერნაკისეული ვარიანტი ბარათაშვილის ლექსისა „ცისა ფერს“ სწორედ ცხოვრებისეული ცხოველმყოფელობით ანუ ემოციური ზემოქმედების ნიშნით არის გამორჩეული.
მეც ამ გზას დავადექი – ვთარგმნიდი იმ ლექსებს, რომლებიც მხიბლავდა. მე, ფაქტობრივად, რჩეულ ლექსებს კიდევ ერთხელ ვუყრიდი თავს, ბოლომდე ვშიფრავდი გერმანულ ლირიკას და, ვინაიდან „პოეტური ენის“ სირთულე ჩემი ენის ცოდნის არეალს სცილდებოდა, ბწკარედს ვიშველიებდი. ხელთ მქონდა ბწკარედი, სიტყვასიტყვითი თარგმანი არამხოლოდ გერმანული ტექსტებისა, არამედ სხვაენოვანი პოეტებისაც. მე გადავწყვიტე სხვადასხვა ქვეყნის,