.....................................................................................................
ისევ გაიგონებ გაუბედავ ჩურჩულს,
მოწყენილი ლურჯი ფერისას
და გაიღიმებ,
რადგან უსაზღვროდ გიყვარდა და გიხაროდა
მისი პულსი,
შენს პულსში არეული ქაოსივით.
სიმშვიდე მოვა და წავა,
გულს აგიჩქარებს შფოთვა არ შექმნილი კოცნის,
მაგრამ სიცილით გადაიქნევ თავს და გაიხსენებ წარმოსახვას
კოლოსალური ალერსებისას,
რაც გსურდა რომ არ დასრულებულიყო თუნდაც,
ოქროსფერ ოცნებებში.
ცრემლებიც იქნება,
განა არა,
ოღონდ ნაზი ტკივილის,
რადგან განაგდე შენგან ის,
რაც გიხაროდა
და მიენდე ცხოვრების ერთფეროვნებას,
რადგან ასე სურდათ სხვებს,
სხვებს,
რომელთაც არასოდეს უნდათ ასევე სხვებისთვის ის,
რაც თავიანთი აღმატებული ეგოსთვის და ეს,
ბედნიერებაა მათი.
შენი ბედნიერება სადღაა,
სად გადამალე ის,
რომელ კუთხე-კუნჭულში ამაოებისა,
რომელ მეწამულ ფიქრში იფანტება სიცოცხლე
პირველი და უკანასკნელი,
უტყუარი და მუდმივი,
მაგრამ რა,
რა,
რა...
...არ იკარგება სიყვარულის სუნთქვა,
ისევ შემოგიღებს სარკმელს მოცინარი ლანდი ლურჯი ნიავისა
და
თავისებურად მოკრძალებული მელოდიით აგილეწავს ყურისძირს
ძილღვიძილში მყოფს.
სიმშვიდე წავა და მოვა,
მოვა და არასოდეს გაბრუნდება მოუბრუნებლად,
რამეთუ შენ,
იცანი ის.
...............................................................................................................
ისე ძველია ეს ლექსები,
როგორც მე,
ერთად ვიწერებოდით შეყვითლებულ ფურცლებზე
და არ ვიცოდით თუ რა იყო დრო...
...მაინც,
თვალს ვადევნებდით ღრუბლებს,
მოწყვედილ ვარსკვლავებს,
გამქრალ სახელებს
და ვჩურჩულებდით უკვდავი სიყვარულის სიტყვებს ისე,
გულწრფელად...
...მაინც
სიმშვიდე იდგა როგორც ეგვიპტური პირამიდა
და მიმოდიოდა სიცოცხლე
დედამიწასა და ზეცას შორის გამბულ თოკზე,
ჯამბაზის სამოსით.
არ იყო ხმა,
არ იყო ნუგეში
და ვიცინოდით...
...მაინც.
რა უნდა ტკიოდეს ბავშვს ობლობაზე მეტად
და გვტკიოდა ჩვენც,
დაკარგულთ ამაოებათა ლაბირინთებში
და გვიხაროდა სუნთქვა ჟანგბადისა,
ცალი ხელით მოწოდებულის...
...მაინც.
ყვავილობდა და ყვავილობს მარადიულობა,
ოღონდ უჩვენოდ
და ჩვენც დავეძებთ,
დავეძებთ ამ ყვავილობას ამ მარადიულობაში...
...მაინც.
და თუ ოდესმე სიცოცხლეს კვლავ მოვეხალისებით,
აქა ვართ,
ჩვენი თვალუწვდენელი ტბების ნაპირებზე ორნი,
მე და ჩემი პოეზია,
უგვანონი,
უწესონი,
უსხეულონი
და
მართალნი...
...მაინც.
...........................................................................................................
იქნებ,
მეთქვა და გეთქვა ასე სათქმელი
და შემდეგ,
აივსებოდა სიცოცხლე სიცოცხლით,
ოქროსფერით და ცოტა ლურჯით,
რომელიც ორივესი იქნებოდა
უხმაურო და იდუმალი იმ სიტყვასავით,
რაც თქვა უფალმა სიკვდილის წინა წამს
და რაც,
მხოლოდ მშობელმა გაიგონა მისმა.
გადავიდოდით საზღვრებს ხილული წუთისოფლისას
და უსაზღვროება მოიცავდა სამყაროს,
ღიმილის ჩურჩული და თვალები ისე შემკულნი,
როგორც სარკმელნი ათენის ტაძრის.
სიყვარული ჩვენი და სუნთქვა ამ სიყვარულის,
გალაქტიკური სიმშვიდითა და ბორგვით...
მოდი!
რამეთუ არ გჭირდები
და მოვალ,
რამეთუ არ მჭირდები...
მოდი.