„მოჰქონდა ჯვარი“
„ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ, ელავდა მთვარე – ქურუმთა ოდა. მოჰქონდათ ჯვარი, ჭრაღები ენთო და დანახვისზედ ჭოტი კიოდა“, – ამ სტრიქონებში, ნიკო სამადაშვილის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლექსიდან, მისი პოეზიისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა არსებითი ნიშანია: აქაა ქრისტიანობა, აქ სხვა რაღაც კულტიც ჩანს („ელავდა მთვარე – ქურუმთა ოდა“), აქაა ტაძრული სილამაზეც და აქვე უბედურებისა და მარტოობის ხმაც ისმის.
ყველაფერს მსჭვალავს დიდი სიკეთე, რომელიც შეუძლებელია რაიმეს დაექვემდებაროს ან დაემორჩილოს. ის თვითმიზანია. მის ლექსებში ძალზე ხშირია აღსარებანი საკუთარი ურწმუნოებისა და ასეთ შემთხვევაში, იგი მაღლდება ყოველგვარ არტისტიზმზე, გნებავთ, თვით პოეტურობაზედაც კი, რადგან მისთვის არსებობს ზესთა-სამყარო, რომელიც თვით პოეტურობაზეც მაღლა დგას. მის ლექსებში ღმერთის ნაცვლად „ღმერთებია“ („ის ღმერთებს იქით გადაფრინდება“). ამით გაცხადებულია, რომ ჩვენ ღმერთს წარმართულად აღვიქვამთ ხოლმე, რომ ჩვენს სულში წარმართობა კვლავ დასაძლევია.
ნიკო სამადაშვილის ლექსების კითხვისას ჩნდება ასეთი ფიქრი: მიწა კარგავს ნათელ-მირონს და ცამდე აღწევს ურწმუნოება. ამიტომ ჰაერი უნდა აღივსოს ანგელოზებით, როგორც ეს „სიქსტის მადონას“ ჰაეროვან ფონშია და სული უნდა აღივსოს წარმოდგენებით, რომლებიც განიმსჭვალება სულიერი საქართველოს სახეებით, როგორიცაა, თუნდაც მცხეთის-ჯვრის კარიბჭის ბარელიეფი, სადაც ფრთოსან ანგელოსებს ზეცად მიაქვთ ტოლფერდა ჯვარი, ჩასმული მარადისობის წრეში. ვფიქრობთ, ასეთი წარმოდგენები ხდებოდა წყარო ნიკო სამადაშვილის სახისმეტყველებისა: „ქარები მთვარეს ასწევენ მაღლა“ („ქედი სივრცეში“); „და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები – მარადისობის ჭუჭრუტანები“ („მოსწყდით“).
მის ლექსებში სულ ისმის რაღაც ხმა ან ქრის ქარი. ხმა არის ღვთაებრივად იდუმალი ან სრულიად გაუგებარი. ხედვით სახეებსაც თავისი ხმები ახლავს. შეიძლება ითქვას, მის ლექსებში ხედვითი ხატებით „ისმის“. ეს ხმები ხან ლოცვას გვაგონებს, ხანაც ურწმუნოების ამოძახილს. ლოცვის ხმასაც კი ხშირად ტრაგიზმის განცდა ახლავს, თუკი ლოცვა წარმოითქმის ქარში ან ჭოტის კივილის დროს („ჭოტის კივილზე ნანგრევები მართავენ ლოცვას“, – „გული და ჯანღები“).
არის ზეციური სამყარო და არის რეალობა ამ ქვეყნისა. მათ შორის ხილული და უხილავი კავშირებია. ხან ზეციდან ეფინება ღვთიურობა ქვეყნიერებას, ხანაც ქვეყნიერება აღმოაცენებს ზეცისკენ ასამაღლებელ სიკეთეს. ეს მიმოქცევა გაივლის ხოლმე ადამიანის სულსა და გულს. და როცა ეს ჭირს, პოეზია შეგვეშველება, ნიკო სამადაშვილისთანა პოეზია. მის ლექსებში, სახისშემქმნელ სიტყვათაგან, ერთ-ერთი ყველაზე ხშირადხმარებულია – „ქარი“. აქ სულ ქარების ქროლვაა, მაგრამ უმთავრესია, როცა ეს აღძრულია ზეცისა და მიწის კავშირით, ან მათი ჰარმონიით ან თუნდაც – დისჰარმონიით. ხან კიდევ, სრულიად უმიზეზოდ დაქრის ქარი, პოეზიასავით ნებისმიერად აღმოცენებული. სულ სხვაგვარია ხეთა არსებობა. ხე ყოველმხრივ დასაზღვრულია, სივრცითაც, ადგილითაც და დროითაც („ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან, ვით ხანშესული ქალდეველები“). ერთსახოვანია მათი სწრაფვა, ესაა სწრაფვა მაღლა, ზეცისკენ. ხეთა სიმშვიდეს არღვევს ქარი, ჰორიზონტისკენ მიმსწრაფი ძალა. ამიტომაცაა სიმშვიდის მომასწავებელი ხეთა და ქართა ურთიერთთანხმობა, თუნდაც ასეთი: „ნაძვები ცხედარს მიასვენებდნენ და გვირგვინები მიჰქონდათ ქარებს“ („ნაძვები“). ამ ქვეყნის უბედურებას ქარები აღმოთქვამდენ ხოლმე („უსინათლობა“, „ალიონამდე“). ხან დედის ბალადას თვით ამბობს ქარი და ხანაც პოეტს ჰკარნახობს ლექსს. ვფიქრობთ, იდუმალი ქარის განცდა მსჭვალავს მთელ ამ სტროფს: „შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს, თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი, ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“ („ნ. სამადაშვილს“). სხვა შემთხვევაში გალაკტიონიც ეძალება ქართა წარმოდგენას.
ნიკო სამადაშვილის პოეზიაში არის იმისი განცდა, რომ სიცოცხლე ევალება ადამიანს და ესაა ღვთიური მოვალეობა... და ევალება პასუხის გაცემაც ასეთ კითხვაზე – რა არის ცხოვრება? ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ნიკო სამადაშვილისთანა პიროვნებანი ამ კითხვას მხოლოდ პოეზიით პასუხობენ, რადგან სხვა ნამდვილი ცხოვრება მათ არ გააჩნიათ. პოეზია დაძლევაა რეალობისა.
ზემოდასმული კითხვის ტოლფასი ხდება ასეთი კითხვაც – რა არის პოეზია? (საქმე ისაა, რომ ასეთი პოეტების წინაშე თავიდან წარმოდგება ყველა ოდითგანვე არაერთგზის პასუხგაცემული კითხვები). სწორედ, პოეზია ქმნის წონასწორობას რწმენა-ურწმუნოების გზაზე. პოეტურ აზროვნებაში ხორციელდება შეუთავსებელთა შეთავსება, მაგალითად, ასე: „წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი, ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს. ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს“. აზროვნების სხვა რა ფორმა დაუშვებდა ეგოდენ შეუთავსებელ წარმოდგენათა გვერდის-გვერდ დგომას: „წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული... ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი, ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა, დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი!“ („ერეკლე ტატიშვილისადმი“). ტაძართან მჯდარ მათხოვარზეა თქმული: „მათხოვარი ზის როგორც ობობა“... ნიკო სამადაშვილის პოეზიაში ბუნებაც დიდ იდუმალ ტკივილს განიცდის. ესაა ავისმომასწავებელი დიდი უბედურება, რომელსაც იგი ძნელად უმხელს ადამიანს, თითქოსდა, ერიდება იმის გამხელას, რომ თვით ადამიანია ამ ტკივილის მიზეზი.
ზოგჯერ – კიდევ ისეთი განცდა გეუფლება,