წაწლობა ბატარა დავწევ ქალთანა,
გავხსენ ღილიან საყელო,
იმან ხელები შამტაცა:
- რას შვრები, ძაღლის ნაშენო!
ხელებს ძუძუზე რად მბღუჯავ,
აგრემც შავნ მიწან დაგფქვენო!
ვიცი კაცების ამბავი,
ძუძუდან წახვალ თავქვენო.
იწექ და არ გასჩუჩუნდე,
აღარ გამიხსნა საყელო!
- ნეტა აღარას მიშველსა,
ლაშა-გიორგი ვახსენო?
- რო თავის ფეხით მობრძანდეს,
მე არაი მაქვ საშენო!
ავდექ, გამოვწყერ მენაცა:
- რა მაქვის შენთან საფერო?!
„წუხელის ვიწევ ქალთანა!“-
სუ ქვეყანაზე გაგფენო.
ჩოხის კალთაზე გამება:
- სად მიხვალ, მიწის დამყრელო?!
ავდექ და მენაც ჩავუწექ,
საკინძის ღილებ დავხსენო. წაწლობა - (ფშავში) ქალ-ვაჟის სასიყვარულო ურთიერთობა (მშობლების ნებართვით), როდესაც ნებადართული იყო მხოლოდ წელს ზევით შეხება, ალერსი. წაწალი - ქალი ან ვაჟი; მათ შორის ქორწინება სასტიკად იყო აკრძალული (ამას ხევსურეთში სწორფრობა, სწორფერი, ხოლო ხევში ძმობილი, დობილი ეწოდებოდა).
(ფშავი, კაწალხევი)