საუბრები მთარგმნელობით ხელოვნებაზე
- შ ე ს ა ვ ა ლ ი ჩემო ახალგაზრდა კოლეგებო! მოგესალმებით და გილოცავთ ჩვენი ერთობლივი შემოქმედებითი ურთიერთობების დასაწყისს, რომელიც დააპროექტა გამომცემლობა „დიოგენემ“ და ალმანახ „ახალი თარგმანების“ რედაქციამ, ხოლო მატერიალურად უზრუნველყო ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“, რისთვისაც მათ ჩვენგან, უდავოდ, დიდი მადლობა ეგების.
რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მხატვრული თარგმანის სფეროში ამგვარი ე.წ. „მასტერკლასი“, ანუ ქართულად რომ ვთარგმნოთ - შემოქმედებითი დაოსტატების სასწავლო სახელოსნო - პირველად იხსნება საქართველოში.
მართალია, ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, და კერძოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და დასავლეთევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე წლების მანძილზე იკითხება „თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის“ კურსი, რომელსაც, აგერ უკვე ოთხი ათეული წელია, პირადადაც ვუძღვები აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. გარდა ამისა, მე ეს კურსი წამიკითხავს, აგრეთვე, მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურულ ინსტიტუტში და თბილისის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი სახელოსნოს სპეციფიკური პროგრამა არსებითად განსხვავდება ზემოხსენებული აკადემიური კურსისაგან. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: მაინც რაშია სხვაობა აკადემიურ კურსსა და ჩვენს მასტერკლასს შორის? უნდა მოგახსენოთ, რომ განსხვავება არსებითია და საკმაოდ მნიშვნელოვანი.
აკადემიური კურსი მოიცავს თარგმანის ზოგადთეორიულ საკითხებს, რაც საერთოა ნებისმიერი ენიდან ნებისმიერი ტექსტის თარგმნის პროცესში. მასტერკლასი კი გულისხმობს პირადად ჩემს პროფესიულ გამოცდილებას, ჩემს მრწამსსა და ხატოვანი სისტემის ჩემეულ გააზრებას, ამასთანავე, იმ კონკრეტულსა და სპეციფიკურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც მე აღმოვჩენილვარ ამა თუ იმ ენიდან თარგმნისას. და რაც მთავარია, როგორ და რა გზით გადამიწყვეტია ესა თუ ის დილემა.
ერთი სიტყვით, ჩემო ახალგაზრდა კოლეგებო, სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი იგავის კატისაგან განსხვავებით, მე თქვენ, ლომის ბოკვრებს, „ხეზე ასვლის“ საიდუმლოებაც უნდა გასწავლოთ უშურველად და ყოველგვარი შიშის გარეშე, ვინაიდან თქვენ თუ ჩემზე უკეთესი მთარგმნელები დადგებით, ჩემთვის ეს იქნება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება, ვიდრე პირადად ჩემი წარმატებები ამ ასპარეზზე. მერწმუნეთ, ამას გულწრფელად ვამბობ და არა მოჩვენებითი თავმდაბლობით, რომლის მიღმაც ხშირად უზომო ამბიციები იმალება ხოლმე.
ჩემი საუბრების თემა, ძირითადად, პოეტური თარგმანი იქნება. მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, თქვენ შორის პროზის მთარგმნელებიც ბრძანდებიან. ვეცდები, მათთვისაც არ იყოს ფუჭი და უინტერესო ის პრობლემები, რომელთა შესახებაც აქ მექნება საუბარი.
მაშ ასე, დავიწყოთ იმით, რითიც იწყება ყოველგვარი მოვლენის შესწავლა, დეფინიციით, ანუ განსაზღვრებით: