შელოცვა რადიოთი რას მაქნევდით, რა გინდოდათ,
ერთმანეთსა რითა ვგვანდით?
თქვენ მორჭმულნი თამაშობდით,
ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით.
რუსთველი
ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის
და მრავალთათვის დანთხეული,
მისატევებლად ცოდვათა
და გასაწამებლად სიცოხლისა.
შალვა გორდელიანმა შეირთო იოჰანეს ვახერერის ასული, მატილდა.
მეთერთმეტე თვეზე ქართველის გატაცებისა და გერმანელის თაყვანისცემის ნაყოფად დაიბადა ქალი.
სახელად ელი დაარქვეს.
(ნათლობის სახელი – ძველებური ელპიდა – საბუთებში დარჩა და დიდედას ლოცვანში მიწერილი ჩაკვდა).
ელპიდე - "სასოებას", "იმედს" ნიშნავს.
იმ წელს სხვა არაფერი შემატებია ქართულ შვენებას.
ისევ ძველებურად სევდიანი სილამაზით წარმტაცი იყო თფილისი; თეთრი საბურავით თავწაკრული ისევ ახალგაზრდა დარაჯად იდგა მყინვარი; ფაფარ-აყრილი შავი ზღვა შხეფს მარგალიტათ აყრიდა ციხისძირს; ვარდ-მაისი არ შორდებოდა ქუთაისს. და ზურმუხტ ცას ფიანდაზათ ქვე ეშლებოდა ალაზნის ველი. დიდი ხნის დაწერილი იყო "მერანი", "აჩრდილი" და "ელგუჯა"; სიტყვა-სიტყვად სწეწდა, ეალერსებოდა, ხელისხელ აგოგმანებდა შოთას და მით თვრებოდა ერი. დაიბადა ელი; სხვა არაფერი შემატებია იმ წელს ქართულ მშვენიერებას.
მატილდას, თფილისში მუსიკის მასწავლებლათ გამოწერილ გერმანელის ქალს, თავისი მიდრეკილებით და ნაცნობებით ოჯახში შემოჰქონდა ხელოვნების კულტი და მისი ბეჯითი ცოდნა.
შალვა, დიდი მხედრის შვილი, და თვითონაც მხედარი, საკუთარი და მამის ძველი მეგობრებისა და ნათესავების მეოხებით ჰქმნიდა საერთო განვითარებით შენელებულ მხედრულ სულს.
და უკანა ოთახებში კავკასიონის მთებიდან ჩამოყვანილი ძიძა-გამდელი ჰქსოვდა ზღაპართა და თქმულებათა ფერად ხალიჩას.
ინსტიტუტმა დაუმატა ფრანგული.
ტოლ-ამხანაგებმა – ცეკვა და მიმოხრა.
და გასათხოვარი ელი პირველად გამოჩნდა ომში დაჭრილთა სასარგებლოდ გამართულ ბალზე.
სხვათა შორის იქ იყო ულევი ქონების პატრონი, მოხდენილი, ზრდილი, განათლებული, ყველასგან მოწონებული, გრაფი ვლადიმერ ანდრეის ძე ბორენკოვი.
ფრონტიდან საიდუმლო საქმეებისათვის გამოგზავნილი, დაჭრილი თავში ხრმლით, და წმინდა გიორგით დაჯილდოვებული.
რაღაც თავისებურათ უკრავდა როიალს, ცეკვავდა უებროთ, ნათესავ-ნაცნობ-მეგობრების აღტაცებამ მამაც ჩაითრია და გათამამებული ელი გაჰყვა ამ უცხოს.
ჯვრის წერა.
სადილათ გადაქცეულ მცირე საუზმის შემდეგ, შეზარხოშებულმა საზოგადოებამ ეტლებით, ავტომობილებით, კარეტებით და ზოგმა ტრამვაით იერიში მიიტანა თბილისის სადგურზე და ჟივილ-ხივილით, ღიღინით აიღეს სალონ-რონოდა.
რონოდა – ვაგონი.
უმრავლესობა აქ დაშორდა.
რონოდაში გაშლილი იყო სუფრა.
დანარჩენი მეორე სადგურზე გამოეთხოვა.
სუფრას მაინც უსხდნენ მეფე-დედოფალი და გრაფის ათასეულის ოთხიოდე ოფიცერი.
სუფრა გაუტკბათ – ვერ შორდებოდნენ.
ჭიქა – ჭიქაზე.
არ მოსწონდა ელის ეს გაუთავებელი სმა, მაგრამ თავაზით იჯდა.
– ქალბატონი დაიღალა. – მოისვენოს. – შენიშნა ერთმა.
- ა ბ ა , ა ბა, მოისვენოს უსათუოდ: ჩვენ ისეთი ბარბაროსები ვართ, რომ ერთი-ორი ჭიქა კიდევ გვწყურია.
– ჩემო კარგო, თუ მოსვენება გსურს, მოისვენე, ნუ მოგვერიდები, – და ქმარმა ხელზე აკოცა.
– მართლა დავიღალე, მაპატიეთ, – ელი გავიდა.
არ მოსწონდა მთელი ეს ამბავი.
მიწვა,
მსახური გაისტუმრა.
მცირე თვლემის შემდეგ ათასგვარი შთაბეჭდილების სიმძიმემ (მთელი უკანასკნელი კვირე, დღე – მზადებამ და ღამე – მომავალზე ფიქრმა) მიაძინა:
ახალგაზრდა ოფიცრები სვამდნენ და სვამდნენ: რონოდებიდან შემოდიოდა ახალახალი ჯგუფი ნაცნობებისა და უცნობებისა და ულოცავდა.
ქმარს მოაგონდა ცოლი.
შევიდა მასთან და რომ დაინახა საბნით ოდნავ დაფარული ქალი, აღტაცებით შეჩერდა – ისე უზადო იყო ქალის სხეული.
დაუბრუნდა ამხანაგებს.
უხმოთ დალია სავსე ჭიქა.
– გამოგაგდეს, ვალოდია?
– ისეთი მშვენიერებაა, რომ...
– მინახავს უკეთესიც!..
– სტყუი, აი წამოდით, ყველას... ყველას გაჩვენებთ, თუ რა ღვთაებაა...
– მოიცა... სირცხვილია!. – ოდნავ შენიშნა ერთმა.
– ეს ჩემი საქმეა... ოღონდ ფეხ-აკრეფით, – ენის ბორძიკით უპასუხა ქმარმა.
შევიდნენ.
ქმარი ლოგინის თავს მიადგა; სხვები დაშორებით დადგენ; დანარჩენი მორიდებით,
კარებიდან უცქერდა.
ქმარმა სრულიად გადახადა საბანი.
– ეს მესმის!
– ამას მეც შევირთავი!
– რა ფეხებია!..
ქალს გამოეღვიძა.
– რა ამბავია, რა მოხდა? – გაცოფებული წამოხტა და საბნით ტანი დაიფარა.
მაყურებელნი მიიმალნენ.
– არაფერი... ამხანაგებს უჩვენე შენი თავი.
– რა საძაგლობაა!.. გამშორდი!. – ელიმ ინსტინქტიურათ მოსასხამს დასტაცა ხელი
მოიხურა