თავსაფრიანი დედაკაცი ვწერ შემთხვევით შეხვედრილის ამბავს.
თუ ოდესმე დანჟღრეული ომნიბუსით გიმოგზაურნიათ სამტრედიიდან მახლობელ სოფლებისაკენ, თქვენ, უეჭველია, დაინახავდით მესრის იქეთ, ეზოში, მოფუსფუსე, შავათ ჩაცმულ ქალს, რომელსაც თან დასდევდა ჭადის ნატეხით ხელში პაწია ბავში.
ახლა იქ რომ ჩავიარე, დადაკაცის უნახაობა დამაკლდა.
გამოვიკითხე, და აი ძიებამ ძველ მოგონებებთან ერთად რა აღმოაჩინა.
ნუ დამიწუნებთ! არ შემიძლია გრძნობა-გონება შევაჩერო დიდ პიროვნებებზე... ისინი აშლიან სულისშემხუთავ სურათაბეს... შემდეგ, ოდესმე, მათ აღმოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზი და იოანე.
მე ვწერ თავსაფრიან დედაკაცზე.
1
ყველაფერი ჩატარდა ძველებურათ, სულ ძველებურათ, ისე როგორც ჩვენში წინათ ხდებოდა ყველგან, სადაც კი ჯვარს იწერდენ, ორმოცი წლის წინათ ხდებოდა ხშირათ, 20 წლის წინათ ზოგჯერ, 10 წლის წინათ იშვიათად, და ახლა კი შეუძლებელია.
გაძვრა-გამოძვრა მაჭანკალი.
ნამალევათ შორიდან დაანახვა ქალი; მოაწყო „ ქალის ნახვა “ და მიაცემინა შარნა.
და მერე?
მერე ძმადეებმა სამჯერ შეუცვალეს ბეჭედი, თავს დაახურეს ოქროს კავებიანი გვირგვინი;
გავარდა დამბაჩა და მაჭახელა.
აჭიჭყინდა ზურნა.
მეფე-დედოფალს სუფრაზე, ცხვირის წინ, ულაგებდენ „ თავზეგადასაგდებს “ : პატარა სარკეს, მოოქრულ სათითურს, ძეწკვს, თითბრის ტაშტს, დანა-ჩანგალს, ვერცხლის მანეთიანებს და ათ შაურიანებს.
...ქვიჯასაც,
და განგებ მოწვეული სოფლის მწერალი სისწორით ადგენდა სიას...
სვეს,
იცეკვეს,
არა მარტო გოგო-ბიჭებმა,
მოხუცებულებმაც.
დაიშალენ სტუმრები.
აბღავლდენ დანაკლავ ადგილზე ძროხა და ხარი.
—
ეზოზე ჩოჩიალა ურემმა გადაიტანა ნაჭა, საბანი, ლები... ხორაგი.
გადავიდენ 60 მანეთით დატვირთული სიძე, მაყრები, რომ ახალ ადგილს
ეცეკვათ,
ესვათ,
არა მარტო გოგო-ბიჭებს,
არამედ მოხუცებულებსაც.
დასახლდენ, დაფუძნდენ.
2
კაი ნოგროს გამოდგენ:
სამი წელი -
სამჯერ გამოწეული მუცელი და შეზნექილი წელი;
სამჯერ ჭორფლი და მჟავე კიტრი;
ჩქარობდენ თითქოს!
—
სადედოფლო:
მაქვა და თითისტარი;
კეცი და ჩოგანი;
ლარი და საჩეჩელი;
პრასი და ოხრახუში;
მეწველი ძროხა;
კრავიანი ცხვარი;
გოჭებიანი ღორი;
თხას... თხას არ გაუშვებს: ნამყენ ხეხილით სავსე კარ-მიდამოს გადაღრღნიან!
ბატები სისინებენ და ამაოთ ეძებენ ტბას;
ქათმები ჩიტებივით დაფრენენ ტოტიდან ტოტზე.
ციცარი გასართობათ.
სავსე ოჯახი!
სამეფო:
ხარდანიანი ვენახი საკუთარ ეზოში;
სიმინდის მაღალი კალო - სამესამედოთ ნაბატონართან;
გაპრიალებული ნაჯახი სახელმწიფო ტყეში;
წელმაგარი კომლი!
ვ
ააშენა ღმერთმა ნადი - ბევრი ილაზღანდარეს, ზღაპრები თქვეს, იმღერეს, იცეკვეს, სვეს, დილას დაიშალენ; ერთი ცხვარი მოუნდათ და ერთი ჩაფი ღვინო, - ქალები იყო უმეტესი. მაგრამ ამოათავეს მთელი მოსავალი, წლის სარჩო სიმინდი გადაარჩიეს... ცალკე მთად სდგას ოქროსფერი ტაროები; პატარა ხროვათ ჰყრია დამპალი და ჭყინტი; ფუჩეჩი მოდებულია მთელ ეზოში.
ცოლი გოდრის ასაწევათ არ მიიხმარა: მოერიდა ახალ ნალოგინევს.
და თვით ეცა უძინარი:
კარგი სიმინდი - ნალიაში;
უვარგისი - ცხვენზე;
ფუჩეჩი - საბძელში.
მიეგდო ხის ძირში გასაოთებული, ოფლით გაღვითქული.
ადგა მთქნარებით - ისევ სამუშაოთ, მაგრამ...
ხან ოფლი, სიცხე, ბოდვა,
ხან სცივა, კანკალებს, სამი საბანი,
სიყვითლე!
- „ რავა ვიფიქრებდი მე თვალდასავსები, უჟმური აყვა “ ...
ექიმი და მარჩიელი,
წამალი და შელოცვა.
ფეხშიშველი მოიარა გელათი და მოწამეთა, თან მიიტანა
მთელი ოჯახის წევრების სიგრძე თაფლის სანთელი.
„ საშველი არ დაადგა “ .
თმაგაშვებული ქალები...
ზარი...
ფლავი...
„ განუტევე, უფალო, სული მონისა შენისა “