1
ვისაც გამოუცდია დიდი ავადმყოფობა, ახსოვს ბოდვა, ტკივილების დროს ჩანგი თუ არა, ზღაპარი მაინც მოუსმენია, – იგი გაიგებს ჩემს სულისკვეთებას და სასიამოდ დარჩება არეული ისტორიის, დავიწყებული ზეპირგადმოცემების და დაღლილი ოცნების ხლართი მწარე ღამეებში ნაღვლიანი ფიქრების გასაფანტავად შეკონილი.
კარებთან ვიღამაც ორჯერ-სამჯერ მორიდებით, მაგრამ განგებ ჩაახველა.
– ვინა ხარ მანდ?
– მე გახლავარ, ბატონო, გიორგი...
– ვინ გიორგი? შემოდი...
ფანჯარასთან მჯდომი დედოფალი ეზოს თვალს ვერ აშორებდა...
– აა! შენა?.. მოდი, მოდი! შეხედე, თუ კაცი ხარ: განა მართლა გიჟი არ არის ჩვენი არჩილი?
ახლად შემოსული სავარძლის უკან დადგა და ეზოში გადიხედა.
საკვირველი დაინახა:
მეფის ძმა არჩილი ჩამჯდარიყო და ხმალს ფეხებში უქნევდა ახოვან კაცს, რომელიც ყოველ მოქნევაზე ახტებოდა; სისხლიც აჩნდა აქა-იქ უცნაურ ჯამბაზს...
– არჩილ, ღვთის გულისთვის, გაუშვი! რა დაგემართა?..
– ახლავე ქალბატონო, ახლავე...
არჩილი წამოდგა, ოდნავ გასისხლიანებული ხმალი ბიჭს გადასცა.
უცნობი ვაჟკაცი შეჩერდა, სული მოითქვა. უცერად მის ყურებთან დამბაჩა გავარდა... ვაჟკაცი ერთი შეკრთა, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია არავისთვის...
– ახლა დაისვენე... ფეხები დაიბანე და არაყი გადისხი – არა გიშავს რა! – ბრძანა არჩილმა.
– რა ამბავია, ქალბატონო? – დაეკითხა ოთახში მყოფი დედოფალს.
– სასაცილო ამბავი, სასაცილო, ჩემო გიორგი!.. ამას წინათ ბატონი და არჩილი დანაძლევდენ, არა ჩემი ყმები უფრო ვაჟკაცები არიან და არა ჩემიო... ბატონმა აი, ახლა რომ არჩილი აწვალებდა, ის გამოიყვანა, არჩილმა – ახალგაზრდა პირტიტველა მესხი. რავა გვეგონა, ამხელა მუტრუკს თუ ტუჩზე რძე შეუშრობელი ყმაწვილი დაიჯაბნებდა...
დედოფალი ამ სურათმა გამოაცოცხლა. პირზე ღიმი მოუვიდა, ფეხზე წამოდგა:
– როცა მესხმა იძრო ხმალი და დაატრიალა, ეს ლეჩხუმელი ხესავით დადგა, ძლივს ამოიღო ხანჯალი, დახუჭა თვალი, დაიწყო ღრიალი: „ხუთი ნუ მოდიხართ, ერთი მოდი! ხუთი ნუ მოდიხართო“. სიცილით დავიხჩვით. მეფე გაჯავრდა, ასწია და ის კაცი არჩილს აჩუქა. არჩილი ახლა იჩემებს: „რა ვაჟკაცი მქვია, თუ ერთი ლაჩარი ვერ გავაგულადეო!“ ამიტომ აწამებს... ურჯულოსავით...
– ჰმ! – გაეცინა გიორგის.
– საიდან გაჩნდი? – დაეკითხა დედოფალი.
– ტყიდან გიახელი, დედოფალო.
ჩქარის ნაბიჯით ოთახში შემობრძანდა მეფე იმერეთისა.
შეჩერდა.
შეხედა.
– გეძებ, ვერ გპოულობ. სად ხარ? – დატუქსვით მიმართა მეფემ.
– ნამოხვანში გახლდი...
– რაო?!
– ნამოხვანში გახლდი, წისქვილის ქვებს ვტეხდი...
– მეწისქვილობა დამიწყე, როცა მე ომისთვის ვემზადები?!
– არაფერი მსმენია, მეფეო...
– საქმეც ისაა... რომ დაიკარგები, ხმას ვერ მოგაწვდენს ადამიანი.
– რა ვქნა, მეფეო, რჩენა მინდა და ხელი უნდა გავანძრიო. – გიორგი შეჩერდა და ელოდა, იქნებ ახლა მაინც წამოცდეს რაიმე წყალობაო.
– შენს ვაჟკაცობაზეა დამყარებული: ვერცხლიც შეგიძლია იშოვო და ყმაც.
– ვის ეომები, მეფეო? – წყალობაზე იმედგაწყვეტილის ხმით შეეკითხა გიორგი.
– ვეხმარები ოდიშის მთავარს აფხაზთა მთავრების წინააღმდეგ!
– როდის წაბძანდები?
– ზეგ დილით.
გიორგი ჩაფიქრდა.
– მაშ, გავსწევ, წისქვილს მოვაწყობ და...
– გადირიე? ისედაც მცირეა ჩემი ლაშქარი!..
– მეფეო, სანამ თქვენ შარაგზით აფხაზეთის საზღვარს მიუახლოვდებოდეთ, მე მცირე რაზმით წინ დაგიხვდებით... მე ვიცი მოკლე გზები.
– მეც იმ გზით წავალ...
– ვერა მეფეო, მე მეყოლება სულ ხუთიოდე ცხენოსანი, ორი საბარგო ჯორი და ოციოდე ქვეითი. მათი ბილიკზე გაყვანა ადვილია, თუმცა ზოგჯერ ცხენების დაგორებაც კი მოგვიხდება. ათასი კაცი კი, თუ არ გაიშალა, ერთმანეთს დაასახიჩრებს.
– უშენობა დაემჩნევა ჯარს.
– მეფეო, ნუ დამიშლი წისქვილის დამთავრებას... მეცინოდენ, ქვას ვერ იშოვნის და სათავის კეთება ტყუილა ჩაუვლისო... ამეღამვე ჩავიტან მასალას, ხვალ და ზეგ უკვე ავარიკრიკებ წისქვილს, სახლიკაცების გულის გასახეთქად... თუ გნებავს, ჩემს კაცებს გამოვაწყობ და მოგართმევ, მე კი ორის მხლებელით პირდაპირ წავალ და ენგურის პირად დავიცდი: იქაური ადგილები ვიცი, მაგრამ ომის წინ მივლა-მოვლა კარგია...
– უსარდლოდ მაინც როგორ იქნება ჯარი, – უპასუხა ჩაფიქრებულმა მეფემ.
– სარდალი თვარა, მე რომ გაწვრთნილი ჯარი მყავს, მისი ჭირი არ იქნა!.. მე ჩაგისწრებთ, თუ თქვენ გიახლებით, ჯარს ჩვეულებრივ დავრაზმავ, ძველებურად შევძახებ, წინ წავალ, და თუ არ გამომყვებიან, მაშინ – პატივი თქვენთან მომითხოვია...