კერიასათვის ნაწილი პირველი
I
- ასე, ჩემო ექვთიმე, ერთად ცხოვრება არ სურს, თვარა ყველაფერში რავა იქნებოდა წინააღმდეგი? დედაკაცს ერთი სიტყვა ვერ უთქვამს, რომ ხუნაგივით ყელში არ ეცეს მისი ქაფარი ცოლი.
- მისმა წყევლამ დამიკარგა ჩემი ფილიპე. მაგას დაეკარგა თვალში სინათლე! - ჩაუმატა პასიკიამ.
მოხუცებული, სოფელში პატივცემული ექვთიმე ჯანელიძე მშვიდად უსმენდა ცოლ-ქმრის დაუსრულებელ საჩივარს ძმასა და რძალზე.
- აქამდი რადგან მისულა საქმე, სხვა რაღა საშველია, უნდა გეიყაროთ... მარა... მაინც რაზე მოგივიდათ უსიამოვნება?.. დღეის თხუთმეტს ქე ვიყავი აქანე და არაფერი მინახავს იმისთანა...
- რას ბრძანებ, რას ბრძანებ? დღეის თხუთმეტს კი არა, თხუთმეტი წელიწადია, შე დალოცვილო, ვითმენთ და ვითმენთ, ხო იცი? ვინახავთ ნამუსს. მაგრამ, რომ არაფერი გეგვეწყო, წყალი რა არი, ცივი წყალი, ისიც კი ენანება მაგ საწყალს ჩვენთვის.
- იქნება თქვენ მეტს ხარჯავდით ოჯახში და ეს წყინდათ? - დაეკითხა ექვთიმე, რომელიც ახლა იმის ანგარიშში იყო, თუ რამდენი ერგებოდა გასაყოფი.
- მეტს რაში დავხარჯავდით? ორი ცოლ-ქმარი ჩვენ ვართ და ორი ისინი არიან, ორი ბაღანე ჩვენ გვყავს, ორი - იმათ...
- არ შეგჭამოს მიწამ! ახლა ჩვენზე ხელმომჭირნეთ რათ იქნება? ის კი არა, სასულიერო წოდებისა ვარო და მისი კუდაბზიკობით სული გვაქვს წაღებული. სიხარბე, ბატონო ექვთიმე, სიხარბე! ამ უკანასკნელათ რიზა ატეხა შფოთი და დავიდარაბა, არ იტყვი?.. - პასიკიამ სული მოითქვა და განაგრძო, - სულ რავა დეიკუნტოს კაცი?.. მეც ქე მყავს ჭირისუფალი. ვიფიქრე, ერთი ჩემს სახლს მევინახულებ, თვალს გავახელ, ბაბუას დავალოცვინებ შვილიშვილებს-მეთქი. ხელცარიელი ვერ მივადგებოდი დედაბოძიანათ „ ჩემი შინ “ , რჩენა კი არ დეეზარებოდათ... იცოცხლე მე იმათ ვუყვარდე! თვალში რო ჩოუვარდე, ხელს არ ამეისობენ... ღმერთმა მრავალი მოგცეს, მრავალი იმათ ჰქონდეთ სახლში მონაწევი და კარში ნაშოვნი, მარა ჩვეულებაა... რას იტყვის მტერი, საგძალიც კი ვერ მეიტანესო!.. წევიყვანე ერთი უკუდო გოჭი, ორი წვეთი ღვინო წევიღე და ორი ღვეზელი. ეს იყო და ეს. სიტყვით იტყვის კაცი, თვარა ჩასათვალში კი არაა მისაღები. აქანეიც რომ დავრჩენილიყავით, კიდო მეტს არ დავიხარჯებოდით? უკან რომ დავბრუნდით, შენს მტერს და ავს მე ამბავი ვნახე. სამხრობის დრო იყო. გული ქე მეუბნებოდა წასვლის დროს, რომ კაის არაფერს იზამდა ჩემი რძალი ქალბატონი, მარა ამას რავა ვიფიქრებდი?.. შევედი სახლში, ვაი ჩემს თავს... კერიაზე ცეცხლი არ ანთია... გადევიხედე იქით: ტახტ-ლოგინზე არც საბანი, არც ზანდუკი! თუკი რამე ჰქონდა, სულ ყველაფერი - გატეხილი დანა და სამფეხი სკამიც - ქე წეეღოთ. ბიჭო, რა ამბავია?
- რა და ჩემს ქალბატონს გეეტანა „ ნიგუზარი “ და ქე წასულიყო. ეს იყო და ეს.
- დედა, დედა, რავა გალესა ენა ამ ოჯახის ჩამქრობელმა! რომ გიყურებ, ქალო, შორიდან, არაფერს გეუბნები, ასე უნდა არაკუნო? კლიტე არა აქვს ამ შენ ენას? რო გაგიგდია ეკლესიის ზარივით და აწკარუნებ... შეგარჩენ თუ, რავა გგონია?
ოლღაიი მართლაც რომ გენიოსი იყო გინება-წყევლისა. ნამდვილი ფსალმუნების შედგენა შეეძლო კრულვისა და დაცინვისა. იგი ყოველთვის აცლიდა მოწინააღმდეგეს ლაპარაკს; მერე რომ მოყვებოდა, ქვესკნელში ჩააძვრენდა.
- ფილიპიის სიკვდილსაც რომ მე მაბრალებ, გამოტვინებულო, სარკე თუ არ გაქ, წყალში მაინც ჩეიხედე. გამხმარი ხარ ფარგასავით, რძე შენ არ გივარგა და მოვლა შენ არ იცი, მოგიკვდებოდა, აბა რა დაგემართებოდა, შენ თვალდაფსებულო.
- კაია, ქალო, კაი!.. გეყოფა, - ჩაერია ნიკოიი ლაპარაკში, - გინდა ჩვენი გათიშვა და ჰა, გევიყოფით და რაც ამით გაბედნიერდები, ემასაც ქე ვნახავ...
- შენ რაც დეესახლო, მაგ შენ კოდარა დედაკაცს დააქადნე. ჩემთან რა საქმე გაქვს. დეეტიე მადანე...
- ახლა ჩხუბი აღარ ღირს, ბატონო ოლღაია, - დინჯათ ურჩია ექვთიმიამ, - საქმე ისე მოწყობილა, რომ უნდა გეიყაროთ. საბოლოოთ მაინც ნუ დაკარგავთ ძმობას და მეზობლობას.
- ძაან სამეზობლოა, მისმა თავის გახეთქამ, პასიკია უნაბიძის ქალი, - და ოლიკომ ძალათ გაიცინა.
- კაი შვილი შენ ხარ, კაი მიეცა შენს ნადიაკვნარ ბაბუას...
დიდხანს ჩხუბობდენ დედაკაცები. ექვთიმე წავიდა. ესტატე, რაღაც ბედათ, შინ არ იყო და ნიკოიე კი ქალთა კაპასობაში ჩარევას არ კადრულობდა. პირიქით, იგი ზოგჯერ მათ დაშოშმინებას აპირობდა, მაგრამ არაფერი გაუდიოდა.
II
გადახრილია მზე. დუდუნით მიდის პატარა მდინარე. წყლის პირათ ფერდობზე დატაროებული სიმინდი დღის სიცხით მოწყენილი იწყებს შრიალს... სიო დასცურავს, ვით უხილავი მოცეკვავე. ყანებში სამოროდოთ გაფანტული მუშები