I სოფლად რთველმა უფერულად ჩაიარა - ყველაფერი მალე გათავდა: ერთი ორი გაიჭრიალა ურემმა, და შეწყდა: ხმადაბლა, თითქოს რცხვენიათო, სადღაც გაისმა „ ხვავე “ ; ნადი არავის მოუწვევია, და ზღაპრებისა, გაშაირებისა და ხუმრობის შემდეგ, მუშების სიმღერა არ შეხვედრია დილის მზეს, რომ შემდეგ, ერთი წუთით დაძინების შემდეგ, ისევ დაეწყოთ სიმინდის ტეხა, ყურძნის კრეფა, ჭურების რეცხა და ჩალის ზიდვა.
საპატარძლო გოგოებმა და სასიძო ბიჭებმა ყურები ჩამოყარეს - მიხვდენ, რომ წრეულს მათ ჯვარს არავინ დასწერდა, და ოჯახის თავი-კაცები ჩაფიქრებული უვლიდენ ირგვლივ ნალიასა და პურებს და თითებზე ითვლიდენ, თუ რამდენი თვის სარჩო დააკლდებოდათ; თვით ოდანია სარექვლაძე, წელმაგარი გლეხი, რომლის ხელქვევით იყვნენ ცოლშვილიანი ვაჟები და მოზრდილი შვილები და შვილიშვილები, წინათ თუ ყიდდა და ასესხებდა ღვინოსა და სიმინდს, ეხლა დარწმუნებული იყო, რომ ღვინო სოფლის დღეობისთვის საყიდელი გაუხდებოდა, და სიმინდი ივნისის შუა რიცხვებამდე თუ გაჰყვებოდა,
მაგიერად საქონელი ლაღად გრძნობდა თავს: ადრე აჭრილ ყანებში თავისუფლად სძოვდენ და უეცრად შემატებულნი კუდ-აპრეკილნი დანავარდობდენ.
- თქვენც დაგემჩნევათ ჩვენი გაჭირვება, თქვე ვერანებო, თქვენა! - იწყევლებოდენ დედაკაცები, რომელნიც ვერ პოულობდენ ეზოდან ერთხელვე გადასულ მეწველ ძროხას. - თქვენ რჩენას ვინ აუვა ამ კვიმატიან წელიწადში?!
დღეები კი ამ შემოდგომის მიწურულსა და ზამთრის დამდეგს საოცნებო დაიკავა: სიცივემ ვერ მოიკიდა ფეხი და დაყვითლებული ფოთოლი იშვიათად ვარდებოდა; მზეს მთვარე სცვლიდა, და მთვარეს მზე; კრიალა ცას ღრუბელი სამკაულად გადუვლიდა და განათებულ არეში სილამაზისათვის შავი ჩრდილი ჩაუწვებოდა.
და რაც ალერსი და დროს გატარება მოუსავლობამ წაართვა ახალგაზრდობას, ის უნდა აენაზღაურებია ამ დამათრობელ დღე-ღამეს. კდემა-მოსილ სოფლის ორღობეში არასდროს არ ყოფილა ამდენი ფეხაკრეფით სიარული. ადამიანის ამდენ აჩრდილს თავის დღეში არ გადაურბენია განათებული ველი რომ შერეოდა ტყეს, და ძაღლებს ამდენჯერ თავის დღეში არ შეუცვლიათ ბრაზმორეული ყეფა მხიარული წკმუტუნით, რაზედაც გაისმოდა ფუჩუნით წყევლა:
- შენი ყეფაც დასწყევლა ღმერთმა და ლაქუციც!
* * *
ფარნაოზა მარგველაძემ მეათასეჯერ ჩამოთვალა, თუ რით შეეძლო ხელი მოეცვალა, და დაკვირვებით უყურებდა ეზოს კუნჭულში უხსოვარ დროიდან უცვლელად მდგომ უკვე შემობერებულ ცაცხვს; ივარაუდა, რომ ქვედა ტოტებიდან ჩამონაჭერ-ჩამონახერხიდან ორი ურემი ნაპობი გამოვიდოდა, ზევითა ტოტებიდანაც შეაკოწიწებს კაცი ერთ-ორ ურემს წვრილ შეშას; ფიცარიც იქნება ერთი ათი, მარა ძირი ფუღურო აქვს თუ არა? თუ არა აქვს კიდო დიდი ბედი, გობებს ახდის კაცი, მარა თუ შიგ ჩამპალა, და წყეული ვასაკა ზის... მაშინ... მაშინ ნახევარი შრომა ჩაივლის... დიდი შრომა უნდა... დამხმარე... ეს ჩემი ბიჭი მაინც მომსწრებოდა იმხელა, რომ ბირდაბირი გაეწია... ეჰ!
ამ ფიქრებში გართულმა მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება ჭიშკარს, როცა იგი ჭრიალით გაიღო, და შიგ ჩამოვიდა ურემი. ურემზე იჯდა ქალი. ქალს ეჭირა ბავში; ხარებს პატარა უცნობი ბიჭი მოუძღოდა, და ურმის გვერდით, ქალის მახლობლად, მოდიოდა... ჯერ ფარნაოზმა ვერ იცნო: სოფელში უჩვეულო ნიშნიანი ქუდი... მაზარა, და ამ მაზარაზე რკინის სალტიანი ფართე ტყავის სარტყელი... ძმა, ძმა პარმენა... ათ წელზე მეტია, რაც გადაკარგულია; საჩოთირო ხმები მოდიოდა: ხან მოხელე გახდა და გადიდკაცდაო, ხან კი მშიერ მწყურვალი გლახაკად დადის რკინის გზის სადგურებზეო.
* * *
არც ერთი არ გამოდგა მართალი, - მდიდარი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამათხოვროც არა უჭირდა რა: გლეხის პირობაზე მეტად კარგათაც ეცვა (ლაფჩინები!) და ურემზედაც ბევრი რამ ეწყო.
ძმები სიყვარულით გადაეხვიენ ერთმანეთს.
ელისაბედი თავსაფრის სწორებით გამოვარდა, და პატარა დამხდური ბიჭიც მაზე უფროსს, მაგრამ მაინც პატარა ბიჭს, ხარის მომყოლს, აეტორღიალა.
პარმენმა ძმასა და რძალს თავისი ცოლი გააცნო, და ორი რძალი „ შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე “ -ს წამ-და-უწუმ განმეორებით მაშინვე შეუდგენ ბარგის ურმიდან ჩამოღებას, ვახშმის სამზადისსა და სხვა.
მამა-კაცებმა მხოლოდ დიდი მაფრაშა ჩამოიღეს და მერმე, ერთმა ყალიონის წევით, მეორემ ჩხირის თლით ნაწყვეტ-ნაწყვეტათ უამბეს ერთმანეთს გრძელი, ათი წლის ცხოვრების ჭირვარამი.
ელისაბედმა კეცები დააფიცხა, ხოლო ახლად მოსულმა მართამ თუნუქში მოდუღებული ჩაით ენა დაუწვა, მაგრამ ბოლოს მაინც პირი ჩაუტკბილა ასეთ სასმელს უჩვეულო მასპინძლებს. ფარნაოზის პატარა ბიჭი, შაქრო, დიდხანს ითვლიდა ამ დღეს დროის აღმნიშვნელ საზღვრად.
- მაინც რა ამბავია ქალაქში? - ეკითხებოდა პარმენს ძმა.
- რა ვიცი, ფარნაოზ ჩემო, ამბობენ მიწებს დაურიგებენ ხალხსო... გადასახადი არ იქნებაო.
- მერე ხელმწიფე