მზე სახურავზე
ჩვენ სახურავზე ვიპარებით
თითისწვერებზე –
საფეხურები მორყევია დამტვერილ კიბეს.
ჩვენ ვიპარებით ბავშვობაში,
სადაც ჯერ კიდევ
ცას შერჩენია სილურჯე და ის ვარსკვლავები,
რომელსაც უკვე იშვიათად,
ან ვეღარც ვითვლით.
ჩვენ ვიპარებით სახურავზე – გულს ბაგაბუგი
ისე გაუდის, თითქოს ისევ მიშლიდეს რაღაც,
ან გადმოვარდნის მეშინოდეს,
ძილის დრო იყოს,
მე კი ჯიუტად მივყვებოდე სიბნელეს მაღლა.
ახლა დღეა და
ღამის ნაცვლად ირგვლივ მზე მაკრავს,
ფეხსაცმლის ქუსლი ეწებება გამდნარ სახურავს,
შემთხვევით ფეხი არ დამიცდეს,
ფიქრობ ალბათ და
საკუთარ ხელებს,
როგორც საბანს, მხრებზე მახურავ.
მე ჩუმად ვდგავარ,
ჩუმად ვისმენ შენს წყვეტილ სუნთქვას –
სუნთქვას გამთბარს და
სუნთქვას ნაცნობს, არათანაბარს.
თვალებს ვხუჭავ და
მზის წრეებში ვხედავ ამ ქუჩას –
უცნობი ხალხით, მანქანებით, ძველი სახლებით,
ვხედავ ზემოდან ჩემს ქალაქს და
ვხედავ ჩვენს ჩრდილებს,
შენს ხელს ჩემს მხრებზე –
როგორც შველას, როგორც საჩუქარს.
საჩუქარს – ასე მოულოდნელს, ასე საჭიროს,
რომელიც უცებ მომაშველე –
უკვე მეორედ.
შენს წყვეტილ სუნთქვას მოაქვს რაღაც უცხო სიტყვები –
გაურკვეველი, უცნაური,
მაგრამ სანდო და
თანდათან ვარკვევ იმ სიტყვების
აზრს და გემოსაც
და ჭკუას ვკარგავ,
ისე მინდა, ვიტირო ახლა,
ისე ვიტირო, გადავფარო შენი სუნთქვაც და
ყველა იმ სიტყვის მნიშვნელობაც,
ქუჩის ხმაურიც.
ქუჩის, რომელსაც ჩვენ ზემოდან
ფრთხილად დავყურებთ –
ქვაფენილით და
გულისწყვეტით მძიმედ მოკირწყლულს –
რომელმაც ეს დღე სიზმარივით გამომიწოდა
და საიდანაც დავბრუნდები უკან და
დაბლა.
ხვალიდან, როცა
ამ სახლს, ალბათ, ხშირად ჩავუვლი,
თვალში მეცემა სახურავზე თეთრი ბანერი –
სიცარიელე,
რომლის იქით ვიწრო კიბეა
დამტვერილი და მორყეული საფეხურებით.
და მე ვიცი, რომ ის ხის კიბე
სახურავიდან
კიდევ უფრო შორს – სადღაც ზემოთ მიემართება.
დიასახლისები
ჩიტები მავთულზე გამწკრივდნენ –
დილაა.
სარეცხის თოკები ოდნავ ირწევიან.
თოკზე გაფენილი აქვთ დიასახლისებს
უძილო ღამე და
უსამსახურობა.
იმედი,
ეჭვი და
მეზობლის ჭორები,
შური და
აქა-იქ, როგორც სათნოება,
როგორც სინანული
ან ვალდებულება –
სხვისი შებრალებაც.
ხან გემრიელი და ხან მლაშე სადილი,
გულგატეხილობა, ცრემლი და სურვილი,
ხან გაშლილ სუფრაზე დაღვრილი ღვინო და
ზოგჯერ –
მითქმა-მოთქმა და მიეთ-მოეთი.
დილაა.
ფოთლები ოდნავ ირხევიან.
დილაა.
ეხება სიჩუმე სივრცეს და
ხმაური გამოდის მეზობლის ფანჯრიდან.