ფრ¢ენა პასუხები ბეგბედერს
გამომცემლობა ინტელექტი
თბილისი
თანამედროვე ფრანგი მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის „ექსტაზი“ რამდენიმე წლის წინათ წავიკითხე. ექტაზის, ეგრეთ წოდებული „სიყვარულის აბებით“ დაბინდულ გონებაზე დაწერილი ყველა ნოველა სწორედ ამ სიყვარულის შეუძლებლობაზე მოგვითხრობს, ადამიანების კოლექტიურ მარტოობაზე, ჩვენს უდროო დროზე, რომელსაც თანამედროვეობის მნიშვნელოვანმა ფიგურამ, ასევე ფრანგმა მწერალმა მიშელ უელბეკმა „დასავლური თვითმკვლელობის ჟამი“ უწოდა.
ბუნებრივია, რომ ასეთ ჟამს ყველაზე მეტი კითხვა ისმება. ამ კითხვების კორიანტელში დგას ადამიანი, რომელსაც ვერ გაურკვევია რატომ მოვიდა სამყაროში, რატომ არ ჰყავს თანამგრძნობი, რატომ არაფერი იცვლება, რატომაა გარდაუვალი სიკვდილი, რატომაა დაკარგული სამოთხე და მიუხედავად იმისა, რომ მიწას ყოველწამიერად წყდებიან მგზავრებით სავსე თვითმფრინავები, რატომ არის ცა მაინც ასე მიუწვდომელი.
ბეგბედერის „ექსტაზის“ პირველი ნოველაც სწორედ ჰაერში ქაღალდის თვითმფრინავებივით უმისამართოდ გაშვებული კითხვებია. ეს კითხვები თითქოს არ ითხოვენ პასუხს, მაგრამ ამავე დროს თითოეული მათგანი წააგავს ქალაქის მტვერში წაქცეული ბავშვის ტირილს, ხმას, რომელიც არავის ესმის და რომელიც ურბანული სამყაროს ტექნიკურ ხმაურში ჩაკარგულა.
არადა, ყველაფრის მიუხედავად, ფრანგი მწერლის ამ კითხვებს მაინც მოყვა პასუხი. არა უბრალოდ ექო, არა ინტერპრეტაცია, არამედ სწორედ პასუხი! ქეთი ნიჟარაძის 19 ლექსი პასუხი 19 ყველაზე რთულ კითხვაზე.
და სწორედ აქ, ამ პასუხებში, პროზისა და პოეზიის ამ უცნაურ დიალოგშია „შეხვედრების ლირიზმიც“ და „განშორების მელანქოლიაც“, საკუთარი თავისგან გაქცევის ცდაც და საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობაც, ამ პასუხებში სწორედ ის მუსიკაა, რომელმაც უნდა გადაფაროს ქუჩის გამაყრუებელი ხმაური და დაკარგულ ბავშვებს მამა აპოვნინოს. ამ ლექსებში ბეგბედერთან ერთად ჩვენ ყველას გვპასუხობენ, რომ ნამდვილად ღირს ფეხშიშველი გავუყვეთ მიწას, რათა „ჩვენი ფეხის ნაკვალევი დავტოვოთ მშვიდად“, „მივუახლოვდეთ დედამიწას იქნებ როგორმე“. რომ იასამნისფერ პლასტმასის სკამზე ჩაძინებული მაწანწალები არ გარბიან არა იმიტომ, რომ გასაქცევი არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ „პლასტმასისვე შემოსაზღვრულ სიზმრებს ხედავენ“, რომ Gucci-ს Envi მხოლოდ სარეკლამო აბრა კი არ არის, სადაც ერთმანეთს შორდებიან, არამედ მოგონებაა... სუნია, რომელიც ხელჩანთით გვიტარებია... რომ „ქიმიური არდადეგები“ რომ არა, არ იარსებებდა არც სიყვარულის ალქიმია. რომ ჩვენი ხმა არ იკარგება, ის „მოგზაურობს და ენარცხება სიბნელეებს კორპუსებს შორის“. ქალაქების გამოცვლით ცხოვრება არ იცვლება და რომ „კოლექტიურ ლოდინზე გვაქვს აღებული თითო ბილეთი“. და რომ ზოგჯერ მართლაც ღირს ვამჯობინოთ „ერთი სურვილი მთელი ცხოვრების ჯიუტ მიზნებს, ჯიუტ ოცნებებს“... „რომ ამ სურვილმა მიწის მცირე ნაგლეჯს მიგვაკრა“. პოეზია კი ყველგანაა... იქაც კი, სადაც ყავა ავტომატისაა, ფრთები – მეტალის, გრძნობები კი უკვე გამქრალი..
ჩემი აზრით, ქეთი ნიჟარაძის ეს ლექსები ამავე დროს წააგავს სიზმრებს. უფრო სწორად, სიზმარში ფრენას. ფრენას, როგორც ულმობელი ცხადიდან გასვლას, გაქცევას და ინტროვერსიას... და რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს აქვს ახდენის შანსი. ეს ხომ ამავე დროს გულწრფელი საუბარია საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, ტკივილებზე, სიყვარულზე, რომელიც თურმე აქაც და ახლაც შესაძლებელია და თუკი ასეა, ბატონო ფრედერიკ, რა საჭიროა ექსტაზის კაფსულა? ლიტერატურა ხომ ამისთვის არსებობს, რომ კითხვები დავსვათ, მერე ვუპასუხოთ და ერთმანეთს ჩვენი ასე ერთნაირი და ასე სხვადასხვაგვარი ცხოვრება ვუამბოთ.
თეონა დოლენჯაშვილი